• Ƀ/$

ფერმერები თხილის კარგ მოსავალს ელოდებიან

12 ივლისი 11:04 | ეკონომიკა

სოფლის მეურნეობის სამინისტროში სათათბირო საბჭოს შეხვედრაზე თხილის მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი საპროგნოზო მაჩვენებლები, ექსპორტის სტატისტიკა და დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობა განიხილეს. 

საბჭოს შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხელმძღვანელობდა.


„თხილის კულტურა, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყაროა. გასულ წელს, ფერმერებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად, სამინისტრომ ინტენსიური ღონისძიებები განახორციელა, რომ  წელს თხილის უკეთესი მოსავალი და, შესაბამისად, შემოსავალი გვქონოდა. ბოლო პერიოდში, დაგროვდა დიდი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მავნებელთან ბრძოლის კუთხით. აღნიშნული მნიშვნელოვნად დაგვეხმარება მომავალში კიდევ უფრო ეფექტიანი ღონისძიებები განვახორციელოთ, რაც  ხარისხიანი მოსავლის მიღების წინაპირობა იქნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


სათათბირო საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობა და მავნებლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები. 


როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, აზიურ ფაროსანასთან  კოორდინირებულმა მუშაობამ, მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ერთი მხრივ, ეს არის მავნებლის გავრცელების მკვეთრად შემცირება, ხოლო მეორე მხრივ, ფერმერების გაერთიანება, რაც ხელს შეუწყობს და გაამარტივებს როგორც მოსავლის რეალიზებას, ასევე პროდუქციის მიკვლევადობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსავლის აღება-დაბინავება-რეალიზაციის პროცესი შეუფერხებლად და ორგანიზებულად წარიმართოს. ყურადღება გამახვილდა თხილის ფასზე, რომელიც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მის ხარისხზე. მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად კი, აუცილებელია მოსავლის შენახვის პირობები იყოს  დაცული. 


შეხვედრაზე თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მერაბ ჭითანავამ აღნიშნა, რომ ასოციაციის მთავარი ამოცანა თხილის მოსავლის გადარჩენაა. მიუხედავად იმისა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით შედეგები პოზიტიურია, მნიშვნელოვანია ფერმერებმა ბოლომდე მიიყვანონ წამლობის ღონისძიებები, რადგან თხილის მაღალი ხარისხი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.


2010-2014 წლებში თხილის ექსპორტი 75-დან 183 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა შემდეგ ფაროსანამ და სხვა მავნებლებმა მოსავლიანობა და ხარისხი შეამცირეს, რამაც ექსპორტის $70 მლნ-მდე ვარდნა გამოიწვია.


მსგავს თემაზე:

აზიურ ფაროსანასთან და სოკოვან დაავადებათა საწინააღმდეგო ღონისძიებებზე 45 მლნ დაიხარჯება



სხვა სიახლეები