• Ƀ/$

„სად წავიდეთ?“ - სადმე!

12 ივლისი 15:24 | მედია ბიზნესისთვის - M2B

მეგობრები განტვირთვას როცა აპირებენ, კითხვას – "სად წავიდეთ?" გვერდს ვერ აუვლიან. წასასვლელი ბევრია, მაგრამ პირველი პასუხი არის "სადმე...". სწორედ ეს პასუხი აქციეს სტარტაპად ნათიამ და ალექსანდრემ.

– გვიამბეთ თქვენს შესახებ, ვინ ხართ და რას საქმიანობთ?


ალექსანდრე: ალექსანდრე და ნათია. ანტერპრენერები. გვიყვარს მოგზაურობა, თავგადასავლები, წითელი ღვინო და ერთმანეთი. მე  ფინანსების სფეროში ვმუშაობ, ნექსიას ფინანსისტი ვარ, ნათია ტურიზმის სფეროში, პროდუქტის განვითარების მენეჯერი.


– როგორ დაიბადა იდეა „სადმე“?


ნათია: დიდხანს არ გვიფიქრია ამ იდეაზე, ასე სპონტანურად ერთ საღამოს გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე ხშირად დასმული კითხვისთვის „სად წავიდეთ?“ ჩვენ თვითონ გაგვეცა პასუხი და eco friendly კოტეჯის მშენებლობა დავიწყეთ. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ რაღაც 3 თვეში სადმე წამსვლელთათვის იდეალური ლოკაცია შევქმენით აქვე, თბილისთან ძალიან ახლოს, სულ რაღაც 70 კმ-ის დაშორებით, სიონის ტბის პირას.  მიუხედავად იმისა, რომ „სადმე“ მხოლოდ 3 თვეა, რაც გაიხსნა, უამრავი ადამიანის მასპინძლობა მოასწრო და მათი შეფასება ჩვენი მოტივაციის მთავარი წყარო გახდა.


– როდის და როგორ დაიწყეთ ამ იდეის რეალიზება?


ალექსანდრე: მიწა სიონში მარტში ვიყიდეთ, აპრილიდან უკვე მშენებლობა დავიწყეთ, ახლა რასაც სადმე ხედავთ, მოკლებული დროსტარების, წიწიბურის იძულებითი დიეტის, ელიავაზე სირბილის და ახლობლების და მეგობრების უანგარო დახმარების შედეგია.


– როგორ მოიძიეთ ფინანსები „სადმესთვის“?


ნათია: ჩვენი პირადი დანაზოგი გავაერთიანეთ და ბანკიდან სესხი გამოვიტანეთ, დიდი შრომა და ძალისხმევა ჩავდეთ „სადმეს“ მშენებლობაში და 3 თვეში ტრიალი მინდორი ძალიან მაგარ ადგილად გადავაქციეთ. ძველ ნივთებს ჩავუტარეთ რესტავრაცია და სრულიად ახალი სახე შევძინეთ. ყველა დეტალი, რასაც აქ ხედავთ, ჩვენთვის ძალიან ძვირფასია, ჩვენი სტუმრებიც ხედავენ ამას, აფასებენ და უფრთხილდებიან ისე, როგორც საკუთარს. 


– რა პრინციპებით შეარჩიეთ ადგილმდებარეობა?


ნათია: ლოკაციის შერჩევისას მთისა და ტბის კომბინაცია იყო გადამწყვეტი ფაქტორი და შემდეგ თბილისთან სიახლოვე, იქიდან გამომდინარე, რომ აქ ვმუშაობთ და თან საკმაოდ დატვირთული რეჟიმით - ძალიან გაგვიჭირდებოდა შორ მანძილზე ყოველდღიურად სიარული (იმ ფაქტს თუ გავითვალიწინებთ, რომ სრულად ვიყავით ჩართული ყველა სამშენებლო პროცესში). სიონში ჩვენც ხშირად ვისვენებდით და ვერც წარმოვიდგენდით, რომ ერთ დღეს მასპინძლის ამპლუაში გადავინაცვლებდით, მაგრამ „სადმეს“ იდეამ გაამართლა.


– რამდენ დამსვენებელს იტევს კოტეჯი?


ალექსანდრე: კოტეჯში მაქსიმუმ 4 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარაა (30კვ.მ), კარგად შევძელით სივრცის ერთმანეთისგან გამოყოფა. ანტრესოლზე გვაქვს საძინებელი (პანორამული ხედით სიონის ტბაზე, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდა), ქვედა სართულზე მისაღები ოთახი, სამზარულოს კუთხე და სააბაზანო. „სადმე“ იდეალურია წყვილებისთვის, მათთვის, ვისაც ქალაქიდან შორს და ოჯახთან ერთად უნდა მშვიდად დროის გატარება. ჩვენს სივრცეს წვეულებებსაც ვუთმობთ, აქ პირველი წვეულება ჩვენი ქორწილი იყო, მას შემდეგ უამრავი ხელის მოწერის და დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულება მოეწყო.


– როდის არის დამსვენებლების ყველაზე დიდი ნაკადი?


ნათია: დამსვენებელთა ყველაზე დიდი ნაკადი ივლისის ბოლოსა და აგვისტოზე მოდის. აგვისტოს თვე უკვე სრულად დაჯავშნილია, ივლისში მხოლოდ 3 დღე დაგვრჩა თავისუფალი შუა კვირაში, ჩვენი დამსვენებლების პოზიტიური შეფასება და დაჯავშნის მსურველთა დიდი რაოდენობა მოტივაციას გვაძლევს, გავაგრძელოთ ჩვენი საქმე ისეთივე შემართებით, როგორითაც დავიწყეთ.  


– როგორია ბიზნესის განვითარების პერსპექტივა, ხომ არ გეგმავთ მსგავს ლოკაციებზე ასეთივე კოტეჯების ჩადგმას?


ალექსანდრე: ესაა ზუსტად ჩვენი მთავარი მიზანი -  ჩვენს სტუმრებს „სადმე“  წასვლის უფრო მეტი ალტერნატივა შევთავაზოთ. აქვე გეტყვით, რომ „სადმეს“ შემდეგი კოტეჯი აბასთუმანში იქნება. ასევე, ვგეგმავთ, სიონის ტბაზეც დავამატოთ კოტეჯი.


– როგორია სამომავლო გეგმები?


ნათია: გაფართოვებაზე ალექსანდრე უკვე გესაუბრათ. ასევე გვინდა მზის კოლექტორების გამოყენებით გათბობის სისტემის მოწყობა ჩვენს კოტეჯებში. ერთი სიტყვით,  Eco friendly living-ის პროპაგანდა.


ავტორი: თინათინ ლუხუტაშვილი   #მედიალაბორატორია


სხვა სიახლეები