• Ƀ/$

რუსეთის გერბით შემკული შანდლები ქართულ ეკლესიებში

15 ივლისი 17:04 | ანალიტიკა

"პრორუსული", "პროდასავლური" – ტერმინები, რომლებიც ქართული პოლიტიკის დინამიკის მთავარი შემადგენელია. ამ ფონზე, უცნაურად გამოიყურება ერთი კონკრეტული ფაქტი – ზარზმის მონასტერში რუსეთის სახელმწიფო გერბებით შემკული შანდლები.

საქართველოში „ერთმორწმუნეობა“ 2 საუკუნეზე მეტია სავაჭრო თემადაა ქცეული. არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი მტერია, მაგრამ ერთმორწმუნეობის გამო ნაკლები ზიანი მიაყენა ქვეყანას, ვიდრე ირანმა ან თურქეთმა, რაც მტკნარი სიცრუეა.


საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოაცხადა და ამ ხნის შემდეგ მისი დაცვა ხშირად ხმლით უხდებოდა. სარმწუნოების არ შეცვლის გამო ადამიანებს აწამებდნენ და გადასახადებს უზრდიდნენ, მაგრამ არც ერთ სხვა სახელმწიფოს, არც არაბეთს, არც მონღოლეთს, არც სპარსეთს და არც ოსმალეთს საქართველოსთვის ავტოკეფალია არ გაუუქმებია, სმაგიეროდ 1811 წელს პოლიტიკურად უკვე ანექსირებულ საქართველოში „ერთმორწმუნე“ რუსეთმა გიორგიევსკის ტრაქტატის, იმ დროინდელი საერო და საეკლესიო კანონმდებლობის უხეში დარღვევით, საქართველოს გაუუქმა V საუკუნეში მოპოვებული ავტოკეფალია და სამოციქულო ეკლესია საეგზარქოსოდ აქცია.


იმ დროს როცა მოსახლეობის 99%-ისთვის რუსული გაუგებარი იყო, ეკლესიებში წირვა-ლოცვა რუსულად დაკანონდა. კათოლიკურ ეკლესიაში პროტესტანტული განხეთქილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ენა გახდა, გერმანიში ლათინური არ ესმოდათ. თუმცა ენობრივი ბარიერი არ ყოფილა ერთადერთი პრობლემა. უძველესი ქართული ტაძრის ფრესკები კირით შეათეთრეს, მოოქროვილი ხატები კი გაძარცვეს. გარდა ამისა აღსარების თქმა უკვე აღარ იყო უსაფრთხო. სასულიერო პირების ნაწილი საიდუმლო პოლიციის აგენტი გახდა.


1917 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე 1 წლით ადრე ავტოკეფალია ეკლესიამ გამოაცხადა, რაც ისეთივე ხანმოკლე აღმოჩნდა, როგორც თავად საქართველოს სუვერენიტეტი. სულ რაღაც 3 წელიწადში დაიხურა, დაინგრა, თავლად, საწყობად ან აბანოდ გადაკეთდა 1500-ზე მეტი ეკლესია. დახვრიტეს მიტროპოლიტი ნაზარი, დაპატიმრებული იყო კათოლიკოსი ამბროსი ხელაია. საბჭოთა რეჟიმმა 80-ზე მეტი სასულიერო პირი დახვრიტა. დაპატიმრებულების, განდევნილებისა და გადაბირებილების რაოდენობა გაცილებით მაღალია.


კიდევ ერთი მითის მიხედვით, 1943 წელს სტალინი ღმერთისკენ შემობრუნდა. სინამდვილეში ამ წელს საბჭოთა დიქტატორმა ეკლესია თავის სამსახურში ჩაიყენა, რაც შუა ომის დროს პროპაგანდის ეფექტიანი იარაღი გამოდგა. დახურული ეკლესიების ნაწილი გაიღო. რუსეთის საპატრიარქომ 1811 წლის შემდეგ პირელად საქართველოს საპატრიარქოს ავტოკეფალია აღიარა, ეკლესიის, რომელიც ამბროსი ხელაიას შემდეგ უკვე აღარ იყო ავტოკეფალური და რომლის წიაღშიც ყველაფერს НКВД აკონტროლებდა, რაც შემდგომ КГБ-მ – სუკ–მა ჩაანაცვლა. საბჭოთა მმაღველობის მიწურულს სუკის არქივის ნაწილი გაიტანეს, დარჩენილი დოკუმენტაცია კი 1992 წელს ცეცხლს მისცეს, გადარჩა მხოლოდ დოკუმენტების მცირე ნაწილი, მაგრამ ამ მცირე ნაწილითაც არაერთი სასულიერო პირის, მათ შორის მაღალიერარქიული სასულიერო პირის აგენტობა დასტურდება.


დღესაც კი, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 28 წლის შემდეგ, სხვადასხვა რანგის სასულიერო პირები ამბიონიდან ირიბად ან პირდაპირ რუსულ პროპაგანდას ეწევიან. ზოგი აცხადებს, რომ რუსეთი მტერია, მაგრამ ამერიკა უარესი მტერია, ზოგი კი პირდაპირ წყევლის რუსეთის მგმობელებს. პრორუსული და ანტიდასავლური განცხადებები კი, როგორც წესი, ეროვნულობის ნიღბით იფარება.


დამოუკიდებლობის 28 წლიან პერიოდში საქართველოს ეკლესიამ მეტ-ნაკლებად ყველა ხელისუფლებასთან გამონახა საერთო ენა, გამსახურდიას გარდა.


"ერთმორწმუნეობაზე" საუბრისას უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსკოვის ცენტრში დღემდე დგას ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღვთისმგმობელის - ლენინის მავზოლეუმი.


ფოტოზე მარცხნივ საბჭოთა პერიოდში დახვრეტილი სასულიერო პირების არასრული სიაა, ხოლო მარჯვნივ შანდალი რუსული გერბის ორნამენტებით, რომელიც ქართულ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში დგას, რომელიც სამცხე–ჯავახეთში, აბასთუმნის სიახლოვესაა აღმართული. როგორც ფოტოზე ჩანს, შანდალი უხვადაა შემკული რუსეთის სახელმწიფო გერბებით. ეს იმ პირობებში, როდესაც საქართველო ნამდვილად არ განიცდის მეშანდლეების, ზოგადად, ლითონის ნაკეთობებზე მომუშავე ოსტატების ნაკლებობას.



მსგავს თემაზე:

2008 წლის ომის გამო დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქის დანაკარგი თვეში 170 ლარს შეადგენს


2008 წლის ომის დროს გარემოზე მიყენებულმა ზარალმა 1 მლრდ-ს გადააჭარბა


რა დავუპირისპიროთ რუსული საინფორმაციო არმიის აღჭურვილობას?


რა დავუპირისპიროთ რუსული საინფორმაციო არმიის აღჭურვილობას? (ნაწილი II)



სხვა სიახლეები