• Ƀ/$

„ნენსკრა ჰიდრო“ – ერთი ინვესტიციით გადაჭრილი უამრავი პრობლემა

16 ივლისი 12:38 | ინტერვიუ

სვანეთში, ნენსკრას ხეობაში, „საუკუნის პროექტი“ შეიძლება ეწოდოს ჰეს–ის მშენებლობას, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია.

პროექტს, რომელსაც „ნენსკრა ჰიდრო“ აწარმოებს, უშუალოდ ჰიდროელექტროსადგურის კაშხლისა და გვირაბის მშენებლობის გარდა, მრავალი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური განშტოებები აქვს. ამ მიმართულებებით ინვესტორები ჭუბერსა და ნაკრას ფარავენ. ამას ემატება საგადასახადო ვალდებულებები, რომელსაც ინვესტორი კომპანია ატარებს – ქონების გადასახადის სახით ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებში „ნენსკრა ჰიდროს“ ლომის წილი მიუძღვის.


სვანეთისთვის ნენსკრა ჰესის მშენებლობის მნიშვნელობაზე და პროექტთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე M2B მესტიის მუნიციპალიტეტის მერს კახა ჟორჟოლიანს ესაუბრა.


– ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს „ნენსკრა ჰიდრო“ გათავისუფლებულია გადასახადებისგან და ადგილობრივ ბიუჯეტში ამ კომპანიას არაფერი შეაქვს. თქვენ როგორ აფასებთ მის სამქიანობას გადსახადების კუთხით?


– 2017 წლიდან დღემდე „ნენსკრა ჰიდროს“ ადგილობრივ ბიუჯეტში გადასახადების სახით შემოტანილი აქვს 8 მლნ ლარი. ეს გადასახადები არის ორი სახის: ერთი - ქონების გადასახადი, ანუ მიწის მოსაკრებელი და მეორე - წლის განმავლობაში შექმნილი ქონების გადასახადი. 1,3 მლნ ლარი არის ის უცვლელი ფასი, რასაც კომპანია სახელმწიფოს მიერ გადაცემული მიწებისთვის იხდის, რომლის საბაზრო განაკვეთი არის 18 თეთრი და მას იხდის იქამდე, სანამ ჰესი არ აშენდება. მას შემდეგ, რაც უკვე ეს ტერიტორია წყლის ქვეშ მოექცევა, გათავისუფლდება გადასახადისგან. საქართველოს კანონმდებლობაში, საგადასახადო კოდექსში დევს დებულება, რომ როცა მიწა იტბორება, თავისიფლდება გადსახადისგან. მაგრამ, ამ დროს უკვე ემატება მთლიანი ქონების გადსახადი. პირველ წელს მისი ოდენობა იყო 1,2 მლნ, შარშან 2,6 მლნ , წელს კი ამ ეტაპისთვის გადახდილი აქვთ 2,2 მლნ ლარი ქონების გადასახადი და ნოემბერში კიდევ ველოდებით 1,2 მლნ-მდე გადასახდელს.


- რამდენია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წლიური ბიუჯეტი და რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის ფარგლებში არსებული შემოსავლები?


– მთავარია იმის გაგება, თუ რაში უწყობს მუნიციპალიტეტებს ხელს ასეთი ჰესების მშენებლობა. 2012 წლის ბოლოს ჩვენი ბიუჯეტი იყო 4,2 მლნ ლარი, ხოლო ახლა მხოლოდ ნენსკრას შემოაქვს 2,8 მლნ. ფაქტობრივად, 2012 წლის ბიუჯეტის ნახევარი დღეს მხოლოდ 1 ჰესიდან შემოდის ყოველწლიურად ბიუჯეტში, ანუ საკუთარი შემოსავლების უკვე 60-70% შემოაქვს ნენსკრა ჰესს. ბიუჯეტი 5 მლნ ლარის მოულობით გვაქვს დაგეგმილი, საიდანაც 3 მლნ შემოაქვს ამ პროექტს. ეს არის ჩვენი, მუნიციპალიტეტების განვითარების საკითხი. ჩვენ ყოველწუთას ხელი არ გვაქვს გაწვდილი პატარა პროექტებისთვის. რაც ნენსკრა ჰესის გადასახადი შემოვიდა, იმ წელსვე დავიწყეთ პირველკურსელი სტუდენტების დაფინანსება. ყველას, ვინც ჩვენთან ამთავრებს სკოლას და უნივერსიტეტში ირიცხება, 1000 ლარით ვეხმარებით. მოგეხესენებათ, რომ 1-ელ კურსზე აკადემიურის აღება შეუძლებელია, ამიტომ ეს მათთვის მნიშვნელოვანი დახმარებაა. გეგმაში გვაქვს, რომ მომავალი წლიდან უკვე ბაკალავრის შემდგომი განათლებაც დავაფინანსოთ.


- სწავლის დაფინანსების გარდა, ატარებთ თუ არა კვლევებს, რომლითაც დაადგენთ, რომელი სპეციალობის ადამიანები დაგჭირდებათ მომავალში?


– ჩვენ ახლა ვამუშავებთ მუნიციპალიტეტის განვითარების გენგეგმას – ეს არის პირველ რიგში სივრცითი მოწყობის, ხოლო შემდეგ მესტიის, მულახისა და ზემო თემებში განაშენიანების რეგულირების გენგეგმა. ამ ნაწილში ჩვენ უკვე გვეცოდინება, როგორ უნდა განვვითარდეთ ამ კუთხით და დაგვჭირდება ისეთი სპეციალისტები, ვინც მის განხორციელებაში დაგვეხმარებიან. უკვე გვაქვს მყარი შემოსავალი, რომელსაც ჩვენი გეგმები და სურვილები თანხვედრაში მოჰყავს. უკვე აღარ გვიჭირს გადაწყვეტილებების მიღება, საკრებულოსთან შეთანხმებით, და შემდეგ უკვე პროცედურებს მივყვებით. ასე ნელ-ნელა ვვითარდებით. ჩვენი მუნიციპალიტეტი ერთადერთია საქართველოში, რომელსაც საკუთარი შემოსავლები გაუორმაგდა. თავდაპირველად ჩვენი ბიუჯეტი 800 000 ლარი იყო, დღეს კი უკვე 5 მლნ-მდეა. ეს ყველაფერი კი ჰესების ხარჯზე ხდება. ისინი ხელს უწყობს როგორც რეგიონის ისე ქვეყნის განვითარებას.


- ამის ფონზე, ხომ არ შემცირდა დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან?


– საბედნიეროდ, უკვე იმასაც მივაღწიეთ, რომ მიღებულ იქნა ახალი საბიუჯეტო კანონი, რომლის მიხედვითაც მშპ-ის 19% მუნიციპალიტეტებზე ნაწილდება და აქედან 0,34% არის ჩვენი წილი. ეს გადაწყვეტილება 3 წლის განმავლობაში არ გადაიხედება და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მშპ-ის მატებასთან ერთად თანხის მოცულობაც იმატებს. ახლა უკვე აღარ ველოდებით ჩარიცხვებს და დღგ-ს ნაწილი როგორც კი შემოვა, იმ დღესვე ჩვენს ანგარიშზე ჯდება.


- სტუდენტების დაფინანსების გარდა რაში იხარჯება თანხები, რომლებიც „ნენსკრა ჰიდროს“ გადახდებით აკუმულირდება ადგილობრივ ბიუჯეტში?


– ეს არის სკოლამდელი აღზრდა, განათლება, სპოტი, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ჩვენთან სულ 15 000–იანი სარეზერვო ფონდი იყო, დღესითვის კი მისი მოცულობა 180 000-მდეა გაზრდილი და სახელმწიფოს მანამდე არ მივმართავთ, სანამ მას არ ამოვწურავთ. მთლიანი ბიუჯეტის 3% ყოველთვის მიმართულია სტიქიური უბედურების დროს გამოსაყენებლად. ბევრ პრობლემას უკვე ადგილზევე ვაგვარებთ და ცენტრალური ხელისუფლებისთვის მიმართვა აღარ გვჭირდება. ჩვენივე თანხებით ვწმენდთ გზებს ზამთარში, ბავშვებს ავტომუსებით ვატარებთ სკოლებში. საბავშვო ბაღის პედაგოგების ანაზღაურება იყო 80 ლარი, რომელიც ჯერ 200 ლარამდე გაიზარდა. ახლა კი მინიმუალური ხელფასი 270 ლარი გაუხდათ და ამასთანავე ვგეგმავთ, რომ ყოველწლიურად 10%-იანი მატება იყოს ამ კუთხით. ბავშვის კვებაზე დღიურ კვებაზე 0,33 ლარი იხარჯდებოდა, დღეს კი უკვე 3 ლარს გადავაჭარბეთ.


- მიმდინარეობს თუ არა მუნიციპალიტეტის მხრიდან მოსახლეობასთან კომუნიკაცია ჰესის პროექტის მნიშვნელობაზე?


– ეს ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს. ჰესების წინააღმდეგ პირველი გამოსვლები ჩვენთან იყო, მაგრამ დღეს ის ადამიანები აღარ ჩანან. ვფიქრობ, მეტი ინფორმირებაა საჭირო იმისთის, რომ ყველა კითხვა იყოს პასუხგაცემული. ვერც ერთ კომპონენტში ჩვენ უარყოფითი მხარე ვერ ვნახეთ, რომ ამ ჰესის აშენებაზე უარი გვეთქვა. პირიქით, მაგალითად, მესტიაჭალა ჰესმა მდინარის კალაპოტი რეგულირებადი გახადა. წყლის გარკვეული ოდენობის მილში მოქცევა სტიქიის დროს ბევრ რისკს თავიდან გვაცილებს. მთავარია მდინარის კალაპოტში წყალი დარჩენს, დანარჩენი რესურსი კი სწორად უნდა გამოვიყენოთ.


მოსახლეობასთან კომუნიკაცია მუდმივად გვაქვს. ვერ ვიტყვით, რომ ჰესების საწინააღმდეგო განწყობები სრულად გამქრალია. არსებობენ გარკვეული ჯგუფები, მაგრამ მცირე რაოდენობის. ესეც მხოლოდ განსხვავებული აზრის არსებობის საკითხია.


- რა სარგებელს იღებს თქვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ჰესებიდან?


– მაგალითად, მესტიაჭალა ჰესიდან ჩვენ მივიღეთ სვანეთის კულტურის ცენტრი, რისთვისაც მუნიციპალური განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი იყო 15%. მესტიაჭალა ჰესმა ამ პროექტისთვის 600 000 ლარი მოგვცა და თვითონ გადაგვიხადეს იწ წილი, რაც ჩვენ მშენებლობისთვის უნდა გაგვეღო. გარდა ამისა, მესტიაჭალა ჰესსაც ჰქონდა სოციალური პროექტები და მოსახლეობას ეხმარებოდა. კომპანიას აქვს სხვადასხვა საგრანტო პროექტები და ის ყოველთვის მზად არის, დახვეხმაროს ჩვენ.


რაც შეეხება „ნენსკრა ჰიდროს“, მას გაცილებით დიდი გეგმები აქვს. უკვე გაფორმებული გვაქვს 3 მემორანდუმი. პირველი მექანიზაციას ეხება – ვთქვათ, მოსახლეს პრობელმა შეექმნა და ტექნიკით სჭირდება დახმარება. ის მიდის და აკეთებს განაცხადს, რის მერეც „ნესნკრა ჰიდროსა“ და მუნიციპალიტეტის წამომადგენელი მიდიან მასთან და ადგილზე სწავლობენ და უგვარებენ საჭიროებას. მეორე არის მიწის საკადასტრო-აზომვითი ნახაზების უსასყიდლოდ გაკეთება. ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, რადგან ისტორიული მფლობელობა მესაკუთრეობას არ ნიშნავს. რეგისტრაციის შემდეგ ადამიანებს უკვე შეუძლიათ ამ ქონების საფუძველზე დაიწყონ ბანკთან ურთიერთობა, ანუ ფულად წყაროზე გაუჩნდება წვდომა. ეს ასევე ხელს უწყობს კოოპერირების პროცესს. მესამე მემორანდუმი – ადგილობრივი მოსახლეობიდან დაახლოებით 80 ადამიანს ასწავლიან მექანიზატორობას, რის შემდეგაც ისინი სერტიფიცირებული სპეციალისტები ხდებიან. „ნენსკრა ჰიდრო“ ასევე იღებს ვალდებულებას, რომ ინვესტორი ამ კადრებს სამსახურში აიყვანს. გარდა ამისა, დაგვეხმარნენ საბავშვო ბაღების აღჭურვაში, ჭუბერში სპორტდარბაზების რეაბილიტაციას გვიკეთებენ, ასევე სტიქიის დროს სურსათით მოამარაგეს მოსახლეობა და ა.შ. ბევრი სახის დახმარებას გვიწევენ.


მოვა დრო, 10-15 წლის შემდეგ, როცა ეს თემები, შესაძლოა, თვითმმართველობები გახდნენ და მათ ბიუჯეტზე საზრუნავი უკვე აღარ ექნებათ, იმდენად დიდი შემოსავალი ექნებათ და სწრაფად განვითარდებიან.


- რა არის ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი პრობლემები?


– ერთ-ერთი პრობლემა არის ნაგვის გატანა, რისთვისაც ჩვენ ყოველწლიურად ვამატებთ ნაგვის ურნებს და ვზრდით დასუფთავების არეალს. სხვათა შორის, „ნენსკრა ჰიდროსგან“ შემოსავლები ამაშიც გვეხმარება. ჩვენ ადგილზე ნაგავს არ ვყრით, ვაგროვებთ მას და შემდეგ ნარჩენების სახელმწიფო კომპანიას მიაქვს ეს ყველაფერი და გზადაგზა ასევე ჩნდება ურნები, რომლებიც შარშან არ გვქონდა. შემოსავლების მიხედვით ჩვენ მომსახურების არეალსაც ვაფართოვებთ. ამ დროისთვის ამ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ 700 000 ლარი გვაქვს, როცა 5 მლნ-ია საჭირო, ამიტომ ჩემთვის პრიორიტეტი ტურისტული ზონები უფროა. ასევე რამდენიმე ადგილას გვაქვს სეპარირებული ურნებიც. გვჭირდება ასევე შიდა გზების რეკოსტრუქციები, რასაც დაახლოებით 1 მლრდ ლარი სჭირდება მთლიანად და ამჟამად მასზე მხოლოდ 1,5 მლნ-მდე შეგვიძლია დავხარჯოთ. დღეს ჩემი ამბიციაა მოვაწესრიგოთ წყალმომარაგება და კანალიზაცია ყველა სოფელში. საუბარია 17 თემზე, ანუ 163 სოფელზე. ამიტომ ეს ჩვენთვის არის პრიორიტეტი. რაც შეეხება გზებს, მინდა ვთქვა, რომ ტურისტების დაახლოებით 70% ფეხით სიარულს ანიჭებს უპირატესობას, რისთვისაც ბილიკები უკვე გაკვალულია და მათ ამ ადგილებში დაჰყვებიან გიდები. უკვე გვაქვს ადგილობრივი გიდების სერტიფიცირების დაფინანსების საშუალებაც და ამ სეგმენტსაც აქტიურად ვამზადებთ.


- გასართობი ადგილების რაოდენობის მხრივ როგორი მდგომარეობაა?


– გასართობი საშუალებები უნდა შექმნას კერძო ბიზნესმა. მე ვზრუნავ კულტურის გადარჩება-შენარჩუნებაზე. თუმცა, თუ ამ მიმართულების განვითარებას სახელმწიფო თავის თავზე აიღებს, ეს ჩვენ ხელს შეგვიშლის. ეს უნდა გაკეთოს ბიზნესმა. ამისთვის პირველ რიგში საჭიროა განვითარების გენგეგმის დამტკიცება. ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გვქონდეს განსაზღვრული, სად რა უნდა ავაშენოთ. უნდა შევინარჩუნოთ ადგილობრივი განაშენიანების უნიკალური სისტემა, რომელიც სვანეთის სოფლებში არსებობს. რაც შეეხება დამატებითი სივრცეების მშენებლობას, ეს უკვე ბიზნესის საქმეა და ყველას თამაშში მე ვერ ჩავერევი, მინდა გითხრათ. ეს არ იქნება სწორი.


მსგავს თემაზე:

ნენსკრა ჰესის გვირაბების გასაყვანი უახლესი დანადგარები უკვე საქართველოშია


ისტორიული საკუთრებიდან იურიდიულ სტატუსამდე – “ნენსკრა ჰიდრო“ სვანებს მიწის რეგისტრაციაში ეხმარება


ნენსკრა ჰესი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს ვერ გააძვირებს


„ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს



სხვა სიახლეები