• Ƀ/$

მთვარეზე პირველი დაშვებიდან 50 წელი გავიდა

20 ივლისი 11:00 | ტექნოლოგიები

ასტრონომიის მოყვარულებისთვის 20 ივლისი ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი თარიღია. 50 წლის წინ, 1969 წლის 20 ივლისს, მთვარეზე პირველი პილოტირებული მისია დაეშვა.

ვარსკვლავებიანი ცა პირველყოფილ ადამიანებსაც აოცებდა. ნაკაწრები გამოქვაბულზე, მზისა და მთვარის ღმერთების შექმნა, 7 დღიანი კვირა (მზე, მთვარე, მერკური, ვენერა, მარსი, იუპიტერი, სატურნი). ფოლკლორი და ეპოსი ციურ სხეულებზე. ხშირად მცდარი, მაგრამ დიდი შრომის შედეგად შექმნილი ცის რუკები და ნაშრომები... ეს ადამიანის მიერ ასტრონომიით დაინტერესბის არასაკმარისი მტკიცებულებების ნუსხაა.


XVI საუკუნეში, კოპერნიკამდე დედამიწა სამყაროს ცენტრად ითვლებოდა და ამ „ჭეშმარიტებას“ ეჭვქვეშ არავინ აყენებდა. არისტოტელეს დაშვებები უკვე დიდი ხნის მივიწყებული იყო. ამ დროს პოლონელმა მღვდელმა გაბატონებული მოსაზრება უარყო. მისი გამბედაობა მხოლოდ ინკვიზიციის შიშის დამარცხებას არ გულისხმობდა, მან მხოლოდ ეკლესიის კი არა „ჭეშმარიტების“ წინააღმდეგაც გაილაშქრა, რადგან შეუიარაღებელი თვალით მეფისთვისაც და გლეხისთვისაც ყოველ დილით მზე ამოდიოდა და საღამოს ჩადიოდა. მოძრაობის შეუგრძნობლად დედამიწის ბრუნვის დაჯერება მარტივი არ ყოფილა.


ჯორდანო ბრუნოსთვის ჰელიოცენტრული იდეის მტკიცებას ვერც 8 წლიანმა ტყვეობამ შეუშალა ხელი და ვერც ინკვიზიციის ალმა. საბოლოოდ ის ერეტიკოსობის ბრალდებით 1600 წელს დაწვეს.


ბრუნოს დაწვიდან 9 წლის შემდეგ, კიდევ ერთმა იტალიელმა მოაზროვნემ, გალილეო გალილეიმ ტელესკოპით ცას გახედა. უნდა აღინიშნოს, რომ ტელესკოპი გალილეის არ გამოუგონია, გამოგონების ავტორი ჰოლანდიელი მეცნიერი ჰანს ლიპერშია, თუმცა ლიპერშს მოწყობილობა ციკენ არ მიუმართავს.


გალილეიმ იუპიტერზე დაკვირვებისას მისი მთვარეები აღმოაჩინა, რომლებიც იუპიტერის გარშემო ბრუნავდა. გალილეიმ დასვა კითხვა თუ რაღაც მაინც დედამიწის გარშემო არ ბრუნავს, როგორღაა დედამიწა სამყაროს ცენტრი?



გალილეის შემდეგ სამყაროს შესწავლაში უმნიშვნელოვანესი წვლილი კეპლერმა და ნიუტონმა შეიტანეს.


თეორიული საბაზისო ცოდნის დაგროვების შემდეგ XX საუკუნეში ტექნოლოგიების განვითარებამ ასტრონავტიკაც დაბადა. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ კოსმოსის ათვისების დაწყებასთან, ისევე როგორც ბირთული იარაღის შექმნასთან ყველაზე ახლოს მესამე რაიხი იდგა, თუმცა ომში დამარცხებამ ვერმახტის გეგმები დაასამარა. ომის დამთავრებისთანავე როგორც მოსკოვიდან, ასევე ვაშინგტონიდან ნადირობა გაჩაღდა. მათმა ნაწილმა გერმანია ჯერ კიდევ 1933 წელს, ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლის შემდეგ დატოვა.


სპუტნიკის გაშვებამდე 11 წლით ადრე, 1946 წლის 24 ოქტომბერს ამერიკელებმა მოდერნიზებული გერმანული რაკეტის V2-ის მეშვეობით პირველად გაარღვიეს პირობითი კოსმოსური ზღვარი 100 კმ. (რაკეტა 105 კმ სიმაღლეზე ავიდა). 1947 წელს პირველი მწერი - დორისპალა მოხვდა კოსმოსში, 1949 წლის 14 ივნისს კი აღნიშნული პატივი უკვე მაიმუნს ხვდა წილად.



1957 წელს ორბიტაზე პირველი თანამგზავრის გაშვებით საბჭოთა კავშირმა კოსმოსურ შეჯიბრში დროებით აშშ-ის გადაუსწრო. უპირასტესობა 4 წლის შემდეგ, 1961 წლის 12 აპრილს იური გაგარინის კოსმოსში გაფრენით განმტკიცდა. ამ დროს აშშ-ის 35-ე პრეზიდენტმა ჯონ ფიცჯერლად კენედმა პირობა დადო, რომ ათწლულის ბოლოს ამერიკა მთვარეზე ფეხს დადგამდა. მთვარეზე ამერიკული დროში ფრიალს კენედი ვერ მოესწრო, თუმცა პირობა შესრულდა.



1969 წლის 16 ივლისს მთელი მსოფლიოს ყურადღება ფლორიდაში, კენედის სახელობის კოსმოდრომისკენ იყო მიმართული. Saturn V რაკეტის სტარტს პირდაპირ ეთერში 600 მლნ ადამიანი ადევნებდა. პირდაპირი ეთერი არ ჰქონია საბჭოთა კავშირს და მის სატელიტ ქვეყნებს.  


მთვარისკენ მიმავალი ეკიპაჟი 3 წევრისგან შედგებოდა: ნილ არმსტრონგი, ბაზ ოლდრინი და მაიკლ კოლინზი. ეს უკანასკნელი შესაძლოა გარკვეული თვალსაზრისით კაცობრიობის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უიღბლო ადამიანად მივიჩნიოთ, რადგან მან მთვარეზე ყოფნისას, მთვარეზე ფეხი ვერ დადგა, მას ხომალდის მართვა ევალებოდა. ეკიპაჟის სამივე წევრი 1930 წელს იყო დაბადებული. სამეულს 7 წლის წინ ნილ არმსტრონგი გამოაკლდა, პირველი ადამინი რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა 2012 წლის 25 აგვისტოს გარდაიცვალა.


Saturn V თვარეზე 20 ივლისს გრინვიჩის დროით 20:17-ზე დაეშვა. ნილ არმსტრონგმა მასზე ფეხი 21 ივლისს 02:56-ზე დააბიჯა და წარმოთქვა ცნობილი სიტყვები „ადამიანის ეს პატარა ნაბიჯი, დიდი ნახტომია კაცობრიობის ისტორიაში.“ 19 წუთში მას ბაზ ოლდრინიც მიჰყვა, მათ მთვარეზე 2 საათი და 15 წუთი გაატარეს, დატოვეს ნაფეხური და აღმართეს აშშ-ის დროშა.


  


მოგვიანებით ბაზ ოლდრინმა მედიასთან აღიარა, რომ აპოლოს მისიას სამეცნიეროზე მეტად პოლიტიკური დატვირთვა გააჩნდა და საბჭოთა კავშირზე უპირატესობის ხაზგასასნელად დაიგეგმა.


50 წლის წინ, კოსმოსის ათვისების კუთხით სრულიად სხვა, ბევრად უფრო ამბიციური მოლოდინები იყო. NASA-ს მარზე სტუმრობა 2003 წლისთვის ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ რადგან საბჭოთა კავშირმა კონკურენციას ვერ გაუძლო, უფრო მეტიც 22 წლის შემდეგ დაიშალა, გეგმები დაკორექტირდა. ამჟამინდელი კურსით 60-იან წლებში NASA-ს ბიუჯეტი $44 მლრდ-ს შეადგენდა, რაც იმდროინდელი ფედერალური ბიუჯეტის 4.4%-ს უდრიდა. დღეს დაფინანსება განახევრებულია, ფედერალურ ბიუჯეტთან ფარდობაში კი 10-ჯერაა შემცირებული.


საბოლოოდ მარსზე ვიზიტის ნაცვლად, 1969-1972 წლებში მთვარეზე მხოლოდ 6 მისია განხორციელდა, ექვსივე უდანაკარგოდ. მასზე დატოვეს წერილები, ითამაშეს გოლფი, აიღეს გრუნტის მასალა და ბოლოს მიატოვეს. ფრენების შეწყვეტის მიზეზად გაუმართლებელი ფინანსური ხარჯი დასახელდა. ახალი მისია მეცნიერული თვალსაზრისით უკვე აღარ იყო საინტერესო. ბაზების განთავსებისთვის კი ჯერ აშშ-იც არ იყო მზად.


შეთქმულების თეორიის მოყვარულებმა ფრენების შეწყვეტა უცხოპლანეტელებს დაუკავშირეს, რომლებმაც ამერიკელები თითქოსდა გამოყარეს ამერიკელები მთვარიდან. მათი სამყოფელი და მთვარის უკანა, დედამიწის მაცხოვრებლებისთვის დაფარული მხარე დასახელდა.


სხვადახვა ზომის ზონდები და კოსმოსური აპარატები მთავრეზე გაგზავნილი აქვს საბჭოთა კავშირსა და მის სამართალმემკვიდრე რუსეთს, ასევე ჩინეთს, იაპონიასა და ისრაელს. მათ პილოტირებულ მისიაზეც გააჩნიათ პრეტენზია, თუმცა მიზანთან, ამჟერად უკვე მეორედ ყველაზე ახლოს ისევ აშშ იმყოფება. თავდაპირველად ისევ მთვარე. შემდეგი გაჩერება კი უკვე მარსია.


მსგავს თემაზე:

ინტერნეტის სიგნალს მთვარიდან მივიღებთ


იუპიტერის მთვარეების რაოდენობა 79-მდე გაიზარდა


ზოგიერთი შავი ხვრელის მასა მზის მასას რამდენიმე მილიარდჯერ აღემატება


ისრაელმა მთვარეზე ზონდი გაგზავნა


დროში მოგზაურობა - სამეცნიერო ფანტასტიკა თუ შორეული მომავალი?


NASA-ს ხელმძღვანელი მთვარესა და მარსზე ასტრონავტების გადასხმის საკითხზე



სხვა სიახლეები