• Ƀ/$

სომხეთი ირანიდან ელექტროენერგის იმპორტს და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს

17 ივლისი 16:14 | მედია ბიზნესისთვის - M2B

სომხეთი და ირანი ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებში, ადგილობრივი ვალუტების გამოყენებას გეგმავენ. აღნიშნულის შესახებ, ირან-სომხეთის ერთობლივი სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, ჰერვიკ იარიჯანიანმა ისაუბრა. 

„ჩვენ ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, რომ ორ სახელმწიფოს შორის ბიზნესი სომხურ დრამებსა და ირანულ რიალში წარმოებდეს. ხსენებული ინიციატივა ოფიციალური თეირანის მიერ არის წარმოდგენილი, რომელიც საბანკო რეგულაციების მიღმა, საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციის შექმნის წინადადებით შემოდის“ - განაცხადა იარიჯანიანმა.


სავაჭრო პალატის თავმჯდომარის თქმით,  უკანასკნელ შეხვედრაზე, სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალური ერევანი ირანთან ორმხრივ ურთიერთობებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ქვეყნებს შორის ინვესტიციების გამყარებისკენ ისწრაფვის.


„სავაჭრო და ბიზნეს დელეგაციების ვიზიტები, გამოფენების მოწყობა და არსებული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება ორივე სახელმწიფოს მკაფიო მიზანია“ - დაამატა იარიჯანიანმა.


ე.წ. მეჰრის თავისუფალ ეკონომიკურ სავაჭრო ზონაზე საუბრისას მან აღნიშნა: „ეს ზონა ჯერ კიდევ არ არის გააქტიურებული. ირანის საზღვრების სიახლოვეს მისი გააქტიურებით ჩვენ შეგვეძლება შესაბამისი საწარმოები და მომსახურების სისტემები ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სისტემას დავუკავშიროთ.“


სავაჭრო პალატის თავმჯდომარის განცხადებით, მომდევნო თვეში, ირანის ეკონომიკური და ბიზნეს დელეგაციის 100 წარმომადგენელი სომხეთს ეწვევა.


მისი თქმით, ირან-სომხეთის საერთო სავაჭრო მოცულობა $300 მლნ. შეადგენს და და ურთიერთთანამშრომლობის უმთავრეს სფეროს, ენერგეტიკის სექტორი წარმოადგენს.


მიმდინარე თვის დასაწყისში, ორ სახელმწიფოს შორის ქ.თეირანში, ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, უფრო დეტალურად ენერგეტიკის სფეროში.


ხსენებული მემორანდუმი ირანის ენერგეტიკის მინისტრმა, რეზა არდაკანიანმა და სომხეთის ვიცე-პრემიერმა, მჰერ გრიგორიანმა, ირან-სომხეთის მე-16 ეკონომიკური კომიტეტის შეხვედრის მიმდინარეობისას გააფორმეს.


დოკუმენტის მიხედვით, ორივე სახელმწიფო თანხმდება 2020 წელს დასრულდეს ირანის მესამე ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის მშენებლობა სომხეთის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ოფიციალური თეირანის მიერ დენის ექსპორტს (1000 მეგავატით გაზრდის) სომხეთში.


თეირანმა მე-16 სომხურ-ირანულ საერთო ეკონომიკური კომიტეტის შეხვედრას 30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით უმასპინძლა.


აღნიშნულ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, ირანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელექტროენერგიის საკითხებში, ჰომაიუნ ჰაერიმ და სომხეთის ვიცე-პრემიერმა, მჰერ გრიგორიანმა, საერთო პროექტების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებები გამართეს.


ირანელი მაღალჩინოსანი ზემოთ აღნიშნული ელექტრონერგიის გადამცემი ხაზის პროექტის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით ეწვია მეზობელ სახელმწიფოს.


ირან-სომხეთის მე-15 ეკონომიკური კომისიის შეხვედრა ქალაქ ერევანში, 2018 წლის თებერვალში გაიმართა.


მსგავს თემაზე:

სომხეთი რუსეთისგან გაზის ტარიფის შემცირებას ითხოვს


რატომ აპირებდა ირანული სუპერტანკერი ევროპის გავლით სირიაში შესვლას?


სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივას ირანში ეძებს



სხვა სიახლეები