• Ƀ/$

თურქმენეთი ყურადღების ცენტრში - ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნის კრიზისი

18 ივლისი 16:30 | ანალიტიკა

თურქმენეთის ეკონომიკა დღესდღეობით, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე, ყველაზე დიდი პრობლემების წინაშე დგას. ქვეყანაში ჰიპერინფლაცია და საკვების დეფიციტია. 

პოსტსაბჭოთა სივრცის ეს სახელმწიფო შესაძლოა ახალ „ცხელ წერტილად“ იქცეს. ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა შესაძლოა რადიკალური ისლამისტების გააქტიურება გამოიწვიოს, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ის ავღანეთის მეზობლად მდებარეობს.


ბუნებრივი რესურსებით უმდიდრეს, კასპიისპირა სახელმწიფოსთვის ბრძოლაში შესაძლოა სხვა გლობალური, თუ რეგიონული მოთამაშეები ჩაერთონ.


საერთაშორისო იზოლაციის მასშტაბებით, თურქმენეთს მეორე ჩრდილოეთ კორეას უწოდებენ. ქაოტურმა ფინანსურმა სისტემამ, არასანდო სტატისტიკებმა, გაუარესებულმა სამთავრობო ხარჯებმა (პირველ რიგში ქვეყნის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის „ახირებულმა“ პირადმა სურვილებმა) ქვეყნის ეკონომიკა პრობლემების წინაშე დააყენა.


ქვეყანამ საბოლოო ჯამში ჰიპერინფლაცია მიიღო (2019 წლის ივნისში იგი 294%-ით შეფასდა) და საკვები დეფიციტის ნიშნები გაჩნდა.


ხელისუფლებას ადრე თუ ჰქონდა შესაძლებლობა მოსახლეობისთვის უფასოდ მიეცა ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი, 2019 წლიდან აღნიშნული პრაქტიკა შეწყდა და კომუნალური მომსახურებები გახდა ფასიანი.


მასშტაბური კრიზისის პირველი სიმპტომები ჯერ კიდევ 2018 წლიდან დაიწყო. საკვების უკმარისობის გამო, საქონელი ძირითადად „პასპორტებზე იყიდება“. ასე მაგალითად, მოქალაქემ ფქვილი შეიძლება იყიდოს მხოლოდ „ჩაწერით“ და ისიც ერთი თვის შემდეგ. პური იყიდება „პასპორტის/დოკუმენტების“ წარმოდგენის შემთხვევაში - სხვა რეგიონის მცხოვრებლებს მას არ მიჰყიდიან.


ფქვილის დეფიციტის გამო, თითოეულ მოსახლეზე მისი რაოდენობა ლიმიტირებულია - თვეში არაუმეტეს 5 კგ. თითოეულ ადამიანზე. სასურსათო მაღაზიებში ყოველდღიურად დიდი რიგებია, რომელიც დილის 6 საათიდან იწყება. აღნიშნულის გამო ხშირად ხდება დაპირისპირება მოქალაქეებს შორის, რომელიც რამდენჯერმე ადამიანური მსხვერპლით დასრულდა. მარტსა და აპრილში სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, პურის გამო წამოწყებული კონფლიქტით.


რეალური პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ, ადგილობრივი ხელისუფლება „საიმიჯო“ პროექტებს ახორციელებს - ამჟამად მთავრობა, $2,3 მლრდ. ღირებულების „თურქმენულ ავტობანს“ აშენებს.


თურქმენეთის ეკონომიკას საბოლოო დარტყმა მოუსავლიანობამ მიაყენა: ამ გაზაფხულზე ხორბლის და ქერის კულტურები მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის სამხრეთში წარმოშობილმა წყალდიდობებმა.


პარალელურად, ფქვილის ნაკლებობის ერთ-ერთ მიზეზად, პრეზიდენტ ბერდიმუჰამედოვის „საგარეო პოლიტიკის ჟესტი“ იქცა. მისი გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა მომიჯნავე ერთ-ერთ ავღანურ პროვინციაში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა გაზაფხულის წყალდიდობებმა ასევე დააზარალა. მნიშვნელოვანია ის, რომ დახმარება გაიგზავნა არა რეზერვებიდან, არამედ იმ მარაგებიდან, რომელიც თავად თურქმენეთის მოსახლეობას ესაჭიროებოდა.


საკვები დაფიციტის გამო გაიზარდა ემიგრაცია - მოსახლეობა პირველ რიგში თურქეთისა და რუსეთის მიმართულებით გაედინება. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური და პოლიტიკური მიზეზებით ქვეყნის დატოვება არც ისე მარტივია, სოფლის მოსახლეობა იყენებს უკანასკნელ დანაზოგებს საზღვარგარეთ წასასვლელად.


ამჟამად ერთადერთი, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ახერხებს, ეს არის - მასობრივი საპროტესტო განწყობების, საპროტესტო მოქმედებებში გადასვლის შეკავებაა. ხსენებული ერთის მხრივ, რესპუბლიკის მცხოვრებთა გაკრვეული პოლიტიკური ქცევის სპეციფიკით არის გამოწვეული, ხოლო მეორეს მხრივ, ადგილობრივ სახელმწიფოში არსებული „სადამსჯელო ძალოვანი უწყებების“ არსებობით.


ქვეყანას ოპოზიციონერი ლიდერი ჯერჯერობით არ ჰყავს და რომც ჰყავდეს, არ არსებობს შესაბამისი საკომუნიკაციო არხი, ხალხთან სასაუბროდ.


ცვლილებები დიდი ალბათობით იქნება პროვოცირებული იქნება ერთის მხრივ ძლიერი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისით, მეორეს მხრივ რეგიონში არსებული ისლამური გამოწვევებით, რომელიც ჯერჯერობით არ გამქრალა.


იმის გამო, რომ რეჟიმი სუსტდება, თურქმენეთის გამო, სხვადასხვა რეგიონული და საერთაშორისო აქტორებს შორის კონკურენცია იზრდება.


აღნიშნულის შედეგია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის ვიზიტი აშხაბადში, სადაც გაჟღერდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ სახელმწიფოში ევროსტრუქტურის დიპლომატიური მისია იწყებს ფუნქციონირებას. გარდა ამისა, ევროკავშირსა და თურქმენეთს შორის გაფორმდა ჩარჩო-შეთანხმება ევროპისთვის გაზის მიწოდების თაობაზე.


ამასთან ერთად, გასულ შემოდგომაზე, დიდხნიანი პაუზის შემდეგ აშხაბადს გერმანელი პოლიტიკოსების და მეწარმეების დელეგაცია ეწვია. სტუმრები ადგილობრივ ხელისუფლებას დაპირდნენ, რომ გაზრდიდნენ ლობისტურ ღონისძიებებს ტრანს-კასპიური გაზსადენის პროექტის რეალიზებისთვის. იმ შემთხვევაში თუ, ხსენებული მილსადენი აშენდება, თურქმენულ გაზს ექნება შესაძლებლობა, რუსეთის გვერდის ავლით, სამხრეთ კავკასიის და თურქეთის ტერიტორიების გავლით მოხვდეს პირდაპირ ევროკავშირში.


გათვალისწინებული უნდა იქნას თურქმენეთის ბუნებრივად მდიდარი რესურსების მოთხოვნები აშშ-ის, ბრიტანეთისა და ჩინეთის ნახშირადწყალბადის კომპანიების მიერ.


ოფიციალურ აშხაბადს აქვს ძლიერი ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან და აქტიურად აწვდის ბუნებრივ აირს ამ სახელმწიფოს. მაგრამ თურქმენეთის ხელისუფლება მხოლოდ აღნიშნული მიმართულებით კონცენტრირდება და ეკონომიკის გასაზრდელად სხვა მიმართულებებით ყურადღებას არ ამახვილებს.


თავის მხრივ ჩინეთი ცდილობს ბოლომდე იგდოს ხელთ ამ ქვეყნის გაზის სექტორი, რომლის საბოლოო მიზანს ცენტრალური აზიის ეკონომიკური ექსპანსია წარმოადგენს.


მსგავს თემაზე:

მაინც რა დაემართა ვენესუელას?



სხვა სიახლეები