• Ƀ/$

აშშ–თურქეთის „სანქციების ომი“ მწვავდება

22 ივლისი 17:00 | ანალიტიკა

თურქეთის ხელისუფლება აშშ-ის სავარაუდო ეკონომიკური სანქციების საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს. უფრო კონკრეტულად, საკითხი ინჯირლიკის ავიაბაზას ეხება, სადაც ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალებია დისლოცირებული.

ამის შესახებ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.


„იმ შემთხვევაში, თუ ამერიკული მხარე სანქციების დაწესებას გადაწყვეტს, ჩვენ აუცილებლად გავცემთ პასუხს. ნაბიჯები შესაძლებელია გადაიდგას ინჯირლიკის ბაზასთან დაკავშირებით. ეს რაიმე სახის მუქარა ან შანტაჟი არ არის, ამჟამინდელი მდგოამრეობიდან ეს არის ერთადერთი გამოსავალი“, - განაცხადა თურქეთის მთავარმა დიპლომატმა.


მისივე თქმით, რუსულ ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსს „S-400“-ის შესყიდვასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ანკარისთვის სანქციების დაწესება არ სურს.


თავის მხრივ, ტრამპმა შესაძლოა უარი თქვას „ამერიკის მოწინააღმდეგეთა საპასუხოდ სანქციების გამოყენებით წინააღმდეგობის გაწევის“ შესახებ (CAATSA) კანონის ამოქმედებაზე.


წინა კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ეკონომიკურ სანქციებს ანკარის წინააღმდეგ ჯერჯერობით არ გეგმავს. შემდეგ მანვე დააზუსტა, რომ იგი განიხილავს გარკვეული შეზღუდვების მიღებას თურქთთან მიმართებაში, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.


თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი სერიოზულად ეკიდება საკუთარი შეიარაღების წარმოება/განვითარებას. მიმდინარეობს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა თვითმფრინავების, ტანკებისა და ვერტმფრენების შესაქმნელად.


„გვსურს ვაწარმოოთ საკუთარი გამანადგურებლები, მაგრამ „F-35“ ტიპის საფრენი აპარატი - ეს არის ახალი ტექნოლოგია, ამიტომ გავხდით ამ პროგრამის პარტნიორები და მასში $1,4 მლრდ შევიტანეთ. ამჟამად ჩვენ მრავალფუნქციური „F-16“ ტიპის თვითმფრინავები გაგვაჩნია, მაგრამ თურქეთის მოთხოვნილებები იზრდება“, - განაცხადა მინისტრმა.


მისი თქმით, „F-35“-ის პროგრამიდან გამორთვის შემთხვევაში, ოფიციალური ანკარა მისი ანალოგი საფრენი აპარატების შეძენას ეცდება, რაშიც შესაძლოა რუსული „СУ-35“-ები იგულისხმებოდეს.


„თურქეთი გააგრძელებს იგივე პრინციპით მიდგომას, როგორც ეს „S-400“-ის შემთხვევაში მოხდა. ვეცდებით ვიპოვოთ ახალი გზები, თავდაცვის სფეროში საკუთარი საჭიროებების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ დაიწყო ალტერნატივების ძებნა საჰაერო თავდაცვაზე და დაიდო ხელშეკრულება რუსეთთან, მას შემდეგ< რაც მან უარი მიიღო „პატრიოტის“ სისტემაზე. ეს თურქეთის სამართლიანი უფლებაა. ვიმოქმედებთ მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად. თურქეთი არავის კუთვნილება არაა, იგი გახსნილია მთელი მსოფლიოსთვის. იგი წავა იმ გზით, საითაც მისი ინტერესები იქნება და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.


მისივე თქმით, თურქეთის ნატოდან გასვლა გამორიცხულია. მინისტრის განმარტებით, ალიანსის გადაწყვეტილებები კონსესუსზე არის დაფუძნებული და თუ ერთი სახელმწიფოც კი რაიმე საკითხის წინააღმდეგ წავა, გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.


მისი კომენტარით, ქვეყანა უკვე 50 წელზე მეტია ალიანსის წევრია და სამომავლოდაც იქნება ბლოკის ნაწილი.


სირიის საკითხებზე საუბრისას, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ანკარა მზადაა, ახალი სამხედრო ოპერაცია განახორციელოს ამ ქვეყნის ტერიტორიაზე.


„თუ სირიაში არ იქნება უსაფრთხოების ზონა უზრუნველყოფილი და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ სხვა და სხვა სახის საფრთხეები წარმოიშობა, გადავწყვეტთ ახალი ოპერაციის წარმოებას მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.


აქვე მან იმედი გამოთქვა, რომ სირიის ჩრდილოეთით უსაფრთხოების ზონა შეიქმნება, რომელიც შესაძლოა მიღწეულ იქნას მიმდინარე კვირაში, ამერიკულ დელეგაციასთან მოლაპარაკებების შემდეგ. აღნიშნული დელეგაცია, სირიის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს ჯეფრის ხელმძღვანელობით ანკარას ეწვია.


ოფიციალური ანკარის თავდაცვის უწყების განცხადებით, თურქეთი და ამერიკა, სირიაში უსაფრთხოების ზონის შექმნას განიხილავენ.


იანვარში ერდოღანსა და ტრამპს შორის შემდგარი საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ სირიის ჩრდილოეთში ბუფერული ზონა შეიქმნება, სადაც ხმელეთის უსაფრთხოებას თურქეთი, ხოლო საჰაერო ზოლის უსაფრთხოებას ამერიკული მხარე უზრუნველყოფს.


სხვა სიახლეები