• Ƀ/$

საქართველოს საგარეო ვაჭრობის ვექტორი მეგაბაზრებზე უნდა მიიმართოს

22 ივლისი 17:23 | ანალიტიკა

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გიორგი ცუცქირიძე საგარეო ვაჭრობის მონაცემებს აფასებს. 

მისი განმარტებით საქართველოს საგარეო ვაჭრობამ ვექტორი მეგეკონომიკებზე უნდა მიმართოს.


ექსპერტი აღნიშნავს, რომ უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირება წმინდა ექსპორტის ზრდის ტენდენციას ნიშნავს.


„საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით 2019 წლის იანვარ-ივნისში, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 1 775.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.5 %-ით მეტია, ხოლო იმპორტი შეაგენს რა $4 192.9 მლნ-ს, პირიქით 3.4 %-ით ნაკლებია, რაც ნიშნავს წმინდა ექსპორტის ანუ იმპორტის ზრდის ექსპორტით გადაფარვის მეტად დადებით ტენდენციას.


აღსანიშნავია, რომ თუ 2016 წელს უარყოფითი სავაჭრო სალდოს მაჩვენებელი მთლიან სავაჭრო ბრუნაში 55.3% იყო, 2017 წლიდან კლება იწყო და შარშან 46.9 %-მდე შემცირდა, ხოლო წელს პირველი 6 თვის მიხედვით, ისტორიულ მინიმუმზე 40.5 %-მდე შემცირდა ანუ თითქმის 1 5 %-ით, რაც არის წმინდა ექსპორტის ზრდის პოზიტიური დინამიკის შედეგი. თანხობრივად,უარყოფითი სავაჭრო სალდო $400 მლნ-მდეა ( $2 816.0 მლნ  დოლარიდან $2 417.4 მლნ ) შემცირებული რაც ნიშნავს, რომ შარშანდელთან შედარებით აღნიშნული თანხით ნაკლები გავიდა ქვეყნიდან“,- აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.


ექსპერტი სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან მიღწეულ შედეგებს აფასებს და ამბოს, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირებას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებამ შეუწყო ხელი.


„ნიშანდობლივია, რომ სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირება გამოწვეულია როგორც ტრადიციულ დსთ-ის ქვეყნებში, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში წმინდა ექსპორტის ზრდის შედეგად. 2019 წლის იანვარ-ივნისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია $916.2 მლნ-ის საქონელი, რაც 27.1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს,ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა $426.9 მლნ-ის ექსპორტი, რაც 16.1%- ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით მეოთხედს ანუ 24%-ს შეადგენს.


უარყოფითი სავაჭრო ბალანსი რუსეთთან -22.9 %,ხოლო უკრაინასთან-15%-შეადგენს. როგორც ვხედავთ,უარყოფითი ბალანსი ტრადიციულ საექსპორტო ქეყნებთანაც(რუსეთი, უკრაინა) მაინც მაღალია, ხოლო თურქეთთან და განსაკუთრებით ჩინეთთან, მიუხედავად თავისუფალი სავაჭრო რეჟიმისა ძალიან მაღალი. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, თურქეთთან შეადგენს -71. %-ს, ხოლო ჩინეთთან -87.6 %-ია. მეორეს მხრივ ევროკავშირთან, განსაკუთრებით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა, ხოლო სავაჭრო დეფიციტი, მთლიან სავაჭრო ბალანსში 27.2%-ით განისაზღვრა, რაც საერთო მედიანურ მაჩვენებელზე ნაკლებია.


ევროკავშირთან ვაჭრობის ზრდა იმ თვლასაზრისითაც არის საინტერესო, რომ პროდუქციის ექსპორტირების და სერთიფიცირების პირობები ევროკავშირში შედარებით გართულებულია, ვიდრე თუნდაც თურქეთში ან ჩინეთში. გარდა ამისა, ევროკავშირის ბაზარს აქვს სავაჭრო ბრუნვის ზრდის კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა.


ევროკავშირის ბაზარი მიმზიდველია არა მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობის შედარებითი სიახლოვის, ან 500 მლნ-იანი მოსახლეობის გამო, არამედ პირველ რიგში ეკონომიკის ზომითაც. 2018 წლის მონაცემებით, ევროკავშირი მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკაა 18.8 ტრილიონი დოლარის ნომინალური მშპ-ის თვალსაზრისით (შეერთებული შტატების შემდეგ), რაც გლობალური ეკონომიკის 22% -ს შეადგენს, მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდვეობითი უნარიანობის პარიტეტის მიხედვთ(PPP), ლუქსემბურგში $105 148-დან  ბულგარეთში $21 678 - მდე მერყეობს; შედარებისათვის PPP იაპონიაში 42 695 აშშ დოლარია, თურქეთში $27 956, ხოლო ჩინეთში გაცილებით ნაკლებია-$ 16 636. საქართველოში ანალოგიური მაჩვენებელი $11 485-ის ტოლია.


ექსპერტის აზრით, საქართველოს არა მხოლოდ უბრალოდ ახალი ბაზრების მოძიება, არამედ მარალტექნოლოგიურ სავაჭრო სივრცეში თავის დამკვიდრება სჭირდება.


„ევროკავშირის მაგალითიც აჩვენებს, რომ ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ ახალი ბაზრები, ან მით უმეტეს რომელიმე ტრადიციული ბაზრის ჩანაცვლება, სადაც ტრადიციულ საექსპორტო პროდუქციას გავიტანთ, არამედ გლობალურ, მაღალი შემოსავლებისა და მაღალ ტექნოლოგიურ ბაზრებზე გასვლაც, რაც გაზრდის ინვესტიციების შემოდინებასაც და რაც მთავარია, კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებს.


ამიტომაც აქვს აშშ-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის საკითხებზე, საქართველში აშშ-ს კომერციის დეპარტამენტის წარმომადგენლობის გახსნას ძალზე დიდი მნიშვნელობა;
აშშ და ევროკავშირი არიან ლიდერები უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისითაც. მაგალითისათვის, ევროკავშირში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები 2012 წელს 5.1 ტრლნ-ს შეადგენდა, ხოლო ევროკავშირის ინვესტიციები უცხოეთში გაცილებით მეტს-9.1 ტრლნ იყო, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი შიდა და უცხოური ინვესტიციებია.


ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა არის მსოფლიო უმსხვილესი ეკონომიკა ნომინალური მშპ -ის მიხედვით-$ 20.513 ტრლნ, გლობლური ეკონომიკის 24% და მეორე მეგა ეკონომიკებში მსყიდველობით უნარიანობის პარიტეტულობის მიხედვით - 62,517.5 აშშ დოლარი;
ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირთან ერთად წარმოადგენს მაღალი საშუალო შემოსავლების, დიდი სამომხმარებლო ბაზრის(850 მილიონამდე მოსახლეობის), მაღალი სამომხმარებლო ხარჯების და ტექნოლოგიური ინოვაციების ლიდერ ქვეყნებს.


აშშ-ს, ევროკავშირთან ერთად აქვს ყველაზე დივერსიფიცირებული, ინდუსტრიული სექტორი. აშშ წარმოადგენს, მეხუთე გლობალური ინდუსტრიული რევოლუციის, ლიდერს და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელ ქვეყნას, რომელსაც აქვს არა მარტო უმსხვილესი საქონლის შიდა ბაზარი, არამედ დომინირებს ვაჭრობის სფეროში. აშშ-ს საერთო ვაჭრობამ 2016 წელს $ 4.92 ტრილიონი შეადგინა. მისი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან როგორც კანადა და მექსიკა, ასევე ჩინეთი, იაპონია, გერმანია, სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ინდოეთი და ტაივანი.


2016 წელს აშშ იყო მსოფლიოს ლიდერი უცხოური ინვესტიციების მიხედვითაც, უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობამ 3.3 ტრილიონი დოლარი შეადგინა. 2018 წელს სამომხმარებლო ხარჯები შეადგენდა მშპ-ის 68% -ს, ამასთან, აშშ-ს აქვს მსოფლიოს უმსხვილესი სამომხმარებლო ბაზარი, რაც თუნდაც იაპონიის შინამეურნეობის მოხმარების ხარჯებს ხუთჯერ აღემატება;


მე წინა პოსტეშიც ავღნიშნე, რომ ევროკავშირის და ახლა, უახლოეს პერსპექტივაში აშშ-ის ბაზარი, როგორც მეგაეკონომიკები, ტრადიციული საექსპორტო პროდუქციასთან ერთად, სწორედ მაღალტექნოლოგიური მიმართულებით არის სტრატეგიულად პრიორიტეტული.ეს საშუალებას მოგვცემს, გარდა ტრადიციული საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებისა, მნიშვნელოვნად გავაფართოოთ ექსპორტის სტრუქტურა, განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების შემოტანით და აქ წარმოებული პროდუქციის გარე ბაზრებზე გატანით ე.წ რელოკაციური მოდელების სტიმულირებით. სწორედ, ამ შემთხვევაში გვექნება კარგი შანსი გავხდეთ სატრანსპორტო და სამრეწველო პროდუქციის ჰაბი რეგიონში და რაც მთავარია, კი არ ჩავანაცლოთ, არამედ გავაფართოოთ და შევინარჩუნოთ ტრადიციული ბაზრები, უახლოეს პერსპექტივაში კი გადავიდეთ შერეული ეკონომიკის მოდელზე, რომელიც დაფუძნებულია თავისუფალი ბაზრისა და მოწინავე სოციალური მოდელების საფუძველზე. სწორედ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ექსპორტ-იმპორტის მეტი დივერსიფიკაცია და ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა“,- აღნიშნავს  გიორგი ცუცქირიძე.


 


სხვა სიახლეები