• Ƀ/$

ლონდონის ბირჟაზე თიბისის აქციებმა 3,62% დაკარგეს

24 ივლისი 13:14 | ფინანსები

თიბისი ბანკის აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე სავაჭრო სესიის დასაწყისშივე 3,62%–ით დავარდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პროკურატურამ ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა.

ამ მომენტისთვის (თბილისის დროით 13:08 სთ) თიბისი ბანკის აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე 14,36 ფუნტს შეადგენს.


თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარესა და მის მოადგილეს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიცეს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა.


ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში დღეს, 24 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.


"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.


მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება.


გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. (წაყენებული ბრალი 6-დან 9 და 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. - რედ).


ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.


საქართველოს გენერალური პროკურატურა მ.ხაზარაძისა და ბ.ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.


აღკვეთის ღონისძიების სახის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მივაწვდით დამატებით."


 


მსგავს თემაზე:

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს



სხვა სიახლეები