• Ƀ/$

რუსეთის წილი გლობალური ღვინის იმპორტში 2.8%-ს შეადგენს

3 აგვისტო 13:15 | ანალიტიკა

ქართული ღვინის ექსპორტმა 2018 წელს რეკორდულ ნიშნულს 86 მლნ ბოთლს მიაღწია, 6%-იანი ზრდა 2019 წელსაც გაგრძელდა. ექსპორტის 62% რუსეთზე მოდის, მაშინ როცა გლობალურ ბაზარზე რუსეთის წილი 3%-ზე ნაკლებია. 

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მთელი რიგი მიზეზების გამო რუსეთი #1 საექსპორტო ქვეყნად იქცა. რუსეთის წილი განსაკუთრებით მაღალი იყო ღვინისა და მინერალური წყლების მიმართულებით. ერთის მხრივ რუს მომხმარებელს გააჩნდა და ახლაც გააჩნია საბჭოთა ნოსტალგია, ხოლო მეორეს მხრივ ევროპული, ამერიკული, ჩინური თუ იაპონური ბაზრისთვის ქართული ღვინო სრულიად უცხო იყო. ის ფაქტი რომ 8000 წლის წინ ღვინო პირველად საქართველოს ტერიტორიაზე დაიწურა უცხოელ მომხმარებლეთა მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა იცოდა. სიტუაციას ფალსიფიცირებული პროდუქტი კიდევ უფრო აუარესებდა.


1995-2005 წლებში რუსეთზე საექსპორტო დამოკიდებულება 31.3%-დან 17.8%-მდე შემცირდა. მოსკოვის ემბარგომ ბუნებრივი კლებიდ ტენდენცია მნიშვნელოვნად დააჩქარა 2006 წელს ის 8.1%-მდე შემცირდა, 2007 წელს 3.7%-მდე, 2008 წელს კი 2%-მდე. 2% იყო 2012 წელსაც იქამდე სანამ ბაზარი ხელახლა გაიხსნებოდა.


ემბარგოს პირობებში ღვინის ექსპორტი ჯამური ექსპორტის პროპორციულად იზრდებოდა. 2007 წელს ჯამურმა ექსპორტმა $1.23 მლრდ შეადგინა, საიდანაც ღვინის წილი $29 მლნ იყო, რაც წილობრივად 2.37%-ს უდრიდა. 2012 წელს $2.38 მლრდ-მდე, ღვინის ექსპორტი კი $65 მლნ-მდე გაიზარდა. მისი წილი ამჟერად 2.73%-ს აღწევდა. ზრდა ორივე მიმართულებით 2013 წლიდანაც გაგრძელდა, ოღონდ სხვადასხვა სიჩქარით. 2018 წელს ჯამურმა ექსპორტმა $3.36 მლრდ-ს მიაღწია, მათ შორის ღვინის ექსპორტმა $197 მლნ-ს. ეს კი იმიას ნიშნავს, რომ მისი წილი 5.87%-მდე გაიზარდა. 2014 და 2017 წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 6%-საც აჭარბებდა.


რა შეიძლება მოჰყვეს ხელახალ ემბარგოს? მოკლევადიან პერსპექტივაში ის აუცილებლად გამოიწვევს ღვინის ექსპორტის მკვეთრ ვარდნას. მნიშვნელოვანი სუბსიდირების გარეშე საგრძნობლად შემცირდება ყურძნის ჩაბარების ფასი, რაც შესაძლოა მასშტაბურ სოციალურ უკმაყოფილებაშიც გადაიზარდოს, მაგრამ გრძელვადიან და უკეთეს შემთხევევაში საშუალოვადიან პერსპექტივაში, შოკები გადაივლის ქართული ღვინის ექსპორტი უბრალოდ გაიზრდება.


2018 წელს რუსეთის გარდა დანარჩენ მსოფლიოში იმაზე მეტი ღვინო გაიყიდა ვიდრე 2005 წელს რუსეთის ჩათვლით, სანამ ემბარგო ამოქმედდებოდა. შეერთებულ შტატებში, ჩინეთსა და გერმანიაში ექსპორტი კვლავ ორნიშნა, შიგადაშიგ სამნიშნა პროცენტული მაჩვენებლით იზრდება. რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ ქვეყნებს? შეიძლება ითქვას რომ გადამწყვეტი.


2018 წელს მსოფლიო ღვინის იმპორტმა სულ $37.9 მლრდ შეადგინა რომლის 79.4% 15-მა სახელმწიფომ განახორციელა. მათ სათავეში $6.5 მლრდ-ით შეერთებული შტსატები დგას, $4.4 მლრდ-ით ბრიტანეთი მეორე ადგილზეა, მას $3.1 მლრდ-ით გერმანია მოსდევს, ჩინეთი კი $2.9 მლრდ-ით მე-4 ადგილს იკავებს. ჩამონათვალში რუსეთი $1.1 მლრდ-ით მე-12 პოზიციას სჯერდება და ბაზრის წილი 2.8% უჭირავს. აღსანიშნავია, ისიც, რომ ჩინეთმა ბოლო 4 წელიწადში იმპორტი 88%-ით გაზარდა.



რამდენად დიდია რუსული ბაზარი პროდუქციისა და მომსახურების სხვა სფეროებისათვის?  2017 წელს რუსეთმა $212 მლრ-ს იმპორტი განახორციელა, რაც მსოფლიო იმპორტის 1%-ზე ნაკლებია, იმავე წელს საამიროების მიერ განხორციელებულმა იმპორტმა $241 მლრდ-ს მიაღწია, შვეიცარისამ $287 მლრდ-ს, სინგაპირისამ $327 მლრდ-ს, ნიდერლანდებისამ კი $435 მლრდ-ს. ევროკავშირის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე გერმანიის იმპორტმა $1.1 ტრლნ შეადგინა, შეერთებული შტატებისამ $2.3 ტრლნ.


რაც შეეხება ეკონომიკას მთლიანად რუსეთის მშპ მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვითაც კი $3.78 ტრლნ-ს აღწევს და მსოფლიო ეკონომიკის 2.93%-ს შეადგენს, მიმდინარე ფასებში დათვლით სურათი კიდევ უფრო მძიმდება და $1.59 ტრლნ-ით რუსეთის ეკონომიკის წილი 1.96%-მდე მცირდება.


მსგავს თემაზე:

ახალი რუსული ემბარგო - კოლაფსი თუ ისტორიული შანსი?


რუსეთის გერბით შემკული შანდლები ქართულ ეკლესიებში



სხვა სიახლეები