• Ƀ/$

ICAO ავიაკომპანიებს სოხუმის აეროპორტში ფრნების უფლებას არ მისცემს

2 აგვისტო 12:17 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ICAO-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს რომ ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. 

საქართველოს ელჩი კანადაში და მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს ოლუმუივა ბენარდ ალიუს, ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს ფანგ ლიუს, საჰაერო ნავიგაციის ბიუროს დირექტორს სტეფან კრემერს, საჰაერო მიმოსვლის მართვის დირექტორატის დირექტორს კრის დალტონს, საავიაციო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორს კატალინ რადუს და ICAO-სთან აკრედიტებული ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა. განხილვის თემა იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ, სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენები განახორციელოს.


ელჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ამგვარი ნაბიჯები არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, გაეროს ქარტიას,  უხეშად ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 


შეხვედრაზე ICAO-ს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ICAO როგორც გაერო-ს სტრუქტურა, მხარს უჭერს გენერალური ასამბლეისა და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციას და ერთმნიშვნელოვნად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მათ აღნიშნეს, რომ კარგად იცნობენ ამ პრობლემას, რომლის პოლიტიკური შემადგენლის განხილვა გაერო-ს ფარგლებში ხდება, ხოლო ტექნიკურ და სამართლებრივ მხარეს ჩიკაგოს კონვენცია და ICAO-ს წესები არეგულირებს. კერძოდ, მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ჩიკაგოს კონვენცია და ICAO-ს პრინციპები კონვენციის წევრ ქვეყნებს უკრძალავს საჰაერო ნავიგაციის სფეროში ისეთ ქმედებებს, რაც მეორე ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს. ამასთან ერთად  აღინიშნა, რომ ICAO-ს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთი შედის მინიჭებული აქვს ერთიანი სპეციალური კოდი FIR (Flight Information Region), რომლის შეცვლაც, ან მეორე  ქვეყნის საჰაერო სივრცის ან მისი ნაწილის კოდზე მიბმა საქართველოს თანხმობის გარეშე შეუძლებელია. ICAO, რომელიმე ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მხრიდან ამგვარი მიმართვის შემთხვევაში არც კი განიხილავს ამ საკითხს, რადგან ქვეყნის საჰაერო სივრცის კოდის ცვლილება მხოლოდ ამ ქვეყნის თანხმობით შეიძლება. შესაბამისად რა კოდიც არ უნდა მიანიჭოს რუსეთმა სოხუმის აეროპორტს, ICAO მას ყოველთვის საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს.


თავის მხრივ საქართველოს ელჩმა ორგანიზაცის წევრებს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ  ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის წესი, ანუ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კონსტანტინე ქავთარაძემ ხაზი გაუსვა, რომ 1992-93 წლების სამხედრო მოქმედებების გამო, სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე ჯერ კიდევ 1993 წელს დაიკეტა. მისი თქმით აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ნებისმიერი საჰაერო მიმოსვლა ამ ტერიტორიის თავზე ექვემდებარება საქართველოს მთავრობის თანხმობასა და ნებართვას. ხოლო იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველოს მთავრობა ვერ ახორციელებს თავის ლეგიტიმურ იურისდიქციას აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სტრუქტურები მოკლებული არიან შესაძლებლობას, უზრუნველყონ ფრენებზე ზედამხედველობის ფუნქციები. ამ პირობებში, შეუძლებელია ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფა.


ელჩმა სთხოვა ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტს და გენერალურ მდივანს საჰაერო ნავიგაციის ბიუროს ხელმძღვანელებსა და ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ამ უკანონო მცდელობას, მოსთხოვონ მას პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, გაეროს ქარტიასა და ჩიკაგოს კონვენციას.


ICAO-ს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ელჩს მიწოდებული ინფორმაციისთვის და დაადასტურეს ICAO -ს  მხრიდან  საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერა.


მსგავს თემაზე:

ICAO-ს რეიტინგში საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა


სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: ქართული მხარის ნებართვის გარეშე სოხუმში ფრენები ვერ განხორციელდება



სხვა სიახლეები