• Ƀ/$

"ახალციხის ციხეში" ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა, თუმცა რეგიონში შემცირდა

13 აგვისტო 18:53 | ანალიტიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, ამის პარალელურად, საქსტატის მონაცემებით სამცხე-ჯავახეთში ვიზიტორების რაოდენობა ბოლო რამდენიმე წელია თანდათან მცირდება. 

„ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციაში დამთვალიერებლების მზარდ რაოდენობაზე საუბრობენ, საპირისპიროს ამბობენ ტურისტულ სააგენტოებში, სადაც გვითხრეს, რომ შიდა ტურიზმში სამხრეთ საქართველო პოპულარობით აღარ სარგებლობს.


ერთ-ერთი მსხვილი ტურისტული სააგენტო Traveler.Ge, რომელიც საქართველოს რეგიონებში შიდა ტურებს აწყობს, სამცხეში ვიზიტებს თითქმის აღარ მართავს. კომპანიაში ამბობენ, რომ რამდენიმე კვირაა მესხეთის მონახულების მსურველთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო.



„საქართველოს ყველა რეგიონი მოთხოვნადია, სამცხის გარდა. ყოველ კვირას ვდებ ტურს, მაგრამ ჯგუფი აღარ ივსება. გიდებთან ერთად განვიხილე ეს საკითხი, მაგრამ მიზეზს ვერ ვხვდებით. რაბათი, ვარძია, აბასთუმანი და ადიგენის მხარე საეროდ მკვდარია. ბოლო რამდენიმე კვირაა ტური არ შემდგარა“, - ამბობს Traveler.Ge-ს შიდა ტურიზმის ხელმძღვანელი. ბაკურ ბოლოთაშვილის თქმით, ვიზიტორების ინტერესის საგანი სამხრეთ საქართველოში წელს ჯავახეთის დაცული ტერიტორიებია.


„მესხეთში შარშან ძალიან კარგი სეზონი იყო. ჭულე, ზარზმა, საფარა - დიდი მოთხოვნა იყო. ახლა ჯავახეთის ზეგანზე არის მოთხოვნა, აბულის მთა და ტბები. 2-3 წელია რაც ნინოწმინდა-ახალქალაქში აქტიურად დაიწყო ტურები“.


შიდა ტურიზმი


წლები                        ვიზიტორების რაოდენობა


2015                         5.0%


2016                         4.1%


2017                         4.7%


2018                         4.5%


ტურისტული კომპანიისგან განსხვავებით, ვიზიტორების სტატისტიკით კმაყოფილია  ახალციხის ყველაზე მონახულებადი ადგილის - „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაცია. კომპლექსის დირექტორი ამბობს, რომ ზაფხულში - ყველაზე აქტიურ სეზონზე, დღეში საშუალოდ, 700-დან 1 000-მდე ტურისტს მასპინძლობენ.


„შარშანდელთან შედარებით დიდი განსხვავება არ არის, თუმცა უკეთესი სტატისტიკაა. იანვარში, გრიპის ვირუსის დროს იყო ძალიან ჩავარდნა, ამიტომ შარშანდელ იანვართან შედარებით, ნაკლები ვიზიტორი გვყავდა. შემდეგ მოიმატა. ივნისში, აქციების დროს ასევე საკმაოდ მოიკლო. ამ ორი ჩავარდნის მიუხედავად, კვარტალურად თუ შევადარებთ, მატება გვაქვს წელს“, - ამბობს დავით ტაბატაძე.  „ახალციხის ციხის“ დირექტორის თქმით, წელს ვიზიტორები ჰოლანდიიდან გააქტიურდნენ. ლიდერობს გერმანია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ესპანეთი და რუსეთი.


„მაგალითად, ექვს აგვისტოს ახალციხის ციხეს 410 საქართველოს მოქალაქე და 392 უცხოელი ვიზიტორი ეწვია“.


2016 წელს ახალციხის ციხემ 137 633 ვიზიტორი მიიღო, 2017 წელს – 141 591, 2018-ში კი – 152 752 დამთავლიერებელს უმასპინძლა. ეს ციფრები მოხვდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებში, რომლის მიხედვითაც 2019 წლის ივლისში, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში 5.8%-ით მეტი ტურისტი ჩამოვიდა.


ვიზიტორების რაოდენობა საქართველოში მზარდია, სამცხე-ჯავახეთში კი არც თუ ისე სახარბიელო მონაცემებია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ტურისტულ რეგიონში რამდენიმე წელია ვიზიტორების რაოდენობა სულ უფრო მცირდება.


საქსტატს 2019 წლის ჯერ მხოლოდ პირველი კვარტალი აქვს დათვლილი. ამ პერიოდში სამცხე-ჯავახეთს, საქართველოში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორების მხოლოდ 4.2% ესტუმრა. ასეთი ცოტა ტურისტი, 2014 წლიდან დღემდე, რეგიონს არც ერთ კვარტალში სწვევია.


ტურისატული რეგიონი სამცხე-ჯავახეთი ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, ბოლოდან მეორე ადგილზეა.


2018 წელს უცხოელი ვიზიტორების მიერ მონახულებული რეგიონები:


თბილისი 35.5%


აჭარა 20.6%


მცხეთა-მთიანეთი 13.2%


ქვემო ქართლი 11.3%


კახეთი 5.8%


სამცხე-ჯავახეთი 5.5%


იმერეთი 3.4%


„საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის“ ხელმძღვანელს საქსტატის მონაცემები არ აკმაყოფილებს. ნუგზარ თათეშვილი ამბობს, რომ მიზეზების დასადგენად და ვითარების ანალიზისთვის სიღრმისეული კვლევაა საჭირო.


„კულინარიული ტურიზმი არ არის გაპიარებული და ვერც ვაპიარებთ.  ჯერ შიდა ბაზარზე უნდა გარეკლამდეს და შემდეგ გარე ბაზარმა აითვისოს. პიარს ვერ უკეთებენ ჯავახეთში გადამფრენი ფრინველების დაკვირვებასაც“.


ნუგზარ თათეშვილი ფიქრობს, რომ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს რეკლამა არ ხელისუფლებამ, არამედ კომპანიებმა უნდა გაუწიონ.


„ეს სახელმწიფოს საზრუნავი არ არის, მთავრობამ შესაძლოა პირობები შექმნას და ეს პირობები უკვე შექმნილია. ხუთი წელია ჯავახეთის ტბებზე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოწყობილია. ტურისტული კომპანიების პროფესიონალიზმი უნდა გაიზარდოს. ისინი ვერ აღიქვამენ სამცხე-ჯავახეთში ამ პერიოდში რა შეიძლება ნახოს ვიზიტორმა“.


რეგიონის და მუნიციპალიტეტების პირველი პირები ამბობენ, რომ სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი დიდია, ამიტომ რეგიონის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო სწორედ ამ სფეროს განვითარებაა. ამ მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულმა მესამე მოადგილე დანიშნა და ეს მიმართულება ჩააბარა. ზურა ხაჩიძე ამბობს, რომ რეგიონის პოპულარიზაციის მიმართულებით იმუშავებს.


„პოპულარიზაცია სჭირდება ამ რეგიონს. მეტი პერსპექტივა და პოტენციალი აქვს ტურისტების მოსაზიდად, რეკლამირება კი ნაკლები აქვს. შესაბამისად, ღონისძიებებიც ნაკლები ტარდება. ბევრი ჩემი მეგობარი, რომელიც ისვენებს ბორჯომში, სამ დღეში ტოვებს ქალაქს იმიტომ, რომ გართობის საშუალება არ არის“.


ზურა ხაჩიძემ პირველივე სამუშაო დღეს შეამჩნია, რომ „რეგიონში აქტიური ცხოვრება არ არის“. გუბერნატორის მოადგილე ამ მდგომარეობის გამოსწორებას, კულტურული ღონისძიებების გამართვით აპირებს.


„წელს იქნება ძალიან აქტიური წელი, ჩატარდება მუსიკალური ფესტივალი, ბორჯომის პარკი იქნება ძალიან აქტიური, რადგან ტურისტების დიდ ნაკადს ველოდებით როგორც საქართველოდან, ისე ევროპიდან, შესაბამისად, ჩვენ უნდა დავახვედროთ შესაბამისი კომფორტი, რომ კონკურენცია გავუწიოთ სხვა ქვეყნებს, რეგიონებს და ქალაქებს, რომ ჩვენთან დაისვენონ, ჩვენთან დახარჯონ ფული და ჩვენს ბიუჯეტში შევიდეს. ამას მოჰყვება კეთილდღეობა“.


ამავე მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით, რეგიონული ა(ა)იპ „სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ შეიქმნა. ექვსივე მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ორგანიზაციის მიზანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაციაა. DMO-ს მუშაობა ჯერ არ დაუწყია. საკონკურსო კომისია თანამშრომლებს ახლა არჩევს. როგორ აისახება და რა შედეგს გამოიღებს ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლების ნაბიჯები, ეს სავარაუდოდ, ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ, ციფრებში გამოჩნდება.


სხვა სიახლეები