• Ƀ/$

ქვეშეთი-კობის მისასვლელი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

15 აგვისტო 13:03, 2019 წელი | ეკონომიკა

ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. ახალ გზას ჩინური კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co” ააშენებს. 

13 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალექსანდრე თევდორაძემ და კომპანია “China Railway 23rd Bureau Group Co” -ის საქართველოში მუდმივმოქმედი ფილიალის გენერალურმა მენეჯერმა იანგ იუბინმა.


კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“  2002 წელს დაფუძნდა და წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილესი მშენებელი კომპანიის სახელით ცნობილი, ჩინეთის  სახელმწიფო საბჭოს ზედამხედველობის ქვეშ არსებული  უმსხვილესი  საწარმოს „China Railway Construction Corporation Limited“-ის ფილიალს. კომპანიამ ბოლო წლების განმავლობაში, დაასრულა 410 კმ საერთო სიგრძის ხიდების მშენებლობა და 610.1 კმ გვირაბების მშენებლობა. კომპანიას მონაწილეობა აქვს მიღებული 153 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში და მთლიანობაში შესრულებული აქვს 1200 კმ-ზე მეტი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტები. მისი მშენებლობის წლიური მოცულობა 20,000,000 მ³-ს აღემატება.


ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 მონაკვეთად, ჯამში დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის  მშენებლობა, მათ შორის, ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა.


ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, სატრანზიტო მნიშვნელობის  ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის  ნაწილია.  გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით.  ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. გვირაბი უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში მგზავრების უსაფრთხო და საიმედო გადაადგილებას, ახალი გზა კი  აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს.


პროექტის ზემოქმედების ზონაში  მოხვდება ხეობის 9 სოფელი.


მსგავს თემაზე:

ესტონეთი და ფინეთი შესაძლოა ერთმანეთს 100 კმ-იანი წყალქვეშა გვირაბით დაუკავშირდნენ


სამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთზე 16 სახიდე გადასასვლელი განთავსდება


ქუთაისის შემოვილითი გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა 2021 წლისთვის დასრლდება


ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობას ADB $415 მლნ-ით დააფინანსებს



სხვა სიახლეები