სოფლის მეურნეობა
ჰერბია
„გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში მთლიანად ქართულ ბაზარზე ვიქნებით ორიენტირებული“ - „ჰერბია“

მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანიის „ჰერბია“ წარმოებული პროდუქტის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე გეგმავს.როგორც კომპანიის დირექტორი ზურაბ ჯანელიძე  „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ადგილზე ბოსტნეულის დიდი სიმცირეა, რის გამოც გადაწყდა, რომ  თითქმის მთელი რესურსი, დაახლოებით 95%  ქართულ ბაზარზე გაიყიდოს. ექსპორტზე კი აქცენტი, წლის მეორე ნახევარში ბულგარეთზე გაკეთდება.რაც  შეეხება 2023 წლის ტენდენციას, როგორც '„ჰერბიას“ დირექტორი აღნიშნავს, გასულ წელს პროდუქტი ექსპორტზე საერთოდ არ გასულა. თუმცა 2022 წელს მცირე რაოდენობა, 5%-ის ფარგლებში გერმანიაში, ჰოლანდიასა და ბულგარეთში გაიყიდა.„პანდემიის შემდგომი პერიოდიდან ბოსტნეულზე მოთხოვნა გაიზარდა, რაც „ჰერბიას“ გაყიდვებზეც ადეკვატურად აისახება. წლიდან წლამდე სტაბილური ზრდა გვაქვს და ამ ტემპს წელსაც შევინარჩუნებთ. დროებით ვამბობთ უარს მასშტაბური ექსპორტის განხორციელებაზე, გაყიდვები ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იქნება მიმართული, რადგან მოთხოვნა ზრდადია. გაზაფხული-ზაფხულის განმავლობაში მთლიანად ქართულ ბაზარზე ვიქნებით ორიენტირებული, შემოდგომის პირს კი მცირე ნაწილს უკვე ევროპის ბაზარზე გავიტანთ, ძირითადად ბულგარეთში, სადაც ჩვენს პროდუქტს კარგად იცნობენ და მაღალი ნდობითაც ვსარგებლობთ. რაც მთავარია,  უწყვეტობის კუთხით აქ არ გვაქვს პრობლემა, სხვა ქვეყნებისგან  განსხვავებით ნაკლებად პრეტენზიული ბაზარია,  მაშინაც, როცა მიწოდებაში შეიძლება წყვეტა გვქონდეს“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.მიმდინარე წლის გეგმასთან დაკავშირებით ჯანელიძე აცხადებს, რომ დაახლოებით 20-25%-იანი ზრდა იქნება. ხოლო პროდუქციის ჯამური მოცულობა სავარაუდოდ 2000 ტონას გადააჭარბებს, რაც წინა წლის მაჩვენებელს მცირედით აღემატება.როგორც ცნობილია, კომპანიამ გასულ წელს ბაზარზე ახალი პროდუქტი, დაჭრილი მწვანილები და სალათის ფურცლების მიქსი გამოიტანა, რითაც რამდენიმე ქსელური მარკეტი მარაგდება. ჯანელიძის ინფორმაციით, აღნიშნულ მიმართულებას წარმოების დაახლოებით 25% უჭირავს.„დაჭრილი მწვანილის ხაზი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ჩვენი დიასახლისების დიდი ნაწილი ცოტა დროს ატარებს სახლში, უმეტესობა დასაქმებულია, ამიტომ  დროის დაზოგვის თვალსაზრისით გამზადებული პროდუქტის შეძენა მნიშვნელოვანია, ამიტომ მოთხოვნაც მატულობს, რასაც ჩვენი წარმოებაც ადეკვატურად პასუხობს. არ გამოვრიცხავ, მომავალში ამ მიმართულებით უფრო გავაძლიეროთ მუშაობა“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.ცნობისთვის, „ჰერბია“ მაღალტექნოლოგიური საწარმო წყალტუბოში მდებარეობს. კომპანია  30-მდე დასახელების მწვანილს და ბოსტნეულს აწარმოებს და 200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

1710764071

1709812585

საქართველოში ჭიაყელების ბიო-ფერმა ამოქმედდება - „მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია“

„მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია“ - როგორც კომპანია „მაკრო პრიმის“ დამფუძნებელი, გურამ გეჯაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ სასუქზე მოთხოვნა ძალიან გაზრდილია და ის ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ასწრებს.გურამ გეჯაძე: წლიურად დაახლოებით 150 ტონა სასუქს ვაწარმოებთ. წლიდან წლამდე მოთხოვნა მკვეთრად მატულობს. წელს მაგალითად, მოთხოვნა წარმოებაზე 10-ჯერ მეტია, ამიტომ ექსპორტზე გატანა ჯერჯერობით არც კი მოიაზრება.სასუქის რეალიზაცია ხდება როგორც ქსელურ მაღაზიებში - „კარფურში“, „გორგიაში“, „დომინოში“, ისე ფერმერებთან. 1 კილოგრამი მყარი სასუქი 1,2 ლარი ღირს, ხოლო თხევადი - 6 ლარი. მაღაზიებში კი ფასი განსხვავებულია. გურამ გეჯაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ჰყავს ჭიაყელების გარკვეული რაოდენობა, რომლებიც სასუქის წარმოებისთვის გამოიყენება, მაგრამ სამომავლოდ ჭიაყელების ბიო-ფერმის გაკეთებას გეგმავს.„ჭიაყელებით ცილის, პროტეინის წარმოება მოხდება, როგორც საკვები დანამატი მეცხოველეობაში. როგორც კი რაღაც მასშტაბზე გავალ, რომ გამოიხშიროს, ფერმას აუცილებლად გავაკეთებ“ - ამბობს ის.ჭიაყელების მიერ გადამუშავებული მსხვილფეხა პირუტყვის ფერმენტირებული ნაკელი უნიკალური პროდუქტია, რომლის ინტენსიური გამოყენება აღადგენს გამოფიტულ და ქიმიურად დაბინძურებულ ნიადაგს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას. ასეთი სასუქის გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტი მიიღება.„მაკრო პრიმმა“ წარმოება 2011 წლიდან დაიწყო. საწარმო გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარეობს.

1709632321

ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები 7.1%-ით გაიაფდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 3 პროცენტით შემცირდა.მათი განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 7.1 პროცენტიანი კლებით, რამაც -3.99 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.„წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი შემცირდა 4.6 პროცენტით. ინდექსის კლება, ძირითადად, გამოწვეული იყო ერთწლოვანი კულტურების ღირებულების 25.2 პროცენტიანი კლებით, რაც -5.22 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება გაიზარდა 4.3 პროცენტით, რამაც 1.18 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, - აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

1709542800

ქვეყნები, სადაც ცხვრების რაოდენობა ადამიანებს აღემატება

ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოში საშუალოდ, 1.2 მილიარდი ცხვარია. ამის მთავარი კონტრიბუტორი კი ჩინეთია, რომელსაც ცხვრების ყველაზე დიდი პოპულაცია ჰყავს. შესაბამისად, კონტინენტების მიხედვითაც, ყველაზე მეტი ცხვარი, გლობალური პოპულაციის 42% აზიაში ცხოვრობს, 31% - აფრიკაში, 11% - ევროპაში, 8.1% - ოკეანეთში, ხოლო 7% ამერიკის ორივე კონტინენტზე ერთად.2019 წლისთვის ჩენეთში 187 მილიონი ცხვარი, გლობალური პოპულაციის 15% ირიცხებოდა. მაღალია ცხვრების რაოდენობა ინდოეთში, ავსტრალიაში, სუდანში, ირანსა და ახალ-ზელანდიაშიც. ცხვრების მაღალი რაოდენობა ამ ქვეყნებში ცხვრის პროდუქტებზე მაღალ მოთხოვნას პასუხობს. 2018 წელს ჩინეთში ცხვრისა და ბატკნის 2.7 მილიონი ტონა ხორცი მოიხმარეს. ცხვრის ხორცზე მაღალია მოთხოვნა ყაზახეთშიც, სადაც ერთი ადამიანი წლის განმავლობაში 8.2 კგ ხორცს მოიხმარს.თუმცა განსხვავებით ქვეყნებისა, რომელთა მოსახლეობაც მაღალია, იქნება ეს ჩინეთი თუ ინდოეთი, ისეთ ქვეყნებსაც ვხვდებით, სადაც ცხვრის პოპულაცია ადამიანების რაოდენობას აღემატება. ასეთია, მაგალითად, ავსტრალია, სადაც ერთ სულ მოსახლეზე 3.3 ცხვარი მოდის.ამ ქვეყანათა ჩამონათვალს მიეკუთვნებიან:ნამიბია - 1.08 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეირლანდია - 1.1 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზემავრიტანიის ისლამური რესპუბლიკა - 1.8 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეისლანდია - 1.2 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეურუგვაი - 2.9 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეუელსი - 3 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზემონღოლეთი - 4.5 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზეახალი ზელანდია - 5.1 ცხვარი ერთ სულ მოსახლეზესავარაუდოა, რომ ახალ ზელანდიაში ცხვრებისა და ადამიანების ეს შეფარდება მომავალ წლებში ვერ შენარჩუნდება, რადგან ცხვრის პოპულაცია ქვეყანაში წლიდან წლამდე დრამატულად მცირდება. თუ 1982 წელს აქ 70 მილიონი სული ცხვარი ფიქსირდებოდა, 2020 წელს მათი რაოდენობა 26 მილიონამდე შემცირდა.ასევე არსებული პროგნოზით, ჩინეთი ცხვრების რაოდენობით გლობალური ლიდერის ტიტულს მომავალი წლების განმავლობაშიც შეინარჩუნებს. 


სხვა სიახლეები
თიბისი
ფასდაკლება თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვეულებისათვის ჯპს-სა და ფარდამეპოში

დღეიდან თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს შეუძლიათ ჯპს-სა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში სხვადასხვა ბენეფიტით ისარგებლონ. “ჯპს-სა და ფარმადეპოსთან თანამშრომლობა ჩვენი მომხმარებლებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. დღეიდან ჩვენს დაზღვეულებს შესაძლებლობა აქვთ ფასდაკლებით შეიძინონ თავის მოვლის საშუალებები, ვიტამინები და საკვები დანამატები ნებისმიერ დროს. დასაწყისისთვის შეთავაზება მოიცავს 2 მიმართულებას, მაგრამ სამომავლოდ ბენეფიტები გაიზრდება და ჩვენი მომხმარებლები ყოველ თვე მიიღებენ ფასდაკლებებს სხვადასხვა ბრენდებზე”, - თიბისი დაზღვევა. თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლები ჯპს-სა და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში 40%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ კოსმეტიკის, საკვები დანამატებისა და ვიტამინების ბრენდებზე. ჩამონათვალს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ https://bit.ly/3Iizrld 

ბიზნესი 1710856178

პითონი
ხორცის წარმოებისთვის შესაძლოა პითონების მოშენება დაიწყონ

მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი პითონების სახორცედ მოშენებას მიზანშეწონილად მიიჩნევს.  მკვლევრებმა გამოიკვლიეს გველების 2 სახეობა -  ბადისებრი პითონი და ბირმული პითონი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ასეთი წარმოება შეიძლება ეფექტიანი და ეკოლოგიური იყოს.კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა. პითონებზე ზრუნვა ძალიან მარტივი აღმოჩნდა. ისინი სწრაფად იზრდებიან შეზღუდული კვებითაც კი, მოიხმარენ მცირე საკვებს და აწარმოებენ ბევრ ხორცს.მოხმარებული საკვების თანაფარდობა პითონებში წარმოებულ ხორცთან არის 1.2, რაც მათ დადებითად განასხვავებს სხვა ცხოველებისგან: ორაგული (1.5), ფრინველი (2.8), ღორის (6.0) და საქონლის ხორცი (10.0).გველებს შეუძლიათ თვეობით შიმშილი სხეულის წონის დაკლების გარეშე, რაც მათ არასტაბილური წყლისა და საკვების დეფიციტის მქონე რეგიონებში მოშენებისთვის იდეალურს ხდის.კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ პითონების მოშენება და გაზრდა ტყვეობაში, კომერციული მასშტაბებით ბიოლოგიურად და ეკონომიკურად მიზანშეწონილია.თუმცა, ჯერჯერობით ეს მხოლოდ თეორიული ვარაუდია. პითონის ხორცის გემო ჯერ არ არის შესწავლილი და მათი მოშენების საჭიროებები ნაკლებადაა შესწავლილი, ვიდრე თბილსისხლიანი ცხოველების.

საზოგადოება 1710855627

ბიტკოინი და ეთერიუმი
ბიტკოინის და ეთერიუმის ფასი, რეკორდის მოხსნის შემდეგ, ეცემა

ბიტკოინის ფასი რეკორდული შედეგების შემდეგ უკან სვლას და დაცემას განაგრძობს, რაც თავისთავად იწვევს, სხვა კრიპტოაქტივების ფასების კლებას. დღევანდელი, 19 მარტის კურსით (16:45 თბილისის დროით), ბიტკოინი 63 610 დოლარად ივაჭრება, როდესაც 4 დღის წინ, მისმა ღირებულებამ 74 000 დოლარს გადააჭარბა.ბიტკოინი 2024 წლის დასაწყისიდან თითქმის 35%-ით გაიზარდა, რასაც ხელი ბიტკოინის ETF-ის გაშვებამ შეუწყო. უნდა ითქვას ისიც, რომ 25 თებერვლიდან, იგი 51 772.9 დოლარიდან, თითქმის 15%-ით გაიზარდა.ბიტკოინის უკანასკნელი ზრდის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ისიც, რომ მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა და მსხვილმა კრიპტო-ინვესტორმა MicroStrategy-მ 3000 ბიტკოინი, 155,4 დოლარად იყიდა. რაც შეეხება მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტას - ეთერიუმს. მისმა ფასმა 12 მარტს 4090 დოლარს მიაღწია, მაგრამ კრიპტოვალუტის ღირებულება, ბიტკოინის მსგავსად საგრძნობლად, თითქმის 25%-ით შემცირდა და ახლა იგი ბირჯებზე 3290.1 დოლარად ივაჭრება.

საზოგადოება 1710854569

მობილური ოპერატორები
როგორია მობილური ოპერატორების მიხედვით აბონენტების გადანაწილება

2024 წლის იანვრის მონაცემებით ქვეყანაში მობილური აბონენტების რაოდენობამ 5,45 მილიონი აბონენტი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებლებს 1,6%-ით აჭარბებს.როგორც comcom-ის მობილური მომსახურების ბაზრის ანგარიშშია აღნიშნული, იანვარში კომპანიებმა მობილური აბონენტებისთვის გაწეული მომსახურების შედეგად 67,5 მლნ ლარი შემოსავალი მიიღეს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 62 მლნ ლარი, შესაბამისად ზრდა 8,7%-ია.თუ კი არსებულ სტატისტიკას ბაზრის ლიდერი კომპანიების დონეზე ჩაშლით ირკვევა, რომ იანვრის მონაცემებით მაგთიკომის აბონენტების რაოდენობამ 2,27 მლნ აბონენტი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი კომპანიის აბონენტების რაოდენობა 2,24 მლნ-ს შეადგენს, ზრდა 1,6%-ა.სილქნეტის მობილური აბონენტების რაოდენობამ იანვარში 1,85 მლნ აბონენტი შეადგინა, ზრდა გასულ წელთან 3,5%-ია. 2023 წლის იანვარში კომპანიის მობილური აბონენტების რაოდენობა 1,79 მლნ-ს შეადგენდა.მობილურ აბონენტებიდან მიღებული შემოსავლები იანვარში  მაგთიკომის მაგალითზე 4,4%-ით გაიზარდა, ხოლო სილქნეტის მაგალითზე 11,5%-ით.ირკვევა, რომ 2024 წლის იანვრის მონაცემებით, ბაზრის წილი აბონენტების რაოდენობის მიხედვით ასეა გადანაწილებული: მაგთიკომი: 41.7%, სილქნეტი: 34.0%, სელფი მობაილ: 24.0%, ეკლეკტიკ: 0.34%.ბაზრის წილი შემოსავლების მიხედვით: მაგთიკომი: 47.9%, სილქნეტი: 35.4%, სელფი მობაილ: 16.5%, ეკლეკტიკ: 0.2%.

ბიზნესი 1710854202

ვალუტის კურსი
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7128 ლარი გახდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7098 ლარი იყო.გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9420 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9529 ლარს შეადგენს.თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულებაც 0.0839 ლარია.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 20 მარტს შევა ძალაში.

ეკონომიკა 1710853524

კაკაო
კაკაოს ფასი რეკორდულ ნიშნულზეა - იზრდება შაქრისა და ყავის ფასებიც

კაკაოს ფასი ნიუ-იორკისა და ლონდონის ბაზრებზე რეკორდულ მაჩვენებელზეა. აღნიშნული გამოწვეულია დასავლეთ აფრიკაში მიღებული ცუდი მოსავლითა და მიწოდების დეფიციტით. როგორც „როიტერსი“ წერს, კაკაოსთან ერთად, კვლავ მაღალი რჩება ყავისა და შაქრის ფასი.ნიუ-იორკის ბაზარზე, კაკაოს მაისის ფიუჩერსებმა ტონაზე 8,172 დოლარს მიაღწია. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელთან შედარებით ფასი 193%-ით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 36%-ით არის გაზრდილი.ლონდონის ბაზრებზე რობუსტას ყავის მაისის ფიუჩერსები ტონაზე 3 348 დოლარამდე გაიზარდა. რებუსტას ყავის უმსხვილესი მწარმოებელი ვიეტნამია, საიდანაც მიწოდება შეფერხებულია, ეს კი ხელს უშლის ფასის შემცირებას. რაც შეეხება შაქრის ფასს, ლონდონის ბაზარზე ნედლი შაქრის მაისის ფიუჩერსების ფასი 22.17 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო თეთრი შაქრის მაისის ფიუჩერსების ფასი 0.4%-ით გაიზარდა და ტონაზე 629 დოლარი შეადგინა.

ეკონომიკა 1710848776