• Ƀ/$

აშშ–ჩინეთის სავაჭრო ომის გამწვავებამ ნავთობიც დასცა

26 აგვისტო 11:22, 2019 წელი | ეკონომიკა

აშშ–ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების გამწვავების ფონზე ეტალონური მარკების ნავთობი ზედიზედ მეოთხე სესიაა, იაფდება.

Brent-ის მარკის ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე დღეს დილით 0,99%–ით გაიაფდა და ბარელი $58,75 ღირს.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, ოქტომბერში მიწოდების პირობით, კიდევ უფრო მეტით – 1,13%–ით შემცირდა და ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე ბარელი $53,56 ნიშნულზე ივაჭრება.


დიდი მარდნა აზიის მთავარ ბირჟაზე


მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტოკიოს ბირჟაზე, რომელიც აზიაში უმსხვილესია, აშშ–თინეთის სავაჭრო ომის ფონზე დღე დიდი ვარდნით დაიწყო.


ადგილობრივი დროით 09:30 საათისთვის ქვეყნის საკვანძო ინდექსმა Nikkei, რომელიც იაპონიის წამყვანი 225 კომპანიის აქციების კურსს გამოსახავს, 2,08% დაკარგა და 20279,23 პუნქტამდე ჩამოქვეითდა.


სერიოზული ვარდნა განიცადა აშშ დოლარმაც, რომლის კურსი სავაჭრო სესიის დასაწყისშივე 1,42%–ით გაუფასურდა და ერთი დოლარის ფასი 105,12 იენის ნიშნულზე ფიქსირდება.


აშშ–ის მთავარმა ფინანსისტმა სტივენ მნუჩინმა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს დიდი შვიდიანის (G7) სამიტზე ახლავს, კვირას განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მყარ პოზიციაზეა ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების შემოღებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, პრეზიდენტი ყველა ზომას განიხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს და ამერიკულ პროდუქციას გაზრდილი ტარიფით დაბეგრავს.


ამერიკის პრეზიდენტმა 1–ელ აგვისტოს განაცხადა, რომ 1–ლი სექტემბრიდან ჩინეთიდან იმპორტირებულ $300 მლრდ–ის ღირებულების პროდქციაზე დამატებით 10%–იან გადასახადს დააწესებს. საპასუხოდ პეკინში განაცხადეს, რომ ამერიკიდან იმპორტირებულ აგრარულ პროდუქციას დაბეგრავენ. 13 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი ზოგიერთ ჩინურ პროდუქციაზე დამატებითი გადასახადის შემოღებას 15 დეკემბრამდე გადაავადებს.


აშშ და ჩინეთი რამდენიმე თვეა, ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავენ სავაჭრო საკითხებში არსებული უთანხმოების აღმოსაფხვრელად. ბოლო, მე–12 რაუნდი შანხაიში 30–31 ივლისს გაიმართა.


მსგავს თემაზე:

აშშ–ჩინეთის სავაჭრო ომმის გამწვავებამ ტოკიოს ბირჟაზე აჟიოტაჟი გამოიწვია



სხვა სიახლეები