• Ƀ/$

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა დღეს $14 მლრდ დაკარგეს

26 აგვისტო 12:27, 2019 წელი | ეკონომიკა

მსოფლიოს ათმა უმდიდრესმა ადამიანმა, აშშ–ჩინეთის სავაჭრო ომის გამწვავების ფონზე ბირჟების ვარდნის შედეგად, ბოლო ერთ დღეში $14 მლრდ დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg Billionaires Index (BBI) რეიტინგშია ნათქვამი.

რეიტინგის მონაცემებით, ყველაზე მეტი დანაკარგი – $3,25 მლრდ–ის მოცულობით Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა განიცადა.


Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის, Microsoft-ის დამფუძნებლის ბილ გეითსის, ჰოლდინგური კომპანიის Google - Alphabet Inc თანადამფუძნებლების ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის, Oracle-ს თანადამფუძნებლის ლარი ელისონის, საინვესტიციო ფირმის Berkshire Hathaway ხელმძღვანელის უორენ ბაფეტის ქონება $1,3–დან $1,8 მლრდ–ის მოცულობით შემცირდა.


24 რუსი მილიარდერის ჯამურმა ზარალმა $2 მლრდ შეადგინა.


აღსანიშნავია, რომ ბირჟების რყევის შედეგად, რამდენიმე მილიარდერმა პირიქით, გაზართა საკუთარი კაპიტალი.


ნავთობის ვარდნა


აშშ–ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების გამწვავების ფონზე ეტალონური მარკების ნავთობი ზედიზედ მეოთხე სესიაა, იაფდება.


Brent-ის მარკის ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსები ლონდონის ბირჟაზე დღეს დილით 0,99%–ით გაიაფდა და ბარელი $58,75 ღირს.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, ოქტომბერში მიწოდების პირობით, კიდევ უფრო მეტით – 1,13%–ით შემცირდა და ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე ბარელი $53,56 ნიშნულზე ივაჭრება.


დიდი მარდნა აზიის მთავარ ბირჟაზე


მანამდე ცნობილი გახდა, რომ ტოკიოს ბირჟაზე, რომელიც აზიაში უმსხვილესია, აშშ–თინეთის სავაჭრო ომის ფონზე დღე დიდი ვარდნით დაიწყო.


ადგილობრივი დროით 09:30 საათისთვის ქვეყნის საკვანძო ინდექსმა Nikkei, რომელიც იაპონიის წამყვანი 225 კომპანიის აქციების კურსს გამოსახავს, 2,08% დაკარგა და 20279,23 პუნქტამდე ჩამოქვეითდა.


სერიოზული ვარდნა განიცადა აშშ დოლარმაც, რომლის კურსი სავაჭრო სესიის დასაწყისშივე 1,42%–ით გაუფასურდა და ერთი დოლარის ფასი 105,12 იენის ნიშნულზე ფიქსირდება.


აშშ–ის მთავარმა ფინანსისტმა სტივენ მნუჩინმა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს დიდი შვიდიანის (G7) სამიტზე ახლავს, კვირას განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი მყარ პოზიციაზეა ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების შემოღებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, პრეზიდენტი ყველა ზომას განიხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს და ამერიკულ პროდუქციას გაზრდილი ტარიფით დაბეგრავს.


ამერიკის პრეზიდენტმა 1–ელ აგვისტოს განაცხადა, რომ 1–ლი სექტემბრიდან ჩინეთიდან იმპორტირებულ $300 მლრდ–ის ღირებულების პროდქციაზე დამატებით 10%–იან გადასახადს დააწესებს. საპასუხოდ პეკინში განაცხადეს, რომ ამერიკიდან იმპორტირებულ აგრარულ პროდუქციას დაბეგრავენ. 13 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი ზოგიერთ ჩინურ პროდუქციაზე დამატებითი გადასახადის შემოღებას 15 დეკემბრამდე გადაავადებს.


აშშ და ჩინეთი რამდენიმე თვეა, ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავენ სავაჭრო საკითხებში არსებული უთანხმოების აღმოსაფხვრელად. ბოლო, მე–12 რაუნდი შანხაიში 30–31 ივლისს გაიმართა.


სხვა სიახლეები