• Ƀ/$

მამუკა ბახტაძე განცხადებას გააკეთებს. შესაძლოა მან პოსტი დატოვოს

2 სექტემბერი 09:20 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს განცხადებას გააკეთებს, ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.

1tv.ge-ს ინფორმაციით, შესაძლოა, განცხადება მის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლას უკავშირდებოდეს.


მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია.


დაგეგმილ სამთავრობო ცვლილებებზე მმართველი გუნდის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე იმსჯელეს, თუმცა დეპუტატებმა ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტეს, ვის შეეხება ცვლილება.


როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, იყო მსჯელობა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სამშაბათს პოლიტსაბჭოს სხდომაზე გაგრძელდება.


პრემიერის შეცვლის კონსტიტუციური პროცესის შესახებ:


საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, პარლამენტი ნდობას უმრავლესობის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის და მიერ წარდგენილ მთავრობას უცხადებს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარედგინება.


მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად დეპუტატთა ხმების უმრავლესობაა საჭირო.


იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არაუადრეს 2 და არაუგვიანეს 3 კვირისა პარლამენტს დაითხოვს და საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს.


სხვა სიახლეები