• Ƀ/$

ექსპერტი: რასმუსენის ფორმულა მისაღებია უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების თვალსაზრისით

10 სექტემბერი 18:12 | ანალიტიკა

პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ძებისაშვილი სრულიად მისაღებად მიიჩნევს ნატოს ყოფილი გენმდივნის ფორმულას საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე.

ამის შესახებ ლაშა ძებისაშვილმა M2B-სთან საუბარში, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. ნატოს ყოფილმა გენმდივანმა რასმუსენმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა: „ვფიქრობ, უნდა განიხილებოდეს, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმით ნატო-ში მიღებას, რომლის მიხედვითაც მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიას“.


ლაშა ძებისაშვილის თქმით, „აღნიშნული ფორმულა არის სრულიად მისაღები როგორც უსაფრთხოების გარანტიების მიღების, ასევე ქვეყნის სტაბილური განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების თვალსაზრისით. აღნიშნული ფორმულით ჩქარდება ჩვენი მიღება ალიანსში, საქართველოს არაოკუპირებულ ნაწილზე უსაფრთხოების და სამხედრო დაცვის გარანტიების მიღება (რაც დღეს არ გვაქვს), რუსეთის მოსალოდელი სამხედრო აგრესიის გაქრობა (დღეს ეს საფრთხე გაზრდილია), და ამავე დროს აღნიშნული ფორმულა არ ამობს უარს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე. პრირიქით, ამ ფორმულით გაწევრიანების პოლიტიკური ნაწილში აუცილებლად იქნება აღნიშნული, რომ ალიანსი ცნობს საქართველოს მხოლოდ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხოლოდ დაცვის გარანტიები გავრცელდება არაოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ მშვიდობიანი გზით დაბრუნებამდე, რა დროსაც გარანტიები მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება“.


მისივე თქმით, ეს ფორმულა არ არის ახალი. ეს ფორმულა გამოყენებულ იქნა გერმანიასთან მიმართებაში და მასში არავითარი საფრთხე საქართველოსთის აფხაზეთის ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაკარგვის თვალსაზრისით არ არსებობს.


„პირიქით, რუსეთის მიერ ამ ორი ოკუპირებული ტერიტორიის აღიარების შემდეგ, აღნიშნული მექანიზმი ერთადერთ ქმედით ბერკეტად იქცევა საქართველოს უსაფრთხოების გარანტირებისათვის. შესაბამისად, მისი სტაბილური ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისთვის, რაც აუცილებლად დასრულდება ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნებით“, – ამბობს ექსპერტი.


მისივე თქმით, ამ მექანიზმის ალტერნატივა სადღეისოდ არა არსებობს და საჭიროა საქარველოს საგარეო პოლიტიკა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით აიგოს.


M2B-ს კითხვაზე, ასეთ სტრატეგიაზე გადასვლის შემთხვევაში საქართველო, თუნდაც შორეულ პერსპექტივაში, ხომ არ დაკარგავს შანსს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, ლაშა ძებისაშვილი აცხადებს, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება.


„პირიქით, ეს მექანიზმი არსებული სახელმწიფოებრიობის და არაოკუპირებული ნაწილის გადარჩენის ერთადერთი რეალური შანსია, რაც მომავალში სწორედაც რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შანსს ერთიორად ზრდის. ამ მექანიზმის არმიღების შემთხვევაში ჩვენ უარს ვამბობთ როგორც უსაფრთხოების მყარ გარანტიებზე, ასევე დამატებით საფრთხეში ვიგდებთ თავს და რეალურად რუსულ სცენარს გავათამაშებთ იმით, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიანად ნატოში გაწევრიანების მოთხოვნით პრაქტიკულად მოვსიპობთ რაიმე შანსს ალიანსში გაწევრიანების, და ამავე დროს ხელს შევუწყობთ რუსულ სტრატეგიულ მიზანს, რომელიც ნატოში ჩვენი გაწევრიანების შეფერხების მაქსიმალურ გაწელვას და საბოლოო არგაწევრინებას გულისხმობს“.


ლაშა ძებისაშვილის აზრით, ნატოში ნებისმიერი პირობით გაწევრიანების შემთხვევაში, გარდა უსაფრთხოებისა, საქართველო ბევრ სხვა ბენეფიტს მიიღებს, თუნდაც ეკონომიკის მიმართულებით.


„არ არსებობს არცერთი ქვეყნის სტაბილური ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარების პერსპექტივა, სახელმწიფოებრიობის გაქრობის, ანუ გარე სამხედრო აგრესიის რეალური და პერმანენტული საფრთხის ფონზე. ზოგადი გარე უსაფრთხოების უზრუნველყოფა არის უმნიშვნელოვანესი გარანტია ეკონომიკურ-სოცილაური და ინსტიტუციური, ანუ სახელმწიფოებრივი განვიტარებისთვის. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითი ამის მკაფიო მაჩვენებელია. სხვათაშორის ისინი ჯერ ნატო-ში გაწევრიანდნენ და შემდეგ ევროკავშირში. ანუ ჯერ მიიღეს უსაფრთხოების გარანტიები და შემდეგ მიეცათ საშუალება ეკონომიკურ-სოციალური განვიტარებისთის“, – აცხადებს ექსპერტი.


ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ „უნდა განიხილებოდეს, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმით ნატო-ში მიღებას, რომლის მიხედვითაც მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიას“.


მსგავს თემაზე:

NATO-ს ექსგენმდივანი რუსი ბიზნესმენის ბანკში დასაქმდა



სხვა სიახლეები