• Ƀ/$

დეველოპერული კომპანია m2 სვეტის მშენებლობებს დაასრულებს

11 სექტემბერი 11:19 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა. 

აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით.


მშენებლობების დასრულების მიზნით m2 კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22).


სამივე პროექტი ამ ეტაპზე 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს, აღნიშნულ კომპლექსებში საცხოვრებელს 2000-მდე მობინადრე ელოდება. ამჟამად უკვე დასრულებულია თბილისის მერიისა და m2-ის მიერ ინიცირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები და გაფორმებულია ხელშეკრულებები „სვეტის“ კომპანიებთან და მიწების მესაკუთრეებთან. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება m2-ს მიერ.


m2 მზადაა სამშენებლო სამუშაოებს „სვეტთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობის შესრულებისთანავე შეუდგეს. კერძოდ, მშენებლობა დაიწყება პროექტების შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვების აღებისთანავე. მშენებლობა დასრულდება ნებართვების აღებიდან სამი წლის ვადაში.


„ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებისა და ქალაქის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღეთ. აღნიშნულ პროექტში ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით ჩავერთეთ და მადლიერები ვართ ამგვარი ნდობის გამოცხადებისთვის. მოგეხსენებათ, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები ყველა ჩართულ მხარესთან და, როგორც ხედავთ, შედეგიც დადგა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი პრაქტიკა ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოა და გვიხარია, რომ ჩვენი დახმარებით, წლების განმავლობაში მომლოდინე ოჯახები კუთვნილ ბინას მიიღებენ“, - ამბობს m2-ის მმართველი პარტნიორი და BK Construction-ის გენერალური დირექტორი შოთა ბერეკაშვილი.


სხვა სიახლეები