• Ƀ/$

ტრამპის დამშვიდებამ ნავთობის ფასი დააგდო

12 სექტემბერი 12:54, 2019 წელი | ეკონომიკა

აშშ–ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოზიციის შერბილებამ ირანთან მიმართებაში ნავთობი მნიშვნელოვნად გააიაფა. სულ რაღაც 3 საათში Brent-მა 3,74, ხოლო WTI-მ 3,64% დაკარგა.

ამ დროისთვის Brent-ის მარკის ნავთობი ლონდონის ბირჟაზე $60,86 ნიშნულზე ივაჭრება, ხოლო ამერიკული მსუბუქი ნავთობის ფასი $55,86 დონეზეა.


ასეთი დინამიკა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თანამდებობიდან გადაყენებამ განაპირობა. ის ტრამპის გუნდში „შევარდნად“ ითვლებოდა, რომელიც აშშ–ის მოწინააღმდეგეებზე მკაცრი ზეწოლის პოლიტიკის მომხრე იყო. ბოლტონის გადაყენების შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ირანთან შესაძლო მოლაპარაკებებამდე მის მიმართ დაწესებული სანქციების შერბილებას.


ამერიკული მედიის ცნობით, იგივე ინიციატივა ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმაც გააჟღერა. მან 10 სექტემბერს განაცხადა, რომ ტრამპი მზადაა თეირანთან მოლაპარაკებებისთვის და რაიმე წინაპირობების გარეშე.


ვაშინგტონმა, რომელიც ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გავიდა, თეირანს ნავთობის ექსპორტზე სანქციები დაუწესა. სანქციები ნებისმიერ ქვეყანას შეეხება, რომელიც ოფიციალურად შეიძენს ირანისგან ნავთობს. ამის შემდეგ ისლამური რესპუბლიკა ნედლეულის შავ ბაზარზე გაყიდვას ცდილობს.


სხვა სიახლეები