• Ƀ/$

ლავროვის კომენტარი რუსეთ-ბელორუსის ურთიერთობებზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებით

13 სექტემბერი 19:08 | მედია ბიზნესისთვის - M2B

რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „ტრუდმა“ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რუსი დიპლომატი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონტექსტში რუსეთ-ბელარუსიის ურთიერთობებს აფასებს.

ლავროვის თქმით, რუსეთ-ბელორუსის ერთობლივად ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიებები, შეხვედრები ნათლად აჩვენებს იმას, თუ რამდენად ახლო ურთიერთობები აკავშირებს ორ სახელმწიფოსა და ხალხს.


მინისტრის კომენტარით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყებებს მჭიდრო კავშირები აქვთ ერთმანეთთან, რომელიც ბელორუსთან სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი „დამხმარე ბერკეტია“. ყოველწლიურად იმართება ერთობლივი სხდომები საგარეო უწყებათა კოლეგიებს შორის. დიპლომატიური ხაზის მიმართულებით მიმდინარეობს პროფილური დანაყოფების ორმხრივი კონსულტაციები, სადაც მუშავდება სანდო, გრძელვადიანი პერსპექტივებზე დამყარებული საერთო მიდგომები, საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებთან დაკავშირებით.


ლავროვის თქმით, ოფიციალური მინსკი არასდროს უჭერს მხარს „აშკარად პროვოკაციულ“ გაეროს რეზოლუციებს, „ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ“ და „ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ“. შესაბამისად  საუბარი იმაზე, რომ ბელორუსი არ აღიარებს საქართველოს ორი რეგიონს, აფხაზეთსა და ცხინვალს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, ორ ქვეყანას შორის დიალოგში არანაირ სირთულეს ქმნის.


ზემოაღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სააგენტო „პირველისთვის“ კომენტარი გააკეთა პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორმა, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა ლაშა ძებისაშვილმა.


ბატონო ლაშა, როგორ შეაფასებდით ლავროვის პოზიციას ბელორუსთან მიმართებაში?


ლავროვი თავის ინტერვიუში იქცევა სტანდარტული რუსული ტაქტიკით და გარდა იმისა რომ ფაქტებს ყირაზე აყენებს და მართლა ვირტუალური (ძალით შექმნილ, და მხოლოდ მისი ძალისხმევით არსებულ) სინამდვილე უნდა მოახვიოს მთელ მსოფლიოს, ის ასევე ყველა იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რასაც თვითონ მუდმივად სჩადის (ანუ საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფა, ძალის გამოყენება, შანტაჟი, შიდა საქმეებში ჩარევა და ასე შემდეგ) დასავლეთს აბრალებს. ეს არის ტიპიური საბჭოთა ქცევა საგარეო პოლიტიკაში, როცა თეთრს შავს უწოდებდნენ და პირიქით და ერთი წამითაც არ გრძნობდნენ კრემლში თავს  უხერხულად. ამ მხრივ ლავროვის ინტერვიუ იყო კლასიკური მაგალითი. 


 


ამავე დროს მისი შეფასება ბელორუსიის ლიდერის პოლიტიკისა, ლოგიკურია ვერ გაცდებოდა ფორმალურობის ჩარჩოებს და ტონალობას. ანუ მან ინტეგრაციული პროცესების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, და გაეროს ფორმატში რეზოლუციების მიღების დროს მოსკოვისა და მინსკის პოზიციების თანხვედრაზე. ეს გასაგებიცაა, ლუკაშენკო კარგ ბალანსს იცავს და ერთის მხრივ არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს და ამავე დროს მნიშვნელობით გაცილებით ნაკლები რეზოლუციების მიღების დროს რუსეთის ნარატივს მიყვება. ამ ქცევას თავისი ლოგიკური ახსნა აქვს და მოსკოვს მშვენივრად ესმის ეს ლოგიკა. 


 


რა არის იმის მიზეზი, რომ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობების მიუხედავად ბელორუსი არ აღიარებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“, ხოლო ყირიმს რუსეთის შემადგენლობაში?


ლუკაშენკოსთვის პოსტსაბჭოურ სივრცეზე ძალით საზღვრების გადასინჯვის აღიარება პირდაპირი დარტყმა იქნებოდა ბელორუსის წინააღმდეგ და მეტად ცუდ პრეცენდენტს დაუშვებდა მათ შორის საკუთრივ ბელორუსის მიმართ, მით უფრო როცა რუსეთი და ბელორუსი ერთიანი (საკავშირო) სახელმწიფოს იდეას მხარს უჭერენ, სადაც ლოგიკურად რუსეთს უნდა დომინანტი პოზიციის ხელში ჩაგდება. უკვე ინტენსიურად მიდის კრემლში საუბრები თუ როგორ უნდა მოახერხოს მოსკოვმა ბელორუსის "მიტაცება" ლუკაშენკოს წასვლის შემდეგ. და ამგვარი საუბრები პირდაპირ უბიძგებს მინსკს დისტანცია დაიჭიროს მოსკოვისგან გადამწყვეტ საკითხებში, სადაც სახელმწიფოებრიობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპი განიხილება. მიუხედავად ერთიანი პოლიტიკური, სამხედრო და და ეკონომიკური სივრცისა, ბელორუსი სულ უფრო მეტ სირთულეებს აწყდება რუსეთისგან, რომელიც ხშირად სანქციებსაც კი იყენებს ბელორუსი მოკავშირის "მოსარჯულებლად". რუსეთის რჩება ბელორუსული პროდუქციის გასაღების ძირითადად ბაზრად და შესაბამისად ნებისმიერი სანქცია (რძის პროდუქტებზე თუ მანქანათმშენებლობის პროდუქციაზე) მწარედ ურტყავს ბელორუსის ეკონომიკას. ამის არაერთი პრეცენდენტი იყო წარსულში. ამავე დროს ბელორუსზე გადის რუსეთის ნავთობის დასავლეთში ტრანსპორტირების ერთ-ერთი ძირითადი მარშრუტი (ნავთობსადენი), რომლის მანიპულირებასაც რუსები ასევე ახორციელებენ. მაგალითად გაზაფხულზე ნახევარი მილიონი ტონა უხარისხო ნავთობის დასავლეთისთის მიწოდების მცდელობა ბელორუსული ნავთობსადენი სიტემის გამოყენებით, რა დროსაც მწობრიდან გამოვიდა როგორც ბელორუსული ნავთობის მიმღებ-გადამამუშავებელი ქარხანა, და ასევე დაზარალდა პოლონური სადგურები და მიმღები სადგურები გერმანიაში (საკუთრივ რუსული „როსნეფტის“ პარტნიორები). რუსეთი მკაფიოდ აჩვენებს ბელორუსს რომ მისი დასჯა მარტივად შეიძლება, თუმცა ამავე დროს ეს ნიშნები ასევე მკაფიო ინდიკატორია მინსკისთვის რომ კიდევ უფრო მეტი დამოკიდებულება რუსეთზე სახიფათოა. შესაბამისად, შესაძლებლობის ფარგლებში, მინსკი ცდილობს ეკონომიკური-პოლიტიკური სარგებლის გაზრდას დასავლეთთან თანამშრომლობით, და ამავე დროს იმ პრინციპული საკითხების არდათმობით (ტერიტორიული მთლიანობის), რომლებიც გადამწყვეტია როგორს საკუთრივ ბელორუსის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის, ასევე პრინციპულად მნიშნელოვანია დასავლეთისთვის, რომლისთვისაც როგორც ყირიმის ანექსია, ასევე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მიუღებელია. 


სხვა სიახლეები