• Ƀ/$

ჭავჭავაძის გამზირზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო

14 სექტემბერი 15:28 | მედია ბიზნესისთვის - M2B

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს კიდევ ერთხელ გაეცნო. ამჟამად, კეკელიძის ქუჩიდან მირცხულავას ქუჩამდე მონაკვეთზე ასფალტის საფარის პირველი ფენა იგება.

თბილისის მერის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე არსებულ მონაკვეთზე, დაპირებისამებრ, 16 სექტემბრიდან,  ავტომობილები გადაადგილებას თავისუფლად შეძლებენ.


„სწავლა იწყება და ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკრეტულ მონაკვეთზე დროში ჩავეტიოთ. ამით პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდება. ასევე, პარალელურ რეჟიმში მოწესრიგდება ტროტუარები, შეიცვლება განათების ბოძები, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება. გარდა ამისა, ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლები მოეწყობა. ეს პროექტი  ჩვენთვისაც სიახლეა. ამ პროექტის განხორციელება ფრანგი ექსპერტების მითითებით მოხდა, რომლებიც სატრანსპორტო პოლიტიკის დაგეგმვაში გვეხმარებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.


რაც შეეხება სატრანსპორტო სქემას, ჭავჭავაძის გამზირის აღნიშნულ მონაკვეთზე  ტრანსპორტის მოძრაობა 16 სექტემბრიდან ცალმხრივად აღდგება და გადაადგილება მელიქიშვილის ქუჩის მიმართულებით იქნება შესაძლებელი.


ვაკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, ტრანსპორტი გაივლის აბაშიძის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირს მირცხულავას, ბაზალეთისა ან ერისთავის ქუჩებიდან დაუკავშირდება. კეკელიძის ქუჩის მხრიდან ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრავი ტრანსპორტიც ჭავჭავაძის გამზირზე ამავე ქუჩებიდან ჩაუხვევს.


ნაწილობრივ შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. ავტობუსები N9 და N59, ასევე მიკროავტობუსები N32, N35, N120, N126, N137, N170, N171 და N202 აბაშიძის ქუჩიდან ჩაუხვევენ ბაზალეთის ქუჩაზე, საიდანაც ჯერ ჭავჭავაძის გამზირს, შემდეგ კი - მელიქიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან. ისინი უკუმიმართულებით გაივლიან კეკელიძის, ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩებს, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე მოხვდებიან.


შატბერაშვილის ქუჩიდან სადგურის მოედნისკენ მოძრავი N66 ავტობუსი მრგვალი ბაღიდან ჯერ ერისთავის, შემდეგ კი ფალიაშვილის ქუჩაზე შეუხვევს და ჭავჭავაძის გამზირს ბაზალეთის ქუჩიდან დაუკავშირდება.


მსგავს თემაზე:

დიდუბეში ექვსი თვის განმავლობაში ასფალტის საფარი 35 946 კვ.მ ფართობზე დაიგო


თიანეთი ახმეტას ასფალტო-ბეტონის გზით დაუკავშირდება



სხვა სიახლეები