• Ƀ/$

სებმა კონტრციკლული ბუფერი უცვლელად შეინარჩუნა

18 სექტემბერი 17:14 | ფინანსები

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე  დატოვა.

2019 წლის დასაწყისიდან სესხების ზრდა, ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედების შედეგად, მოსალოდნელი ტენდენციით ხასიათდება. 2019 წლის აგვისტოში საკრედიტო პორტფელის წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 14.6% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების ზრდით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ სესხების ფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს, რაც გასულ პერიოდებში ჭარბ საკრედიტო ზრდასა და გაცვლითი კურსის ეფექტს ასახავს. კომიტეტის შეფასებით, არსებული ტენდენციით საკრედიტო ზრდა საშუალოვადიან პერიოდში მდგრად დონეს დაუახლოვდება.


საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ჩარჩოს განვითარებას. ფინანსური სტაბილურობის, როგორც მდგრადი ეკონომიკური ზრდის წინაპირობის ხელშეწყობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზანია. მიზნის მისაღწევად, ეროვნული ბანკი ახორციელებს მაკროპრუდენციულ პოლიტიკას, რათა თავიდან აიცილოს სისტემური რისკების დაგროვება და, შესაბამისად, შეამციროს კრიზისის ალბათობა და გააუმჯობესოს ფინანსური სექტორის მდგრადობა. ფინანსური სტაბილურობის ჩარჩოს ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი შეიმუშავა - ფინანსური სტაბილურობის ანგარიში და მაკროპრუდენციული პოლიტიკის სტრატეგია.


სხვა სიახლეები