• Ƀ/$

ტრამპის ახალი მრჩეველი და მისი ხედვები უსაფრთხოებაზე

19 სექტემბერი 14:37 | ანალიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლობის 5 კანდიდატიდან, გუშინ დონალდ ტრამპმა უპირატესობა 53 წლის "ხისტ პოლიტიკოსს" რობერტ ო’ბრაიენს მიანიჭა, რომელსაც საქართველოში მუშაობის გამოცდილებაც გააჩნია.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ვნიშნავ რობერტ ო’ბრაიენს, რომელიც ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობს პრეზიდენტის სპეც-წარმომადგენლად, ე.წ. მძევლების გათავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით (Hostage negotiator). რობერტთან ერთად დიდხანს ვმუშაობდი. იგი დიდ საქმეს გააკეთებს!“, - დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.


ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობიდან ჯონ ბოლტონის გათავისუფლების მიზეზად პრეზიდენტთან მრავალ საკითხში უთანხმოება სახელდება, მათ შორის ვენესუელასთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან დაკავშირებით. ბოლტონი ბევრის მიერ ხასიათდებოდა „აგრესიული“ პოლიტიკის გამტარებლად.


ო’ბრაიენის კარიერა


რობერტ ო’ბრაიენი კალიფორნიის უნივერსიტეტის (University of California, Berkeley) სამართლის ხარისხს ფლობს. სამართლის სკოლის დაწყებამდე იგი ასევე სწავლობდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე.


1996-1998 წლებში მუშაობდა გაეროს უსაფრთხოების საბჭოში, იურიდიულ საკითხებში უფროსი სპეციალისტის პოსტზე, სადაც განიხილავდა ამერიკის საკითხებს, სპარსეთის ყურეში ერაყის წინააღმდეგ წარმოებულ პირველ ომთან დაკავშირებით.


კარიერის მანძილზე სახელმწიფო დეპარტამენტში, ყოფილი სახელწიფო მდივნების, კონდოლიზა რაისისა და ჰილარი კლინტონის ხელძღვანელობით რამდენიმე პოსტზე მუშაობდა. მათ შორის ავღანეთის საჯარო და კერძო სამართლის რეფორმირების კუთხით. 2005 წელს იგი იყო აშშ-ის წარმომადგენელი გაეროს გენერალურ ასამბლეაში (ამ დროს აშშ-ის ელჩი გაეროში ჯონ ბოლტონი იყო).


ო’ბრაიენი ასევე მუშაობდა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების კამპანიებში, მრჩევლის პოზიციაზე, მათ შორის მასაჩუსეტსის ყოფილ გუბერნატორ მით რომნისთან, ვისკონსინის გუბერნატორ სკოტ ვოლკერთან და სენატორ ტედ კრუზთან.


რესპუბლიკური პარტიის ხაზით იგი იყო არჩევნების დამკვირვებელი საქართველოსა და უკრაინაში.


სპეც-წარმომადგენელი მძევლების გათავისუფლების საკითხებში


ო’ბრაიენის უკანასკნელმა სამუშაო სპეციფიკამ შესაძლოა უპირატესობა მოუტანა სხვა კანდიდატებთან მიმართებაში, რადგან მას აქვს აშშ-ის „მოწინააღმდეგეებთან“ საუბრის გამოცდილება და შესაძლებლობა.


2018 წელს მისი ძალისხმევით გათავისუფლდა თურქეთის ციხიდან ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონი და 2017 წელს იემენში გატაცებული, ერთ-ერთი ნავთობკომპანიის ამერიკელი თანამშრომელი, დენი ბარჩი.


საგარეო ხედვები


ო’ბრაიენი მკაცრად აკრიტიკებდა ყოფილი პრეზიდენტის, დემოკრატ ბარაკ ობამას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით ეს ეხება 2015 წელს ირანთან გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებას, რომელიც გასულ წელს აშშ-მა ტრამპის გადაწყვეტილებით დატოვა.


პრეზიდენტის ახალმა მრჩეველმა 2016 წელს წიგნი დაწერა სახელწოდებით: „სანამ ამერიკას ეძინა: როგორ აღვიდგინოთ ლიდერობა კრიზისულ სამყაროში“. წიგნში სრულად არის გაკრიტიკებული ბარაკ ობამას პოლიტიკა, რომელიც, ავტორის აზრით, მეტად იყო ორიენტირებული სხვა ქვეყნებთან დათმობაზე და თანამშრომლობაზე.


ტრამპის მსგავსად, ო’ბრაიენიც ისლამურ ექსტრემისტულ ჯგუფებს და მიგრაციას საფრთხედ აღიქვამს.


აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტს სურს ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტიგენტის შემცირება. ო’ბრაიენმა, რომელიც მუშაობდა ავღანელი ქალი მოსამართლეების, პროკურორების და ადვოკატების მომზადება-გადამზადებაზე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა ფოკუსირება მოხდეს ამ სახელმწიფოში კორუფციის აღმოფხვრასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე.


ამერიკული მედიის მტკიცებით, ო’ბრაიენს გააჩნია დიპლომატიური, სამხედრო და საქმიანი გამოცდილება. აქვს კარგი დამოკიდებულება კოლეგებთან სახელმწიფო დეპარტამენტსა და პენტაგონში, ამიტომ მიიჩნევა ყველაზე „უსაფრთხო“ არჩევნად.


აქვე აღსანიშნავია, რომ მის კანდიდატურას აქტიურად უჭერდა მხარს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. ო’ბრაიენის პოსტს არ სჭირდება სენატის დამტკიცება.


სხვა სიახლეები