• Ƀ/$

ერთი კაცის რალი ჭუბერში

23 სექტემბერი 11:14 | კომპანიები

შოთა ცინდელიანი ერთ-ერთია მცირეთაგან, ვინც ჭუბერიდან უთვირის უღელტეხილზე სამანქანო გზით ადის. ამ მარშრუტის ფეხით გავლა საშუალო სირთულისაა, ხოლო ავტომობილისთვის რთული.

სანამ ჩვენი რეპორტაჟის გმირზე გავაგრძელებთ საუბარს, გეტყვით, სადაა ჭუბერი - ზუგდიდიდან მესტიისაკენ გზას რომ გამოჰყვებით, დაახლოებით 80 კილომეტრში, სოფელ ხაიშს რომ გამოსცდებით, გადასახვევზე მარცხნივ აიღეთ გეზი. ეს გზა აუცილებლად მიგიყვანთ იმ სვანეთში, რომელზეც ძალიან ცოტას საუბრობენ. სწორედ ამიტომ „ნენსკრა ჰიდრო“ კამპანიასაც კი აწარმოებს ადგილობრივი ტურისტების მოსაზიდად. ისე კი, გულწრფელად გითხრათ, იქ ჩასულები მიხვდებით, რომ ჭუბერის თემი ისევე იმსახურებს ყურადღებას, როგორც უფრო ცნობილი მესტია და უშგული.


შოთა ცინდელიანი ჭუბერში ცხოვრობს და საკუთარი სასტუმრო აქვს. კი, მის სტუმრებს ნამდვილად გაუმართლათ, რადგან „იმ საშიში“ მარშრუტის გავლა ფეხით არ მოუწევთ. თუკი გინდათ, რომ თქვენც გაგიმართლოთ, სასტუმრო „ნენსკრაში“ უნდა დარჩეთ - ცხადია, მხოლოდ გზის სირთულის გამო არა. ხედები და უგემრიელესი სვანური სამზარეულო ცალკე ბონუსია უზარმაზარ ყვავილებიან ეზოსთან და ჰამაკებთან ერთად. თუმცა, ჭუბერში ასეთი ბონუსებით დატვირთული კიდევ 15-მდე გესტჰაუსია, ამიტომაც ჩათვალეთ, რომ დასარჩენი მოგვარებულია.


როგორია შოთას ცხოვრებაში დღე, როდესაც უთვირის უღელტეხილისკენ უწევს გეზის აღება? – დილა იწყება ავტომობილის შემოწმებით, ურთულეს გზაზე გასვლამდე ყოველთვის რწმუნდება, რომ „მისი ლურჯა“ სრულიად მწყობრშია. სტუმრები და შოთა სასტუმროდან დილით ადრე, დაახლოებით რვა საათზე გავდივართ, მიუხედავად იმისა, რომ ჭვიშტარების მიტოვება საკმაოდ რთული საქმეა (თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ საგზლად არანაკლები გემრიელობები მიგვაქვს). დილიდან კარგი ამინდია, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და საწვიმრები მაინც თან გვაქვს - ფეხით სავალ გზაზე რომ გაგვიწვიმდეს, მზად უნდა ვიყოთ. შოთა ყველას ცალ-ცალკე გვაფრთხილებს, რომ მთებში წვიმა სულ სხვანაირად ცივია და თბილი ტანსაცმელიც წამოვიღოთ. ერთი სიტყვით, სრული მზადყოფნა რომ შეგვატყო, მანქანაც დაძრა.


ოცკილომეტრიანი გზა დაიწყო


გზად ტურისტები გვხვდებიან, რომლებმაც ჩვენსავით ავტომობილით მგზავრობას ფეხით სიარული არჩიეს. ზოგიერთი მათგანი ცხენზეცაა ამხედრებული - სოფელში ასეთი სერვისიც ხელმისაწვდომია. მოკლედ, თქვენ მონდომება თქვით და ადგილამდე აუცილებლად მიხვალთ. ამიტომ, მოინდომეთ!


გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ იწყება მონაკვეთი, რომელმაც დაგვანახა, რატომ ახერხებს მის დაძლევას მხოლოდ ამ ხეობის მცოდნე მესაჭე. ჩვენი „ექსპედიციის“ წინამძღოლი ოლიმპიური სიმშვიდით ზის საჭესთან და ნელ-ნელა, მაგრამ მაინც წინ მივიწევთ. პირველი ასეთი მონაკვეთის დაძლევის შემდეგ ტრიალ მინდორში გავდივართ, სადაც ტურისტებს კარვები აქვთ გაშლილი. სხვათაშორის, ერთ-ერთმა მათგანმა ჩვენს თანამგზავრს უთხრა, რომ საქართველოს შესახებ CNN-დან შეიტყო - ჩვენც პოზიტივითა და მაყვლით დატვირთულები გზას ვაგრძელებთ.


პირველი მონაკვეთის შემდეგ გვგონია რომ ყველაფრისთვის ვართ მზად, თუმცა სხვა არც არაფერი ყოფილა - დარჩენილი გზა მშვიდად გავაგრძელეთ. ერთი რამ კი შევამჩნიეთ - გარშემო უფროდაუფრო იგრძნობა მთის კლიმატი. პრინციპში, ლოგიკურიცაა, ჩვენ ხომ 2750 მეტრზე ვაპირებთ ასვლას.


დაახლოებით 15 კილომეტრის ავტომობილით გავლის შემდეგ აღმოვჩნდით ადგილას, საიდანაც ზუსტად ისეთი ხედი იშლება, როგორიც წარმოგიდგენიათ სვანეთში ფერდობებზე - უამრავი მწვერვალი, თოვლით დაფარული მთები, გარშემო სიმწვანე და სითეთრე ერთმანეთს ცვლის. ტობულდარიდან საფეხმავლო გზა იწყება - საცალფეხო ბილიკი, რომელზეც არა თუ ავტომობილი, ორი ადამიანიც ძლივს აუვლის ერთმანეთს გვერდს. თუმცა, შედეგი იმდენად შთამბეჭდავია, მთელ გავლილ ოციოდე კილომეტრს გავიწყებს. სიმართლე გითხრათ, არც მწერალზე ვგიჟდები და არც ნაწარმოებზე, მაგრამ პაოლო კოელიოს „ალქიმიკოსიდან“ მწყემსისა და ღმერთის დიალოგი მახსენდება: „ - კი მაგრამ, ამდენი რისთვის ვიარე?“ „ შეხედე, ნუთუ ეს ხედი მშვენიერი არაა?“.


შოთა თანამგზავრების სახეებს აკვირდება და, როგორც ამბობს, ასეთ დროს განსაკუთრებულად გახარებულია. უთვირის უღელტეხილისა და ლთნარის ტბის პირველად ნახვის ბედნიერება იმდენ განსხვავებულ ემოციას იწვევს სტუმრებში, შოთას ბავშვობისდროინდელი ოცნებების ასრულებაზე აფიქრებს (რა ოცნებებზეა საუბარი, იმედია თავადვე იხილავთ, როცა ჭუბერსა და უთვირს ეწვევით).


შოთა გვიყვება, რომ ლთნარის ტბაზე მაღლა, დაახლოებით 3500 მეტრზე მდებარეობს კიდევ ერთი - ლამხატობის ტბა. სვანური ლეგენდის თანახმად, თუკი ამ ტბაში თუნდაც უმცირეს კენჭს ჩააგდებ, ბარში წვიმას იწვევს. როგორც შოთა გვიყვება, გვალვების პერიოდში თურმე ხალხი ლამხატობის ტბაზე ადიოდა და ქვებს ისროდა, სოფელში კი მართლაც წვიმდა. სამწუხაროდ, ამინდმა ხელი არ შეგვიწყო - გაწვიმდა და ლამხატობის ტბაზე ოცნებაც შევწყვიტეთ. თუმცა, სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულმა თაობამ უამრავი საინსტაგრამე თუ საფეისბუკე ფოტო გადავიღეთ (ვინც ჩემსავით შეჰყვებით ტელეფონით ყველაფრის აღბეჭდვას, დაიმახსოვრეთ: ის უზარმაზარი ბალახი არ ჰგავს, მაგრამ ჭინჭარია და დაგსუსხავთ, ამიტომ ფრთხილად).


ყველაზე ლამაზი ლაშქრობებიც კი ოდესმე დასასრულს უახლოვდება. ჩვენც ჯერ ტობულდარში ჩამოვდივართ ფეხით და შემდეგ ექსკურსიის მთავარი გმირის დახმარებით ვაგრძელებთ გზას ავტომობილით. დაღმართები ვისაც უფრო მარტივი ჰგონია, აქ აზრს შეიცვლის. თუმცა, იმაზე კი დაფიქრდებით, რატომ აღწერს ყველა ამ გზას თავიდან რთულად - მთაში გადაადგილებისას ასფალტს ხომ არც მოველით.


ასეთ ექსტრემალურ პირობებში ჩამოვდივართ სოფელში და სასტუმრო „ნენსკრაში“ მივეშურებით, რადგან ვიცით - ცხელი კუბდარი და ჭვიშტარი გაციებას არ გვაპატიებს.


P.S. ერთ რჩევას კიდევ მოგცემთ - ეს გზა ავტომობილითაც გაიარეთ და ფეხითაც - განსხვავებულ ემოციებს ასე უფრო გამოცდით. თანაც სვანეთზე ვსაუბრობთ - აქ ყოველ ჯერზე იპოვით უამრავ ახალ და საინტერესო ფაქტს.


მსგავს თემაზე:

ისტორიული საკუთრებიდან იურიდიულ სტატუსამდე – “ნენსკრა ჰიდრო“ სვანებს მიწის რეგისტრაციაში ეხმარება


ნენსკრა ჰესი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს ვერ გააძვირებს


„ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო კამპანიას იწყებს


„ნენსკრა ჰიდრო“ – ერთი ინვესტიციით გადაჭრილი უამრავი პრობლემა


„ნენსკრა ჰიდრო“ ჭუბერში უპრეცენდენტო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აწარმოებს


„ნენსკრა ჰიდროს" დაფინანსებით ჭუბერში ამბულატორია განახლდა



სხვა სიახლეები