• Ƀ/$

ჩრდილოეთ კვიპროსი – ცხოვრება დაუსრულებელი კონფლიქტისა და საერთაშორისო იზოლაციის პირობებში

23 სექტემბერი 16:32 | ანალიტიკა

„ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა“, რომელიც 45 წლის წინ თურქეთმა დაიპყრო და კუნძულის 37% დამოუკიდებელ სუბიექტად გამოაცხადა, დღემდე ე.წ. მწვანე ზოლითაა გამოყოფილი კუნძულის ბერძნული ნაწილისგან.

მხოლოდ ანკარის მიერ აღიარებულ „დამოუკიდებელ რესპუბლიკაში“, რომლის სოციალურ–ეკონომიკური ყოფა მთლიანად თურქეთზეა დამოკიდებული, მშვიდობისა და თავისუფლების დღე 20 ივლისს აღინიშნება.


დე-ფაქტო ტერიტორიის ეკონომიკის ძირითად სექტორს ტურიზმი (მომსახურების სფერო) წარმოადგენს. საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილმა ეკონომიკის მაქსიმალური ლიბერალიზაცია მოახდინა, მათ შორის მუსლიმური სამყაროსთვის მიუღებელი, სათამაშო ბიზნესის (კაზინოები) ლეგალიზება.


საინტერესოა ამ სუბიექტზე საუბარი, თუ როგორ ცხოვრობს მის ტერიტორიაზე მოსახლეობა გადაუწყვეტელი კონფლიქტისა და საერთაშორისო იზოლაციის პირობებში.


2014 წელს, „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკასა“ და კვიპროსის რესპუბლიკას ჰქონდათ სურვილი, შეექმნათ ერთიანი კვიპროსი, რომელიც პოტენციურად გამოიყურებოდა როგორც ფედერალური, ბი-ზონალური, ბი-კომუნალური სახელმწიფო.


ზემოხსენებულ თემაზე მოლაპარაკებები ამავე წლის ოქტომბერში, მას შემდეგ ჩაიშალა, რაც თურქულმა სამეცნიერო-კვლევითმა ხომალდმა (რომელიც სამხედრო გემების თანხლებით გადაადგილდებოდა) სრულიად დამოუკიდებლად, კვიპროსის შელფის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, ნახშირწყლების სეისმური შესწავლა დაიწყო.


აქვე აღსანიშნავია, რომ ტერიტორიის არაღიარებული სტატუსის მიუხედავად, რამდენიმე სახელმწიფოს ოფიციალური თუ არაოფიციალური წარმომადგენლობა გააჩნია დედაქალაქ ნიქოზიას ჩრდილოეთ, „თურქულ“ ნაწილში. მათ შორისაა აშშ, გერმანია, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი.


ფანჯარა გარესამყაროში


„ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში“ მთავარ ვალუტას თურქული ლირა წარმოადგენს. სატელეფონო კოდი არის +90 392 (+90 თურქეთის საერთაშორისო კოდია), ხოლო ინტერნეტ დომეინის მისამართი სრულდება nc.tr-ზე.


ტურიზმი – ეკონომიკის მთავარი სექტორი


ტერიტორიის მთავარი ეკონომიკური სფერო მომსახურების (ტურიზმის) სექტორია (სხვადასხვა წყაროებით 60–70% წილი მთელ ეკონომიკაში). ეკონომიკის 20%-ზე მეტს მსუბუქი მრეწველობა მოიცავს, სოფლის მეურნეობა კი 10%-ს. მძიმე ინდუსტრიის ერთადერთ უმსხვილეს ობიექტს ბოღაზის ცემენტის ქარხანა (The cement plant in Bogaz) წარმოდგენს.


კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილზე კომპანია „თურქიშ პეტროლეუმი“ (Turkish Petroleum) ოპერირებს, რომელმაც დე-ფაქტო სუბიექტთან, კონტინენტური შელფის დელიმიტაციის შეთანხმების მიღწევისთანავე, მის სანაპიროებთან გეოლოგიური კვლევები დაიწყო.


2019 წლის ივლისში ცნობილი გახდა თურქეთის გააქტიურების შესახებ. კვიპროსის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ბუნებრივი გაზი აღმოაჩინეს და ოფიცილურმა ანკარამ ჩათვალა, რომ აქვს უფლება რეგიონის ბუნებრივ რესურსებზე.


ამავდროულად, თურქი კვიპროსელები ინტერესით აკვირდებიან ისრაელის პროექტს - ე.წ. ლევიათანის გაზს (Leviathan Gas Field), რომლის რეალიზაცია მიმდინარე წელს უნდა დაიწყოს.


ტერიტორიის შემოსავალი ტურიზმის სფეროდან დაახლოებით $0,5 მლრდ–ს შეადგენს.


ბოლო წლებში, იზრდება უძრავი ქონების სექტორიც, არამხოლოდ ადგილობრივების, არამედ ემიგრანტთა მზარდი რიცხვის ხარჯზეც, რომელთა შორის რუსეთის მოქალაქეებიც კი არიან.


მოსახლეობა კმაყოფილი არ არის „უცხოელთა შემოსევით“, კერძოდ, ისინი შეშფოთებულები არიან ისრაელის ინტერესით, რომლის მოქალაქეები კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილზე, უძრავი ქონების 15%-ს უკვე ფლობენ.


აღსანიშნავია, რომ რამდენიმე აზერბაიჯანული კომპანია დაინტერესებულია ინვესტიციების განხორციელებით არაღიარებულ ტერიტორიაზე, სასტუმროების მშენებლობის ბიზნესში. ამავდროულად აზერბაიჯანთან არსებობს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები.


დე-ფაქტო ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორიაზე ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის განვითარებასაც ცდილობენ, რომელიც ზოგიერთი ეკონომისტისა და სოციოლოგის აზრით, „მალე მეორე ადგილზე იქნება ტურიზმის შემდეგ, მშპ-ში შეტანილი წვლილის მიხედვით“.


კვიპროსელი თურქი ახალგაზრდები საკმაოდ კარგად ერკვევიან ინტერნეტ ტექნოლოგიებში.


2017 წელს ევროკავშირის სპეციალურმა კვლევამ აჩვენა, რომ სოციალური ქსელების გამოყენების მხრივ, კუნძული ევროპაში ერთ-ერთი ლიდერია 79%-ით. იგი ჩამორჩება მხოლოდ უნგრეთს (83%), მალტას (82%) და ბელგიას (80%). არაერთი მკვლევარის აზრით, კუნძულის ჩრდილოეთში მცხოვრები მოსახლეობის 10% პროფესიით პროგრამისტია.


ეკონომიკური შემოსავლების ცალკეულ ხაზს აზარტული ბიზნესი წარმოადგენს, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე 2015 წელს დაკანონდა. პირველი ორი წლის მანძილზე სათამაშო ბიზნესმა „ხაზინაში“ 600-დან 800 მლნ. ევრომდე შეიტანა.


საინტერესოა, რომ ამ ტერიტორიის მთავარ იმპორტიორთა შორის არის თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ჩინეთი და რუსეთიც კი. ჩრდილოეთ კვიპროსის საექსპორტო ბაზრებს წარმოადგენენ თურქეთი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები და, რაც ყველაზე მეტად ხაზგასასმელია, კვიპროსის რესპუბლიკა.


სხვა სიახლეები