• Ƀ/$

სომხურ-აზერბაიჯანული შეხვედრა აშშ-ში და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გაჟღერებული მიზნები

25 სექტემბერი 17:06 | ანალიტიკა

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა და ელმარ მამადიაროვმა ნიუ-იორკში შეხვედრა გამართეს.

მხარეებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გარშემო ამჟამად არსებული სიტუაცია განიხილეს, მაგრამ შეხვედრას რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია.


მონაწილეების შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია რეგიონში ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეების ვიზიტი და ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების რეგულარული შეხვედრები.


„ნიუ-იორკში მინისტრებმა მოსაზრებები გაცვალეს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით იმ მხრივ, რომ საჭიროა ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ ძალისხმევის გაფართოება და საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების დაცვა რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად“ - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა, ლეილა აბდულაიევამ.


თავის მხრივ, სომხურმა მხარემ ხაზი გაუსვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის განმტკიცებას და შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას არსებული დაძაბულობის შესამცირებლად. სამშვიდობო პროცესში პროგრესის უზრუნველსაყოფად, ზოჰრაბ მნაცაკანიანმა ვალდებულებათა ბალანსის დაცვაზე ისაუბრა. 


 


საერთო ჯამში, შეხვედრა ტრადიციული განცხადებებით გაჯერებული, უფრო ფორმალური ხასიათის მატარებელი იყო და მნიშვნელოვანი, ხელჩასაჭიდი გადაწყვეტილება არ მიღებულა.


ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ში


საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკების პარალელურად, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ში, რამდენიმე ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. იგი ამერიკას 22 სექტემბერს ეწვია. თავდაპირველად კალიფორნიის შტატში ჩავიდა და ლოს-ანჯელესში არსებული სომხური სათვისტომო ორგანიზაციების ლიდერებს შეხვდა.


ფაშინიანმა პან-სომხური დღისწესრიგის საკუთარი ხედვები და აღნიშნული იდეის იმპელემენტაციის საკუთარი ხედვები გააცნო მათ. პრემიერმა ისაუბრა სომხეთის ეკონომიკური ინდიკატორების და არსებული ტენდენციების შესახებ. პრეზენტაცია გაუკეთა ეკონომიკურ აქტივობებს და ტურიზმის ზრდის ინდიკატორებს. დამატებით ისაუბრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესაძლებლობებზე, ქვეყნის შიგნით მიმდინარე სამართლებრივ და საჯარო ადმინისტრაციის რეფორმებზე და დეზინფორმაციის (ე.წ. ფეიქ-ნიუსი) წინააღმდეგ ბრძოლაზე.


შეხვედრის შემდეგ ფაშინიანმა ლოს-ანჯელესში მდებარე „გრანდ-პარკში“ შეკრებილ, დაახლოებით 10 000 ეთნიკურად სომეხს მიმართა: „იმის იმედი გვაქვს, რომ დიასპორა გვერდში დაუდგება სომხეთში მიმდინარე ეკონომიკურ რევოლუციას, ისევე, როგორც ეს პოლიტიკური რევოლუციის დროს მოხდა. მინდა მოვიწვიო ყველა მეწარმე სომხეთში, რადგან დღეს თქვენ, წარსულისგან განსხვავებით, არ შეგექმნებათ დაბრკოლებები ჩვენ სახელმწიფოში. ქვეყანაში ძირფესვიანად აღმოიფხვრა სისტემური კორუფცია, მონოპოლიები და ოლიგარქიული რეჟიმი“.


აქვე ფაშინიანმა წარმოადგინა მისი იდეა „დიდი რეპატრიაციის შესახებ“, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ეთნიკურ სომეხს უნდა ჰქონდეს სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა, აწარმოებდეს ბიზნესს ისტორიულ სამშობლოში და წლის მანძილზე, ერთი-ორი თვის მანძილზე ცხოვრობდეს იქ.


23 სექტემბერს, სომხეთის პრემიერმა ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ძირითადად სახელწიფო უსაფრთხოების აწ უკვე ყოფილ უფროსზე, არტურ ვანეციანზე ისაუბრა.


„ვანეციანი სტრუქტურის ხელმძღვანელობისას, აკეთებდა ისეთ განცხადებებს, რომელიც მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ იყო მიმართული. იგი შეურაწყოფას აყენებდა მასზე ზემდგომს და ეს იყო სრული უპატივცემულობის გამოვლინება სახელმწიფოს მიმართ“, - განაცხადა ფაშინიანმა.


ვანეციანმა თავის მხრივ განცხადებას უპასუხა: „ნიუ-იორკში ფაშინიანმა ისეთ საკითხებზე ისაუბრა, რომლის არსიც ნაკლებად ესმის. ჩემი გადადგომის მიუხედავად, კვლავ აგრძელებდა „ხალხის მოგზავნას“ იმის მოთხოვნით, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე, სიტუაციის დამშვიდებამდე გავჩუმებულიყავი. სომხეთის პრემიერი პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს. ცხადია სურს მოკლევადიანი გავლენის მოხდენა საზოგადოებრივ აზრზე და არ ფიქრობს შემდგომ შედეგებზე. დრო გამოავლენს იმას, თუ ვინ აღმოჩნდება ისტორიის სანაგვეზე“.


მოგვიანებით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა გამოცემა FOX-news-ის ლოს-ანჯელესის წარმომადგენლობის ჟურნალისტთან არაქსია კარაპეტიანთან კიდევ ერთი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მთიანი ყარაბაღის საკითხს შეეხო.


„ყარაბაღთან დაკავშირებით ჩემი გზავნილი არის ის, რომ პრობლემის გამოსავალი სასარგებლო იყოს სომეხი, ყარაბაღელი და აზერბაიჯანელი ხალხებისთვის. მე ვარ პირველი სომეხი ლიდერი, რომელიც ამბობს, რომ გამოსავალი მისაღები უნდა იყოს აზერბაიჯანელებისთვისაც და ამის გამო ჩემს სახელმწიფოში გამაკრიტიკეს. ახლა მსგავსს ფორმულას ველოდები აზერბაიჯანის პრეზიდენტისგანაც. მსურს ალიევმაც იგივე განაცხადოს და თუ იგი მიიღებს ამ ფორმულას, ჩვენ საკმაოდ ახლოს ვიქნებით მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან“.


სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში 21 სექტემბერს დაიწყო და გაგრძელდა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე, სადაც ფაშინიანი დაესწრო გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერიშის სახელით გამართუ მიღებას და საერთო პოლიტიკური დისკუსიის გახსნას.


სხვა სიახლეები