• Ƀ/$

სომხეთის ამბიციები "ევრაზიის ეკონომიკური კავშირის" ბიუროკრატიული პრობლემების წინააღმდეგ

30 სექტემბერი 17:10 | ანალიტიკა

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთს ელექტროენერგიის რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვს, რომელიც „ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა“ და ირანის ენერგეტიკული სისტემის საერთო ბაზარს გააერთიანებს.

აღნიშნული მოსაზრება მან ერევანში მიმდინარე ორდღიან საერთაშორისო კონფერენციაზე - „ევრაზიის კონტინენტის ტრანზიტული პოტენციალი“ სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა.


„სომხეთის რესპუბლიკა, მისი გეოგრაფიული მახასიათებლებით, მზადაა უზრუნველყოს ახალი ბაზრების, საჭირო ინფრასტრუქტურისა და ლოგისტიკის ხელმისაწვდომობა, უახლოეს მომავალში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების გარდაუვალი ზრდის პირობებში. სომხეთს ასევე აქვს შესაძლებლობა გახდეს ელექტროენერგიის რეგიონული ჰაბი, რომელიც გააერთიანებს „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ და ირანის ელქტროსისტემის საერთო ელექტრობაზარს“, - განაცხადა ფაშინიანმა.


მისი თქმით, მსგავსი პლატფორმები და მხარეთა შორის მოსაზრებების გაცვლა დამატებით სტიმულს მისცემს თანამშრომლობის გაძლიერებას ზემოხსენებული ორგანიზაციის ფარგლებს გარეთაც.


პრემიერ-მინისტრის თქმით,  აღნიშნული კონფერენცია კარგი პლაცდარმია, როგორც სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიმართულებით, ასევე ლოგისტიკური სქემების არქიტექტურაზე მოსაზრებების გაცვლისთვის.


ფაშინიანის აზრით, ისტორიულად ევრაზიის კონტინენტი იყო სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული, საკომუნიკაციო პროცესების კერა, რომელშიც სომხეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, რომელიც მდებარეობს დიდი აბრეშუმის გზაზე, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სავაჭრო კომუნიკაციების ცენტრში.


„თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ ხელშეკრულებების გაფორმება ირანთან, ვიეტნამთან, ჩინეთთან, სინგაპურთან და ასევე შესაბამისი შეთანხმებების უზრულვეყოფა სერბეთთან, ეგვიპტესთან, ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან არამხოლოდ გააძლიერებს კავშირის ეკონომიკურ პოტენციალს, არამედ გააფართოებს სატრანსპორტო დერეფნების გეოგრაფიას და კონტინენტის სატრანზიტო პოტენციალს.


„სინგაპურიზაციის სინდრომი“


სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტის წყალობით, ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს დაუახლოვდა, რაც თანამშორმლობის კარგი საფუძველია. მისი თქმით, არსებობს ტურიზმის თვალსაზრისით თანამშორმლობის დიდი შესაძლებლობები. მას სურს, რომ სინგაპურში ჩავიდეს სომხეთის მეტი მოქალაქე, რომ მათ ნახონ და იგრძნონ ეს სახელმწიფო და საპასუხოდ სინგაპურის მოქალაქეებიც ეწვიონ სომხეთს.


სომხეთის პრემიერის თქმით, 21-ე საუკუნეში სივრცის შემცირების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს ტექნიკა წარმოადგენს და მათ სურთ მაღალი ტექნოლოგიების სფეროში სინგაპურთან თანამშრომლობა.


ინსპექტირება – ეკონომიკის მუხრუჭი


„ევრაზიის კონტინენტის ტრანზიტული პოტენციალის“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს თავმჯდომარემ ტიგრან სარქისიანმა განაცხადა, რომ „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ შიგნით, საქონლის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, მაქსიმალურად უნდა გამარტივდეს საინსპექციო შემოწმებები.


„თანამედროვე სამყაროში კონკურენტუნარიანია არამხოლოდ ის, ვინც აშენებს მაღალი დონის ინფრასტრუქტურას, არამედ ის, ვინც სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს. რაც არ უნდა თანამედროვე გზები გვქონდეს, მათ ექნებათ დაბალი მნიშვნელობა, თუ ავტომობილები ვერ შეძლებენ მასზე სისტემატიურ მოძრაობას. „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში“ არსებობს ათეულობით საზედამხედველო ორგანო, რომელიც ტვირთების მოძრაობას საგრძნობლად აფერხებს. შედარებისთვის, ევროკავშირში ტრანსპორტირების წილი საქონლის ღირებულებაში 10%-ია, ხოლო ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში 30%. საქმე მხოლოდ უახლეს ინფრასტრუქტურაში არ არის, არამედ იმაში, რომ ტვირთს ექმნება დაბრკოლებები. ტვირთის ტრანზიტი ევრაზიულ სივრცეში მუდმივად მცრიდება, რადგან საშინელი ბიუროკრატია გვაქვს. ასე არ გამოვა. თუ საქონელი შემოვიდა ორგანიზაციის ტერიტორიაზე, მას უნდა შეეძლოს თავისუფლად გადაადგილება“, - განაცხადა სარქისიანმა.


ტიგრან სარქისიანი საუბრობს ევროკავშირის მოდელზე, სადაც ევროკომისიას გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვს გადაცემული, რაც ზრდის მენეჯმენტის ეფექტურობას.


აღნიშნული საკითხის წინ წამოწევის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტზე, რუსული მხარის მიერ წარმოშობილი დაბრკოლებები, სადაც ასობით სომხური სატვირთო მანქანა იყო გაჩერებული. რუსული მხარე მძღოლებისგან ტვირთვის გადატანისთვის დამატებით გადასახადებს ითხოვდა.


„ახლა ევრაზიის ეკონომიკური კავშირი ახალ საბაჟო კოდექსს ამუშავებს. პროექტში ბევრი თანამედროვე დეტალია, მაგრამ ბიზნესი ღელავს, რომ გადაწყვეტილებების მიღებას კვლავ წლები დასჭირდება“, - დასძინა სარქისიანმა.


რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის, პირველი ვიცე-პრემიერის ანტონ სილუანოვის განცხადებით, „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ წევრი სახელმწიფოების ეკონომიკის წარმატება დიდწილად სატრანსპორტო და ლოგისტიკური დერეფნების ორგანიზებაზეა დამოკიდებული. მისი სიტყვებით, ფართო ბიუროკრატია აფერხებს შესაბამისი შედეგების მიღწევას.


აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული საკითხები იქნება ხვალ, 1 ოქტომბერს, „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის“ უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი განსახილველი თემა, რომელიც ერევანში ჩატარდება. ფორუმი „ევრაზიის კონტინენტის ტრანზიტული პოტენციალი“ სწორედ უმაღლესი საბჭოს შეხვედრის წინ იმართება.


ავტორი: რატი ერისთავი, M2B-ს ანალიტიკოსი


მსგავს თემაზე:

ახალი სახეები ერევნის ამბიციურ სამიტზე



სხვა სიახლეები