• Ƀ/$

საქართველოში ოპერირებადი რუსული ავიაკომპანიები კრემლისგან დაპირებული კომპენსაციის გაცემას ითხოვენ

4 ოქტომბერი 13:06 | ეკონომიკა

რუსული ავიაკომპანიები ქვეყნის ხელისუფლებას მათთვის მიცემულ დაპირებას ახსენებენ, საქართველოსთან ივნისში შეწყვეტილი ავიამიმოსვლის შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსირების შესახებ.

რუსული გამოცემა „კომერსანტის“ ინფორმაციით, ავიაკომპანია „პობედამ“ რფ-ის ტრანსპორტის სამინისტროსთვის უკვე მოამზადა შესაბამისი წერილი, სადაც საუბარია, რომ კომპანიების შესაძლო საერთო დანაკარგმა (ვერ მიღებულმა მოგებამ) 1 მლრდ რუბლს ($15,4 მლნ) გადააჭარბა.


რუსული ავიაკომპანია „პობედა“ სამინისტროსგან ითხოვს, უწყებაში ბიზნეს სექტორს დაუსახელონ შეწყვეტილი ფრენების სანაცვლოდ კომპენსაციის გაცემის ზუსტი თარიღი.


გამოცემა კომპანიასთან დაახლოებულ უცნობ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ფრენების შეწყვეტის გამო „პობედას“ 500 მლნ რუბლის ($7,7 მლნ) ზარალი მიადგა.


ავიაგადამზიდის პრეს–სამსახურში წერილის არსებობა დაადასტურეს, მაგრამ დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.


„პობედა“ ეკატერინბურგიდან, ყაზანიდან, როსტოვიდან და პერმიდან, თბილისისა და ბათუმის მიმართულებით დაფრინავდა.


ავიამიმოსვლის შეწყვეტამდე, საქართველოს მიმართულებით ფრენებს ახორციელებდნენ „აეროფლოტი“, მისი დაბალბიუჯეტიანი კომპანია „პობედა“, S7, „ურალის ავიახაზები“, “Red Wings” და „Smartavia”.


ავიაკომპანია S7-ში, ფრენების შეწყვეტის გამო ზარალს 600 მლნ. რუბლით აფასებენ. S7 კვირაში 17 რეისს ახორციელებდა რუსეთ-საქართველოს შორის. ყოველდღიურად დაფრინავდა მოსკოვიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით, კვირაში ორჯერ - ნოვოსიბირსკიდან თბილისის მიმართულებით და კვირაში ერთხელ ნოვოსიბირსკიდან ბათუმის მიმართულებით.


„კომერსანტის“ წყაროს თქმით, ავიაკომპანია „Red Wings” ზარალს 200 მლნ რუბლად აფასებს.


რუსეთის ხელისუფლების მიერ საკუთარი ქვეყნის ბიზნესის წინააღმდეგ დაწესებულმა აკრძალვამ, ავიაკომპანიები აიძულა გამოთავისუფლებული თვითმფრინავები ანექსირებული ყირიმის (სიმფეროპოლი), სოჭის და შავი ზღვის სხვა კურორტების მიმართულებით გადაეპორტირებინათ.


ისევე როგორც საქართველოში, აღნიშნული მიმართულებებით ფრენას დაახლოებით 2 საათი სჭირდება, მაგრამ არსებული კონკურენციის გამო ამ ავიამიმოსვლებზე მოგება მნიშვნელოვნად დაბალია.


კომპანია Bain & Company-ის საავიაციო პრაქტიკის ექსპერტის სერგეი ზაიცევის შეფასებით, საქართველოს მიმართულებით ხაზებზე დატვირთვა და მომგებიანობის დონე საკმაოდ მაღალი იყო. მისი თქმით, ამჟამად ავიაკომპანიებს ძალიან უჭირთ შესაბამისი ალტერნატივების მოძიება და სხვადასხვა საერთაშორისო აეროპორტებში დანიშნულების ადგილის მიღება. თავის მხრივ რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტისა და ეკონომიკის სამინისტროებს განსაზღვრული აქვთ ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის მოამზადონ კომპანიების ზარალის დასაანგარიშებელი მეთოდოლოგია, ამიტომ ორგანიზაციებისთვის რთული იქნება დანაკარგების ერთიანად ანაზღაურება.


საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა თბილისში 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ შეწყდა. 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად მ.წ. 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოს მიმართულებით ფრენები აეკრძალათ. ხელისუფლებამ აღნიშნული „რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“ გადადგმულ ნაბიჯად ახსნა, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ შეზღუდვები ხელს ვერ უშლის რუსეთის რიგით მოქალაქეებს სხვა საშუალებების გამოყენებით ეწვიონ საქართველოს.


რამდენიმე ხნის წინ რუსეთის ხელისუფლებამ ხსენებულ თემასთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და რუსეთის პრეზიდენტი პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადეს, რომ შესაძლოა საქართველოსთან ფრენები აღდგეს.


სხვა სიახლეები