• Ƀ/$

რუსული ბალანსი ყარაბაღის კონფლიქტში და ატომური სადგური აზერბაიჯანისთვის

7 ოქტომბერი 11:02 | ანალიტიკა

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა სოჭში „ვალდაის“ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სავაჭრო–ეკონომიკური და სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

3 ოქტომბერს პუტინთან გამართული შეხვედრის შემდეგ ალიევმა განაცხადა, რომ .„აქტიურად ვითარდება სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. დღეს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით, იმის მიუხედავად, რომ ორ სახელმწიფოს შორის ხელმოწერილი, რუსული ტექნიკის შესასყიდად დადებული კონტრაქტების ფარგლებში არსებული $5 მლრდ-დან $3 მლრდ. უკვე რეალიზებულია“


ილჰამ ალიევი მაღალ დონეზე აფასებს რუსეთისა და ნატოს თანაბარ ნდობას ოფიციალური ბაქოს მიმართ.


„გვახარებს, რომ ბაქო უკვე არაერთი წელია ხდება რუსეთისა და ნატოს მაღალი სამხედრო ხელმძღვანელობის შეხვედრების ადგილად. აღნიშნულს ვაფასებთ, როგორც ნდობის გამოხატვას ჩვენ მიმართ“, - დასძინა ალიევმა.


აზერბაიჯანის პრეზიდენტი თვლის, რომ „პუტინის ფაქტორი“ დაეხმარა რუსეთს 2000-იანი წლების დასაწყისში განვითარებული ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში.


„მთავარი ფაქტორი, რის გამოც რუსეთმა მძიმე გამოცდებს ღირსეულად დააღწია თავი, არის ვლადიმერ პუტინის ფაქტორი. ეს სიმართლეა და ყველამ უნდა იცოდეს. სწორედ მისი გამბედაობის, სიმტკიცის და პატრიოტიზმის წყალობით არის, რომ დღეს რუსეთი მსოფლიოს წამყვანი ძალაა“, - შეაქო პუტინი აზერბაიჯანის ლიდერმა.


ვლადიმირ პუტინის თქმით, ამ ორ სახელმწიფოს ეკონომიკური მიმართულებით კარგი პერსპექტივები აქვს.


„იმის მიუხედავად, რომ პირად კონტაქტებში გარკვეული პაუზა იყო, ქვეყნებს შორის ურთიერთობები მაინც ვითარდებოდა და ახლაც წარმატებით მიიწევს წინ. ვაჭრობა და ეკონომიკური კავშირები ძლიერდება, გასულ წელს სავაჭრო ბრუნვამ $2,5 მლრდ. შეადგინა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ აზერბაიჯანთან ერთად დიდი პროექტების განხორციელება შევძლოთ“, - განმარტა პუტინმა.


რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უახლოეს მომავალში დიდი ევრაზიული პარტნიორობა ვერ განვითარდება, მაგრამ შესაძლებელია ქვეყნებს შორის თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. ამისთვის საჭიროა უკვე არსებული სტრუქტურების, ორგანიზაციების, კონცეფციების ძალისხმევა ურთიერთქმედებისთვის საჭირო ქსელის ჩამოსაყალიბებლად. მისი დამატებით, შესაძლებელია ერთობლივი ქცევისა და თანამშრომლობის ორგანიზაციული ფორმების/ფორმულების შემუშავება.


„საჭიროა ქვეყნებს შორის ურთიერთქმედება დემოკრატიული მეთოდებით მოხდეს. თუ ჩვენ ერთმანეთის ინტერესებს და მახასიათებლებს გავითვალისწინებთ, მაშინ ვფიქრობ, რომ მივაღწევთ განვითარების იმ შედეგებს, რაც ყველას გვჭირდება“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.


თავის მხრივ, ალიევმა პუტინს უთხრა, რომ ისინი ოთხი თვის მანძილზე არ შეხვედრიან ერთმანეთს, რაც მისი შეფასებით საკმაოდ დიდი დროა, მითუმეტეს გასული წლის გათვალისწინებით, როდესაც ორი ქვეყნის პრეზიდენტმა 2018 წელს ოთხი შეხვედრა გამართა.


„წელს სასაქონლო ბრუნვის ზრდამ 20%-ზე მეტი შეადგინა. ჩვენთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეგობარი და მეზობელია. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დისკუსია დიდ წვლილს შეიტანს კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებაში“, - განაცხადა ალიევმა.


მეორე ატომური ელექტროსადგური კავკასიაში?!


რუსული „როსატომი“ მზადაა ოფიციალურ ბაქოს ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზოს. აღნიშნულის შესახებ „როსსატომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი ლიხაჩევმა, რუსეთის ფედერაციის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


მისი თქმით, ადრე აზერბაიჯანს უკვე ჰქონდა მსგავსი გეგმა და პუტინმა ალიევს შესთავაზა დაუბრუნდეს აღნიშნულ საკითხს.


აქვე აღსანიშნავია, რომ 2 ოქტომბერს სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი სურენ პაპიკიანი მოსკოვში ჩატარებული „რუსული ენერგეტიკის კვირეულის“ ფარგლებში „როსსატომის“ ხელმძღვანელ ლიხაჩევს შეხვდა, სადაც მათ სომხეთის ბირთვული ელექტროსადგურის სიცოცხლის გახანგრძლივების შესახებ იმსჯელეს.


ზოგადად, ბირთვული ელექტროსადგური მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია და ქვეყნის ტერიტორიაზე მის არსებობას როგორც სამეცნიერო, ასევე შემაკავებელი ფაქტორი გააჩნია. აქედან გამომდინარე რუსული მხარის შეთავაზება აზერბაიჯანში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ, შესაძლოა ბაქო-მოსკოვის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კონტექსტში მოიაზრებოდეს.


„ყარაბაღი აზერბაიჯანია!“


აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ჰიქმეთ ჰაჯიევის თქმით, სოჭში ჩატარებულ შეხვედრაზე სახელმწიფოთა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ რუსულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები სტრტატეგიული პარტნიორობის სიბრტყეში ვითარდება.


ჰაჯიევის განცხადებით, მხარეთა შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთ-აზერბაიჯანის მთავრობათშორისი კომისიის როლს ურთიერთობების განვითარებაში, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაფართოებაში. მისი თქმით, სახელმწიფოთა მეთაურებმა ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობების განვითარებაზეც ისაუბრეს, კონკრეტულად კი ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში რუსულ ენას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა - იგი ისწავლება არამხოლოდ სკოლებში, არამედ უმაღლეს სასწავლებლებში, რაც ასევე უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებისთვის.


„ვალდაის“ საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში ალიევი სომხეთის პრემიერის გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით.


„ცნება მთიანი ყარაბაღის ხალხი არ არსებობს. არსებობს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა, რომელიც კონფლიქტამდე აზერბაიჯანელი და სომეხი მოსახლეობისგან შედგებოდა, რომელთაც თანაბარი უფლებები გააჩნდათ. რაც შეეხება კონფლიქტის მოგვარებას, აღნიშნული უნდა მოხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საფუძველზე. ხსნებული თანხვედრაშია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებთან და ჰელსინკის შეთანხმების საბოლოო აქტთან. ყარაბაღი აზერბაიჯანია და ძახილის ნიშანი!“, - განაცხადა ალიევმა.


სოჭში, „ვალდაის სადისკუსიო კლუბის“ მიერ ჩატარებულ რიგით მე-16 შეხვედრას რუსეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, ფილიპინების პრეზიდენტები და იორდანიის მეფე დაესწრნენ.


ავტორი: რატი ერისთავი, M2B-ს ანალიტიკოსი.


სხვა სიახლეები