• Ƀ/$

Gorgian Airways რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს სასამართლოში უჩივლებს

ექსკლუზივი
9 ოქტომბერი 16:55 | ინტერვიუ

ქართული ავიაკომპანია Gorgian Airways რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.

ამის შესახებ ინფორმაცია M2B-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ დაუდასტურა. 


მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან ფრენები აკრძალა, კომპანიამ $25 მლნ იზარალა. ბუნებრივია, დაზარალდნენ თავად რუსული ავიაკომპანიებიც, რომლებმაც ზარალის დაპირებული კომპენსაციის მოთხოვნით უკვე მიმართეს რუსეთის მთავრობას.


რატომ გადაწყვიტა Gorgian Airways–მა სასამართლო სარჩელის მომზადება, რა საფუძვლები არსებობს ამითვის და როგორია რუსეთის წინააღმდეგ სასამართლო დავის მოგების შანსები – ამ თემებზე რომან კაკულია M2B-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.



- რატომ გადაწყვიტეთ სასამართლო დავის წამოწყება?


- მთავრობის მიმართ კომპენსაციასთან დაკავშირებით თავიანთი მოთხოვნების წაყენება რუსეთის ავიაკომპანიებმა გუშინ დაიწყეს. მათ ჩამოაყალიბეს თავიანთი ზარალი, ერთმა ავიაკომპანიამ 1 მლრდ რუბლის, ხოლო მეორემ 3 მლრდ რუბლის ოდენობით. ამის შემდეგ ჩვენ ამერიკელ, კერძოდ კალიფორნიელ იურისტებთან გავიარეთ კონსულტაციები იმის შესახებ, თუ ჩვენ რამდენად შეგვეძლო ამ პროცესში მონაწილეობის მიღება. გადავუგზავნეთ მათ აღნიშნული პროცესების ქრონლოგია და რომ გავიარეთ ერთად, აღმოჩნდა, რომ რუსებმა იურიდიული შეცდომა დაუშვეს. ეს არის იურიდიული კაზუსი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ხელი მოვკიდოთ ამას და სამართლებრივ სივრცეში მოვიგოთ ეს საქმე. 


იყო რუსეთის პრეზიდენტის დადგენილება, რომლის შესაბამისად რუსეთის ავიახაზებს აეკრძალათ საქართველოში ფრენა და მასში არაფერი იყო ნათქვამი საქართველოს ავიახაზებზე. ჩვენმა ამერიკელმა იურისტებმა ამოქექეს ასეთი საქმე, როცა მსგავსი შემთხვევა იყო 2015 წელს. მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება რუსეთ-ეგვიპტეს შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ, იქიდან გამომდინარე, რომ იქ რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შემდგომ ეგვიპტის ავიახაზებისთვის არავითარი შეზღუდვა არ განხორციელდა. აქედან გამომდინარე ხელში გვაქვს პრეცედენტი იგივე შემთხვევის.


- რის საფუძველზე შეუწყდა Gorgian Airways-ს რუსეთში ფრენის უფლება?


- ჩვენს შემთხვევაში გამოიცა პრეზიდენტის ბრძანება და ამის შემდეგ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ გამოგვიგზავნა ტელეგრამა, რომლითაც ბიზნესის წარმოება აგვიკრძალა, 2 მიზეზის გამო:


პირველი: თითქოს ჩვენ გაგვაჩნია ფსევდო ვალი რუსეთის აერონავიგაციის მიმართ და მეორე – რომ თითქოს ჩვენი უსაფრთხოების სტანდარტები არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს. საპასუხოდ ჩვენ მათ გავუგზავნეთ წერილი, რომელშიც იურიდიულად, ფინანსურად და ქრონოლოგიურად დავუმტკიცეთ, რომ ორვე მიზეზი იყო უსაფუძვლო და თითიდან გამოწოვილი, რაზეც პასუხი არ მიგვიღია. იურისტებმა გააანალიზეს ეს კაზუსი და თქვეს, რომ არის იურიდიულად დაშვებული შეცდომა და გვითხრეს, რომ სამინისტრომ არასწორად აგვიკრძალა ბიზნეს საქმიანობა. გარდა ამისა, მაშინ, როცა არის კაზუსი, რომ ადგილობრივი კომპანიები ითხოვენ ზარალის კომპენსაციას, თქვენ გეზრდებათ შანსი რომ ეს საკითხი წარადგინოთ სასამართლოში განსახილველად, იმისათვის რომ მოითხოვოთ კომპენსაცია. გამომდინარე აქედან ეს უკვე არა პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ ბიზნესის მიმართ საფუძველს მოკლებული აკრძალვა იყო. 


- რა გზით აპირებთ სასამართლოში დავის დაწყებას?


- ყველაფერი დავიწყეთ მხოლოდ გუშინ. ჩვენმა იურისტებმა გვითხრეს, რომ არსებობს ორი გზა, მივმართოთ პირდაპირ ევროპას ან გავიაროთ ისეთი საფეხურები, როგორიც არის მაგალითად, თავიდან რუსეთის სასამართლოში სარჩელის შეტანა და შესაბამისი ინსტანციების გავლა და ამის შემდეგ შეგვიძლია წავიღოთ სტრასბურგში. განვიხილავთ ორივე მათგანს, რადგან იურისტების აზრით, პირდაპირ ევროპულმა სასამართლომ შესაძლოა არ მიიღოს საქმე განსახილველად. ჯერ ვწონით და კარგად ვამზადებთ ქეისს. მოგეხსენებათ, რომ საერთაშორისო სამართალი პრეცედენტული სამართალია და რადგან ასეთი პრეცედენტი არსებობს, ამასთან თავად რუსული კომპანიები აფიქსირებენ ფინანსური ზარალის ფაქტს. ის რაც მათ მოიგონეს ჩვენთვის ფრენის აკრძალვის მიზნით, არის იურიდიული შეცდომა, რაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ.


- რუსული მხარე აცხადებს, რომ თქვენს კომპანიას $800 000-ის ოდენობით აქვს დავალიანება, როგორია თქვენი პოზიცია?


- ვაცხადებ, რომ ჩვენს კომპანიას რუსეთის აერონავიგაციის მიმართ არანაირი ფინანსური ვალდებულება არ აქვს. მეტიც, ჩვენ 3-ჯერ უფრო მეტს ვიხდით, ვიდრე რუსული ავიაკომპანიები და ყოველთვის პირნათლად ვიხდით ყველა გადასახადს. ჩვენ მთელ ევროპაში, ლონდონის, პარიზის, ამსტერდამის, ბერლინის მიმართულებით დავფრინავთ, სადაც ყველგან გავლილი გვაქვს უსაფრთხოების ISO სტანდარტები. ყველაზე სასაცილო არის ის, რომ 2008 წელს, როცა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები აღდგა, ჩვენ წარვადგინეთ უსაფრთხოების სტანდარტების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და მათ ეს დაამტკიცეს. არის არაპროფესიონალიზმის უმაღლესი დონე, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ საერთაშორისო სასამართლო განხილვების დროს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენოთ მოპასუხე მხარე.


- ამ ეტაპზე რომელ ინსტანციაში განიხილავთ სარჩელის შეტანას და რა მოლოდინი გაქვთ წარმატების?


- ჯერ განხილვის პროცესში ვართ და ვაპირებთ ყველა ინსტანციაში წავიღოთ საქმე. არის შესაძლებლობა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შევიტანოთ განაცხადი, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე მთავრობამ უნდა წარადგინოს. ამიტომ არ გამოვა. კიდევ არის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც გვინდა რომ შევიტანოთ განაცხადი. ჩვენ მაქსიმალურად გვინდა ეს შემთხვევა გახდეს საერთასორისო განხილვისა და ბჭობის საგანი, რათა ამ ინსტანციების მიერ საქმის წარმოებაში ურთიერთახმარება მოხდეს. განსაკუთრებით გამიხარდა, რუსული მედიის, კერძოდ TACС-ის მიერ ამ საკითხის ობიექტურად გაშუქება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის პოლიტიკური საკითხი და პირადად პუტინის წინააღმდეგ მიმართული ქმედება და ეს არის კონკრეტული სამინისტროს ბიუროკრატიულ-კორუფციული არაპროფესიონალური ქმედება, რომელიც იქცევა ქეისად, მას მოგების დიდი შანსი აქვს. 


მსგავს თემაზე:

საქართველოში ოპერირებადი რუსული ავიაკომპანიები კრემლისგან დაპირებული კომპენსაციის გაცემას ითხოვენ



სხვა სიახლეები