• Ƀ/$

ექსპერტი: თურქეთში ახალი ეკონომიკური შოკი ჩვენს ეკონომიკაზე ნეგატიურ ზეგავლენას ნამდვილად იქონიებს

16 ოქტომბერი 18:25 | ინტერვიუ

თურქეთის მიერ სირიაში წარმოებული საომარი მოქმედებები დასავლეთში ანკარის მმართ გულისწყრომას იწვევს. მოვლენების შესაძლო განვითარებაზე M2B-ის საბაკო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ესაუბრა.

თქვენ წინა ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ თუ თურქეთი ჩაერთო ფართომაშტაბიან რეგიონალურ ომში, ეს თურქულ ეკონომიკაზე არა თუ ნეგატიურად აისახება, არამედ ეკონომიკის ვარდნასთან ერთად თურქული ლირის მნიშვნელოვანი რყევებიც შეიძლება გამოიწვიოს.  რა ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ეკონომიკაზე?


- სამწუხაროდ, ყველაფერი ჯერ-ჯერობით ამ სცენარით ვითარდება, რაც არასასურველი განვითარების სცენარია. თუ ჩვენ გავაანალიზებთ გასულ წლებში თურქული კრიზისების ზეგავლენას ქართულ ეკონომიკაზე, იგი ნეგატიურ ხასიათს ატარებდა და პირველ რიგში ლირას რყევები სერიოზულად ზემოქმედებდა ლარის გაცვლით კურსზე აშშ დოლართან მიმართებაში.


ვაშინგტონი გეგმავს თურქეთიდან შემოსულ ფოლადზე ტარიფი 50%-მდე გაზრდას, ამასთან  თურქეთთან სავაჭრო მოლაპარაკებები  შეწყდა და აქ საუბარია 100 მლრდ აშშ დოლარზე. მომავალში კი შეზღუდვები შესაძლოა ფინანსურ სექტორსა და ვიზის გაცემასაც შეეხოს; მოგეხსენებათ რამდენიმე თვის წინ  ევროკავშირის საბჭომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე თურქეთს სანქციები დაუწესა, თურქეთის მიერ კვიპროსის სანაპიროზე გეოლოგიური სადაზვერვო სამუშაოების ჩატარების გამო, რის შედეგადაც თურქეთს შეუმცირდება ფინანსური დახმარება. ასევე გასათვალისწინებელია საერთაშორისო სვალუტო ფონდის ახალი პროგნოზიც, რაც გეო ეკონომიკური კრიზისებიდან გამომდინარე, მსოფლიო ეკონომიკის შენელებას პროგნოზირებს.


ნიშანდობლივია, რომ  თურქეთში უკვე მესამე წელია პოლიტიკური კრიზისის და აშშ-სთან დაძაბული ურთიერთობის შედეგად, ეკონომიკის მაღალი რეცესია ისედაც სახეზეა, რაც ინვესტიციების მკვეთრი შემცირებით მიმდინარეობს. ეკონომიკის  ვარდნამ  ბოლო 3 წლიან პერიოდში 10 % შეადგინა. 2018 წელს თურქეთის ეკონომიკის ზრდა სულაც უარყოფით მაჩვენებელში გადავიდა და -2.5 % იყო. აქედან გამომდინარე, ამ შესაძლო სცენარის დადგომისას, მისი ზეგავლენა ჩვენს ეკონომიკაზეც არასახარბიელო იქნება.  ჩვენ უნდა გამოვიდეთ იმ რეალობიდანაც, რომ თურქეთი არის ჩვენი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა, რაც ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს როგორც ინვესტიციებზე, ასევე ტურიზმზეც და ფულად გზავნილებზეც – ანუ სავალუტო შემოდინებებზე მთლიანად.


გასათვალისწინებელია ისიც, რომ  2015-2017  წელს ჩვენი  ეკონომიკის ზრდას მნიშვნელოვნად სწორედ იმ პერიოდში თურქეთის ეკონომიკის დადებითმა ტენდენციებმაც შეუწყო ხელი. თურქეთს 2015-2016 წლებში ბოლო წლებში ყველაზე მაღალი ზრდა-7.4 % ჰქონდა.


მიმდინარე წლის პირველ 7 თვის მიხედვითაც, მთლიან სავაჭრო ბრუნვაში თურქეთი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა 1. 137 მლრდ აშშ დოლარით, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 14 %-ს შეადგენს. მაგრამ აქ საყურადღებო სხვა რამეა. თუ 2018 წლის იანვარ-აგვისტოში თურქეთთან საგარეო სავაჭრო ბალანსი გვქონდა უარყოფითი 761 მლნ აშშ დოლარამდე, უკვე მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში იგი გაუარესებულია 11. 6 %-ით და 941 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა. სავაჭრო ბალანსის გაუარესება გამოწვეულია პირველ რიგში ექსპორტის შემცირებით, 182 მლნ აშშ დოლარიდან 144 მლნ აშშ დოლარამდე ანუ 26,3 %-ით, ხოლო თურქეთი წამყვან საექსპორტო ქვეყნების ათეულში დაქვეითდა მე-3 ადგილიდან მე-8 ადგილზე. სამაგიეროდ, გაზრდილია იმპორტი 941.8 მლნ აშშ დოლარიდან 993.8 მლნ აშშ დოლარამდე ანუ 5. 5 %-ით და ამ მაჩვენებლით თურქეთი არის წამყვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა. ლირას გაუფასურება ერთის მხრივ და თურქეთში ეკონომიკის ვარდნა ნეგატიურად ზემოქმედეს ჩვენს ექსპორტზე, ხოლო იმპორტზე პირიქით აქვს დადებითი ზეგავლენა. სამაგიეროდ, გაუფასურებული ლირა, აიაფებს რა თურქულ საქონელს, მათ შორის სასურსათო პროდუქციას, ინფლაციაზე ნაკლები ზეგავლენა კი აქვს, მაგრამ სავაჭრო ბალანსზე პირიქით ნეგატიური ექნება იმპორტის ზრდის გამო, რაც საბოლოო ჯამში ისევ ლარზე ახდენს დაწოლას.


აქედან გამომდინარე, თურქეთის ეკონომიკის რეცესია ჩვენთან სავაჭრო ბალანსის სალდოზე მხოლოდ უარყოფითად აისახა. მიუხედავად იმისა, რომ მიდინარე წელს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში გაუმჯობესებულია წმინდა ექსპორტიც და შემცირებულია 6%-ით სავაჭრო ბრუნვის დეფიციტიც, რაც სულაც 40%-იან ისტორიულ მინიმუმზე დასული.


რეალურად სწორედ მაღალი იმპორტიზაციის გამო,  დღეს მთავარი გამოწვევა ჩვენთვის არის ლარის კურსი, რაც არის ინფლაციის ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი როგორც სამომხმარებლო ფასების, ასევე სამრეწველო ფასების ზრდის თვალსაზრისით. შესაბამისად, ამ სცენარის დადგომისას, სებ-ს მოუწევს მონეტარული განაკვეთის კიდევ უფრო გაზრდა სავარაუდოდ 8.5 % მდეც კი, რაც გააძვირებს რა ფულად რესურსებს ბანკებისათვის, ნეგატიურად იმოქმედებს ეკონომიკის ზრდაზეც. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ინდა ვეცადოთ 2020-2021 წლების საპროგნოზო მაჩვენებლები, რაც მთავრობის შეფასებით შესაბამისად 5% და 6 %-ია, შევინარჩუნოთ.


მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკა  უფრო დივერსიფიცირებული რომ იყოს, მაშინ ჩვენ კიდევ შეგვეძლო სავაჭრო კავშირების ზეგავლენისთვის ნაკლები ყურადღება მიგვექცია. მაგრამ ახლა, თურქეთში ახალი ეკონომიკური შოკი  ჩვენს ეკონომიკაზე ნეგატიურ ზეგავლენას ნამდვილად იქონიებს, როგორც ფულადი გზავნილების ასევე ექსპორტის შემცირების თვალსაზრისით.


რა უნდა გაკეთდეს ამ არასასურველი სცენარების პრევენციისათვის, როგორც ეროვნული ბანკის მხრიდან ისე ეკონომიკის გაძლიერების თვალსაზრსით?


- შედარებისათვის ევროკავშირთან, განსაკუთრებით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა- 33 %-ით, რასაც აქვს მზარდი ტენდენცია, ხოლო სავაჭრო დეფიციტი, მთლიან სავაჭრო ბალანსში -27.2 პროცენტით განისაზღვრა, რაც საერთო მედიანურ მაჩვენებელზე ნაკლებია. ევროკავშირის მაგალითიც აჩვენებს, რომ ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის მეტი დივერსიფიკაცია, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის თვალსაზრისით. ჩვენ გვჭირდება არა უბრალოდ ახალი ბაზრები,  არამედ გლობალურ, მაღალი შემოსავლებისა და მაღალ ტექნოლოგიურ ბაზრებზე გასვლაც, რაც გაზრდის ინვესტიციების შემოდინებასაც და რაც მთავარია, კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებს და მეტად დივერსიფიცირებულს გახდის იმპორტსაც.


ამიტომაც აქვს სწორედ ახლა აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ძალზე დიდი მნიშვნელობა, ვფიქრობ ამისათვის ყველანაირი წინაპირობა უკვე არსებობს, რასაც მოწმობს თუნდა წამყვალ და გავლენიან ამერიკულ გამოცემა „ნეშიონალ ინტერესტში“ ამ თემაზე გამოქვეყნებული  სტატიაც.                                  


ცნობისათვის ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა არის არა მხოლოდ მსოფლიო უმსხვილესი ეკონომიკა, არამედ  აშშ-ს, ევროკავშირთან ერთად აქვს ყველაზე დივერსიფიცირებული, ინდუსტრიული სექტორი. აშშ წარმოადგენს, მეხუთე გლობალური ინდუსტრიული რევოლუციის, ლიდერს და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელ ქვეყნას, რომელსაც აქვს არა მარტო უმსხვილესი საქონლის შიდა ბაზარი, არამედ დომინირებს ვაჭრობის სფეროში.


მსგავს თემაზე:

თურქეთი რუსული თვითმფრინავების შესყიდვაზე დაფიქრდა


Volkswagen თურქეთში ინვესტირებაზე უარს ამბობს



სხვა სიახლეები