• Ƀ/$

რუსეთის სამხედრო ფლოტი საქართველოს საზღვაო იზოლაციის გეგმას ამუშავებს

29 ოქტომბერი 11:04 | ანალიტიკა

რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტმა დღეს, 29 ოქტომბერს, საზღვაო სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ყირიმის მახლობლად შავი ზღვის ნაწილი ჩაკეტა.

„რონდელის“ ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს სქართველოში შემომსვლელი გემებისთვის სერიოზული წინაღობის შექმნას ისახავს მიზნად.


„რუსეთის ეს ქმედებები ცალსახად უარყოფითად აისახება საქართველოს უსაფრთხოებაზე. ისინი ცდილობენ, თავიანთი გადასახედით, ასე ვთქვათ, მომზადებულები იყვნენ სხვადასხვა სცენარისთვის და ერთ-ერთ ასეთად შავი ზღვიდან საქართველოს შესაძლო ბლოკირების საკითხი განიხილება და ამ სცენარის დამუშავებაში არიან, ანუ ვარჯიშობენ იმაში, რომ საქართველო გარე სამყაროს მოწყვიტონ ზღვიდან. ისინი აკონტროლებენ ყირიმს, ყირიმი კი შავი ზღვის ცენტრში მდებარეობს, ამიტომ, ეს საშუალებას აძლევს რუსეთს გადაკეტოს ის შემოსასვლელები, რომელზეც შესაძლოა ამერიკულმა ფლოტმა გაიაროს“, - აცხადებს მკვლევარი M2B-სთან საუბარში.


მისი თქმით, ამ განლაგებით რუსეთს საქართველოს შავი ზღვის მხრიდან ჩაკეტვა სრულად არ შეუძლია, თურქეთის გამო, თუმცა, შექმნილ ვითარებაში შავ ზღვაში შემოსულ გემებს თურქეთის სიახლოვეს, ნაპირ-ნაპირ მოუწევთ გადაადგილება, რაც არ იქნება უსაფრთხო.


მკვლევარის აზრით, ნაკლებადმოსალოდნელია, რომ თურქეთს აღნიშნულ ქმედებებზე რაიმე რეაქცია ჰქონდეს, რადგან მას სირიაში რუსეთის თანადგომა სჭირდება.


„თურქეთისთვის ახლა პრიორიტეტულია სირია და იქ მიმდინარე პროცესები, სადაც მას რუსეთის მხარდაჭერა სჭირდება. ფაქტობრივად, გადის ვადა, როცა ქურთულმა ძალებმა უნდა გაიწიონ თურქეთი-სირიის საზღვრის ტერიტორიიდან და იქ თურქულმა და რუსულმა სამხედრო ნაწილებმა უნდა დაიწყონ ერთობლივი პატრულირება. ეს, რა თქმა უნდა, უფრო პრიორიტეტულია თურქეთისთვის, ვიდრე შავ ზღვაზე წვრთნები, რომლებიც მას საფრთხეს არ უქმნის“, - მიიჩნევს ზურა ბატიაშვილი.


მკვლევარის განმარტებით, პარტნიორ ქვეყნებთან მუდმივი კოორდინაციის გარდა, საჭიროა საქართველომ შეადგინოს უსაფრთხოების კონცეფციისა და საფრთხეების შეფასების ახალი დოკუმენტები და მის მიხედვით შესაძლო რეაგირების სცენარები გაწეროს.


სხვა სიახლეები