• Ƀ/$

ახალქალაქში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსება დღეს არარეალურია

30 ოქტომბერი 16:03 | ანალიტიკა

ახალქალაქში ამერიკული სამხედრო ბაზის განთავსების იდეას, რომელიც აშშ–ის არმიის ვეტერანმა, ჰერიტაჯის ფონდის მკვლევარმა ლუკ კოფმა წინა კვირაში გააჟღერა, არარეალურს უწოდებს ლაშა ძებისაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.

მისი თქმით, „ამ ეტაპზე აბსოლუტურად არარეალური. მსგავს გადაწყვეტილებებს სტრატეგიული აუცილებლობა და პოლიტიკური მომზადება სჭირდება, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. მიუხედავად თურქეთ-აშშ-ს დაძაბული ურთიერთობისა, საქართველოში ზოგადად ამერიკული კონტინგენტის განლაგება როგორც მინიმუმ უნდა ემსახურებოდეს აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში და შესაძლოა ცენტრალურ აზიაში. ხოლო ალტერნატივად ნატოს სწრაფი გაფართოვების სცენარი (სქართველოს გაწევრიანება) შეიძლება გამოდგეს. არც ერთი საკითხი, სამწუხაროდ, დღეისთვის არ დგას დღის წესრიგში. თუმცა გლობალური ვითარება ისე სწრაფად იცვლება და დინამიურია, რომ უკვე რაიმე მყარის პროგნოზის გაკეთებაც კი ძნელდება“.


აღნიშნული იდეის თუნდაც გაჟღერებაზე კრემლის შესაძლო რეაქციასა და რეაგირებასთან დაკავშირებით პროფესორი ლაშა ძებისაშვილი მიიჩნევს, რომ კრემლი ოსტატურად იყენებს ნებისმიერ შემთხვევას თუ გაჟღერებულ იდეას,  რეალურს თუ ჰიპოთეტურს, საკუთარი თავზედაყენებული ლოგიკის გასამართლებლად და განსაკუთრებით ქართველების ფობიების გასაძლიერებლად.


„რასაკვირველია, ეს შემთხვევაც გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ მოსკოვმა ხაზი გაუსვას რომ არ დაუშვებს რაიმე სახით ამერიკული (ან ნატო-ს) ქვედანაყოფის გამოჩენას მის საზღვრებთან. აღნიშნული მუქარა უფრო პრორუსული განწყობების გაძლიერებას, და ქართული საზოგადოების დაყოფა-დაპირისპირებას ემსახურება, ვიდრე რეალურად ამერიკული სამხედრო ყოფნის შემცირებას“, – მიიჩნევს ლაშა ძებისაშვილი. 


ჰიპოთეტურად თუ დავუშვებთ ლუკ კოფის იდეის რეალიზაციას, პროფესორი ფიქრობს, რომ „აშშ-ს ან ნატო-ს ნებისმიერი, და სასურველია რაც შეიძლება მასშტაბური, სამხედრო კონტინგენტის განთავსება საქართელოს ტერიტორიაზე აქარწყლებს რუსული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შანსს, ქმნის უსაფრთხოების გარანტიებს და საშუალებას მისცემს ქვეყანას მთელი ენერგია სახელმწიფო ინსტიტუტების და ეკონომიკის განვითარებას მოახმაროს. გარე საფრთხის ფაქტორის მოხსნით, გაცილებით ინტენსიური გახდება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები და განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების შანსი“.


იდეა – სირიიდან საქართველოში


სირიიდან გაყვანილი ამერიკული ჯარების საქართველოში, ახალქალაქში, რუსეთის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე განთავსების იდეით ლუკ კოფი გასულ პარასკევს, 25 ოქტომბერს გამოვიდა.


"ამერიკული ჯარები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შესაძლოა სქართველოში, ახალქალაქში გაიგზავნოს. ეს იქნება ჰორიზონტს გადაღმა ძალა, რომელსაც შეეძლება ისლამურ სახელმწიფოს სწრაფად უპასუხოს ძალების ისევ მოკრების შემთხვევაში. ამერიკას შეუძლია გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში, რომელიც მხოლოდ 740კმ-ით არის დაშორებული რაქას. ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი", - წერდა ლუკ კოფი Tweeter-ზე.


ვინ არის ლუკ კოფი


ლუკ კოფი აშშ-ს არმიის ვეტერანი და უსაფრთხოების საკითხების, მათ შორის ტრანსატლანტიკური და ყოფილი საბჭოთა კავშირის პრობლემატიკის ანალიტიკოს-მკვლევარია ჰერიტაჯის ფონდში, რომელიც კონსერვატიული მიმართულების ორგანიზაციაა. 2010-2012 წლამდე მუშაობდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ლია ფოქსის მრჩევლად, ხოლო შემდეგ მარგარეტ ტეტჩერის სახელობის კვლევით ცენტრში. მის მოსაზრებას ყურადღებით ეცნობიან, თუმცა ამ ეტაპზე რამდენად ითვალისწინებს თეთრი სახლის ადმინისტრაცია, ძნელად სათქმელია. დიდი ალბათობით, მის მოსაზრებებს დიდი გავლენა თეთრი სახლის ადმინისტრაციაზე არ აქვს, თუმცა რესპუბლიკური პარტიის კონსერვატიულ ღირებულებებთან სიახლოვის გამო, ჰერიტაჯის ფონდის დასკვნებს ამერიკული პოლიტელიტა, როგორც მინიმუმ, ეცნობა და ითვალისწინებს. ლუკ კოფი ერ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვლევარია პოსტსაბჭოური თემათიკის სფეროში.


სხვა სიახლეები