• Ƀ/$

პუტინის დაქირავებული მებრძოლების კვალი ლიბიის სამოქალაქო ომში

6 ნოემბერი 14:01 | ანალიტიკა

ბოლო ექვსი კვირის მანძილზე დაახლოებით 200 რუსი დაქირავებული მებრძოლი ჩავიდა ლიბიაში, რომელთა შორის კერძო რუსული სამხედრო დანაყოფის „ვაგნერის“ სნაიპერებიც არიან.

აღნიშნულ ინფორმაციას The New York Times სამ ლიბიელ მაღალი თანამდებობის პირზე და ხუთ დასავლელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.


ლიბიელი საველე ექიმების თქმით, მებრძოლები სავარაუდოდ იყენებენ იმავე საბრძოლო მასალას, რაც გამოყენებული იქნა აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში. უკანასკნელ პერიოდში დაზიანებების სპეციფიკა შეიცვალა. მსხვერპლისთვის თავში ან სხეულში ნასროლი ტყვია ტოვებს ვიწრო ჭრილობას, სხეულში რჩება და მყისიერად კლავს მსხვერპლს. ეს დამახასიათებელია იმ იარაღისთვის, რომელსაც ჩვეულებრივ რუსი სნაიპერები იყენებენ, ხოლო მსხვერპლის დაზიანებები აღმოსავლეთ უკრაინაში მიყენებული ჭრილობების ანალოგია.


ლიბიაში ბრძოლა რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ მასში რუსეთი ოფიციალურად არ მონაწილეობს.


რუსი დაქირავებულები სამხედრო დახმარებას გენერალ ხალიფა ჰაფთარის ჯარს უწევენ, რომელიც ბოლო ხუთი წელია ლიბიის დასავლეთში დისლოცირებულ, 2015 წელს გაეროს მიერ ჩამოყალიბებულ „ეროვნული კონსესუსის მთავრობას“ ებრძვის. ამ უკანასკნელს ქვეყნის დედაქალაქი ტრიპოლი აქვს დაკავებული და მას მხარს უჭერს დასავლური კოალიცია შეერთებული შტატების და თურქეთის ხელმძღვანელობით (პრაქტიკაში მხოლოდ თურქეთი ეხმარება).


Daily Telegraph-მა მარტში გაავრცელა ინფორმაცია ლიბიის ქალაქ ბენღაზში 300 რუსი დაქირავებულის ყოფნის შესახებ, ხოლო Bloomberg-მა 25 სექტემბერს დაწერა „ვაგნერის“ დანაყოფის 100-ზე მეტი მებრძოლის ლიბიაში გადასროლის შესახებ. ერთი კვირის შემდეგ რუსულმა ოპოზიციურმა გამოცემა Meduza-მ, ლიბიაში განხორციელებული საჰაერო დაბომბვის შედეგად ათეული რუსი დაქირავებულის დაღუპვის შესახებ განაცხადა. ოფიციალურად აღნიშნული ინფორმაცია არავის დაუდასტურებია.


2018 წლის ნოემბერში კრემლში, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალ ხალიფა ჰაფთარს შორის მოლაპარაკებებს ე.წ. ტროლების ფაბრიკის დამფინანსებელი, „პუტინის მზარეული“ ევგენი პრიგოჟინი ესწრებოდა. ცხრა თვის შემდეგ, 2019 წლის ივლისში, ლიბიაში დააპატიმრეს რუსი პოლიტ-ტექნოლოგი მაქსიმ შუგალეი, რომელიც ცნობილია პრიგოჟინის სტრუქტურებზე მუშაობით. შუგალეის ადანაშაულებდნენ ამ სახელმწიფოში ჩასატარებელ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაში. სავარაუდოდ, რუსები ფარულად ცდილობდნენ ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის შვილთან, სეიფ კადაფისთან (სეიფ ალ-ისლამი) შეხვედრას, რომელსაც კრემლი ამ სახელმწიფოს პოტენციურ პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილავდა.


 ავტორი: რატი ერისთავი, M2B-ის ანალიტიკოსი 


სხვა სიახლეები