• Ƀ/$

ახალციხელმა სოსო ნათენაძემ ლონდონში ქართული ღვინის ბარი გახსნა

11 ნოემბერი 11:19, 2019 წელი | კომპანიები

ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში - უიმბლდონში, ქართული ღვინის ბარი გაიხსნა. “Merton Café & Wine Bar“-ში მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოსთან ერთად, ქართული კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი.

ბარის მეპატრონე სოსო ნათენაძე ახალციხელია. ის ლონდონში საცხოვრებლად 13 წლის წინ გადავიდა. წლებია ქართულ ღვინოსთან შეხება აქვს. შარშან კი დააარსა კომპანია “8000 Vintages“, მეღვინე ძმის დახმარებით, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ნატურალური ქვევრის ღვინოები ლონდონში შეაქვს და ონლაინ ყიდის.


„აქ ვმონაწილეობ უამრავ ფესტივალსა და ღვინის გამოფენებზე, რითაც ქართული ღვინის და ჩვენი კომპანიის ცნობადობა სწრაფად და საგრძნობლად იზრდება. ასევე პარტნიორთან ერთად მქონდა პირველი ქართული ღვინის მაღაზია “თბილისი”, რომელიც დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს ლონდონში და უკვე მეორედ მოვაწყეთ ქვევრის ღვინის ფესტივალი აქაურ მეღვინე იმპორტიორებთან ერთად, რომელმაც დიდი წარმატებებით და დადებითი გამოხმაურებებით ჩაიარა“, - მოგვითხრობს სოსო ნათენაძე.


ახალციხეში, ნათენაძეების ოჯახი მეღვინეობით არის დაკავებული. ისინი მესხურ ღვინოს 2009 წლიდან აწარმოებენ. სოსოს ძმამ, გიორგიმ მივიწყებული მესხური ვაზის ჯიშების აღდგენა და ნატურალური ღვინის ევროპაში გატანა დაიწყო. მეღვინეობით სოსოც მაშინ დაინტერესდა.


„მე რომ გამოფენებზე დავიდოდი, სოსო მაშინ დაინტერესდა და ამ სფეროში ჩაერთო. თავდაპირველად, მისი კომპანიის საშუალებით დიდ ბრიტანეთში ქართულ ღვინოს ყიდდა, შერჩევაში მე ვეხმარებოდი“, - გვიყვება მესხი მეღვინე გიორგი ნათენაძე.


„ბარის იდეაც ღვინოსთან დაკავშირებული საქმით გაჩნდა. ლონდონში დღეს ვერც ერთ ბარს ან რესტორანს ვერ იპოვით, სადაც ქართული ღვინის ფართო არჩევანია, ამიტომ გავხსენი მეგობართან ერთად და უკვე წარმატებით ფუნქციონირებს“, - გვითხრა სოსო ნათენაძემ.


ძმის ახალგაზსნილ ბარში გიორგიმ ჯერ მხოლოდ მესხური წითელი და თეთრი შეიტანა. დიდ ბრიტანეთში ღვინის შეტანა გაცილებით რთულია, ვიდრე ევროპაში. ინგლისს თავისი მკაცრი მოთხოვნები და პროცედურები აქვს.


„სოსოს საიმპორტო კომპანიით “8000 Vintages“ ბევრი ქართული მეწარმე დაინტერესდა, ბევრს უნდა დიდ ბრიტანეთში მათი ღვინის შეტანა. აქედან შევარჩევთ საუკეთესოებს, რომლებიც გემოვნური თვისებებით ბრიტანეთის ბაზარზე იქნება მორგებული. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ტრადიციული, ქვევრის მძიმე ღვინოები ნაკლებად მოსწონთ. უფრო მსუბუქი ურჩევნიათ. მესხურთან ერთად, ალბათ იმერული და კახური მსუბუქი შეირჩევა“.


სოსო ნათენაძის ქართული ღვინის ბარის გახსნას დიდ ბრიტანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო. მან დამფუძნებლებს მადლობა გადაუხადა ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.


„ეს ბარი იქნება კიდევ ერთი ადგილი ლონდონში, რომელიც მნიშვნელოვან პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ ღვინოს, ქართული მეღვინეობის ისტორიასა და ზოგადად საქართველოს“, - აღნიშნა ელჩმა.


„ამბიციური პროექტია, ინვესტიცია, დრო, გამოცდილება და რეკლამა სჭირდება“, - ამბობენ ძმები ნათენაძეები. სოსო გვიხსნის, რომ ბარში ქართულ კერძებთან და ღვინოსთან ერთად, სტუმრებს მათთვის საინტერესო ინფორმაციასაც მიაწვდიან.


„შესაძლოა, დიდ ბრიტანეთში ვინმეს ჰქონდა ბარი, სადაც ქართულ ღვინოს ადგილი ჰქონდა დათმობილი, მაგრამ ქართული ღვინს ბარი არავის აქვს, ეს პირველია. ქართული ღვინის პოპულარიზებას ემსახურება“, - ამბობს გიორგი.


სხვა სიახლეები