• Ƀ/$

ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტი რეალურ კონტურებს იძენს

15 ნოემბერი 14:56 | ეკონომიკა

ტრანსკასპიური გაზსადენი საკვანძო მარშრუტს წარმოადგენს თურქმენული ბუნებრივი გაზის ევროკავშირის ბაზრისთვის მისაწოდებლად.

ამის შესახებ აზერბაიჯანულ სააგენტო ტრენდს პოლიტიკური კვლევების ცენრისა და საფრანგეთის საერთაშორისო და სტრატეგიული ურთიერთობების ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელმა ფრანცის პერენმა განუცხადა.


„თურქმენეთი მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა გაზის დადგენილი მარაგების მოცულობით რუსეთის, ირანისა და კატარის შემდეგ. თურქმენეთი წიაღისეულის ტრანსპორტირებას დღეს, ძირითადად, მილსადენით ჩინეთში ახორციელებს. მაგრამ ქვეყანა თავისი რესურსის საექსპორტო ბაზრის გაფართოებით და დივერსიფიცირებით არის დაინტერესებული. შესაბამისად, აშხაბადი უახლოეს წლებში ევროკავშირის ბაზარზე იქნება ორიენტირებული. ამ მიზნის მისაღწევად საკვანძო მარშრუტს ტრანსკასპიური გაზსადენი წარმოადგენს, რომლის მეშვეობით თურქმენული გაზის ტრანსპორტირება ევროპაში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის, ან აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუმინეთის გავლით განხორციელდება“, – თქვა პერენმა.


მისივე თქმით, ამ იდეას ევროკავშირი მხარს უჭერს, ვინაიდან პროექტი გაზის იმპორტის დივერსიფიცირების საშუალებას მისცემს.


„ტრანსკასპიური მილი გაზის სამხრეთის დერეფნის შემადგენელი ნაწილიც შეიძლება გახდეს, რომელიც სამხრეთ კავკასიის გაზსადენის, ტრანსანატოლიის მილსადენის (TANAP), და ტრანსადრიატიკის მილსადენისგან (TAP) შედგება. ამ მარშრუტით ევროკავშირი აზერბაიჯანულ გაზს უკვე 2020 წლიდან მიიღებს. გაზის სამხრეთის დერეფნის გაფართოება ევროკავშირის მიზანს წარმოადგენს. ევროკავშირი ამ პროექტში ინვესტირებისთვის ემზადება. ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობაში ინვესტირებით ასევე დაინტერესებული არიან საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და რიგი დასავლური კომპანიებისა“, – თქვა ექსპერტმა.


პერენის აზრით, ამ პროექტისათვის აუცილებელია თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა.


ტრანსკასპიური მილსადენი თურქმენული გაზის კასპიის ზღვის ფსკერის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.


თურქმენეთი მზადყოფნას გამოთქვამს, პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში ევროკავშირისთვის წელიწადში 40 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე.


სხვა სიახლეები