• Ƀ/$

შავი ჭირის ახალი შემთხვევები - რამდენად რეალურია პანდემიის საფრთხე?

17 ნოემბერი 20:22 | ანალიტიკა

ჩინეთში დაფიქსირებულმა შავი ჭირის დაავადების ორმა ახალმა შემთხვევამ ბევრი ადამიანი პანიკაში ჩააგდო, რაც გადაჭარბებული შეფასებაა. დაავადება რომელმაც ერთ დროს ევროპის მოსახლეობის მესამედზე მეტი შეიწირა დღეს განკურნებადია. 

ომებს ხშირად მიიჩნევენ კაცობრიობის ისეთ უბედურებად, რომელსაც ყველაზე მეტი უდანაშაულო ადამიანი ეწირება. ეს მოსარება ნახევარსიმართლეა. მართალია ომების შედეგად მილიონობით უდანაშაულო ადამიანი კვდება, მაგრამ ზოგიერთი ბუნებრივი კატაკლიზმა და პანდემია უფრო დაუნდობელია. ბოლო დროის ყველაზე ცხელ წერტილ სირიაში, სამოქალაქო ომისა და უცხოური ინტერვენციის შედეგად 2011-2019 წლებში 550-580 ათასი ადმიანი დაიღუპა, მაშინ როცა იმავე პერიოდში გლობალურმა დათბობამ და მის შედეგად მიწების გამოფიტვამ, შიმშილობამ, დაბინძურებულმა ჰაერმა და წყალმა მინიმუმ 100-ჯერ და რეალურად უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, რაც თავის მხრივ მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლსაც აჭარბებს. პირველ მსოფლიო ომში თუ 10 მლნ ადამიანი დაიღუპა, შემდგომ 2 წელიწადში ესპანური გრიპი ე.წ. „ისპანკა“ 20 მლნ ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. თუმცა ყველაზე კატასტროფული მაინც შავი ჭირი აღმოჩნდა, რომელმაც სულ რაღაც 4 წლიწადში XIV საუკუნეში იმ დროინდელი მსოფლიო ყოველი მესამე ადამინი მოკლა.


დაავადების შემთხვევები ადრეც გამოვლენილა, მაგრამ მალევე გადაუვლია. 1330 წლიდან კი ახალმა ეპიდემიამ იფეთქა, რომელიც 1347 წელს პანდემიაში გადაიზარდა. დაავადება მონღოლეთიდან კერძოდ კი გობის უდაბნოდან გავრცელდა ჯერ ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში, შემდეგ კი ევროპაში.


დაავადების მთავარი გამავრცელებელი იყო რწყილი, რომელიც ვირთხას გადაჰყავდა. რწყილის ნაკბენის შედეგად ადამიანი ინფიცირდებოდა, რომელიც შემდგომ ჰაერ-წვეთოვანი გზით მეორე ადამიანს გადასცემდა. ყველაზე გავრცელებული მოსაზრებით თავად დაავადებას სახელი წყლულის ფერის გამო ეწოდა, რომელიც ძირითადად ბარძაყისა და იღლიის არეში ჩნდებოდა.


პანდემიის მთავარი მიზეზი ანტისანიტარია და დაავადების არსის სრული უცოდინრობა გახდა. ქუჩებში არსებული თხრილებისა და ტალახის გამო, რომელშიც ყველა სიბინძურე ერთად იღვრებოდა ვირთხებს გამრავლების პირობას უქმნიდა, გარდა ამისა შესაბამისი პირობების არქონისა და ხშირ შემთხვევაში რელიგიური მოსაზრებების გამოც ადამიანები არც თუ ისე ხშირად ბანაობდნენ და მათთვის მკბენარები სიახლეს არ წარმოადგენდა. ადამიანები ვერ ხვდებოდნენ დაავადების გავრცელების მიზეზს, რათა როგორც მინიმუმ შეემცირებინათ სიკვდილიანობა, ამის მაგივრად ყველაფერს ხან საკუთარ ცოდვებს, ხანაც ებრაელებს აბრალებდნენ. გამოსავალს კი ლოცვების გაძლიერებაში ხედავდნენ, მათი ნაწილი თვითგვემასაც მიმართავდა.


საბოლოოდ შავმა ჭირმა სულ ცოტა 75 მლნ ადამიანი იმსხვერპლა, ზოგიერთი დათვლით უფრო მეტიც რაც იმდროინდელი მსოფლიო მოსახლეობის 1/3-ს უდრიდა. ცალკეულ რეგიონებში სიკვდილიანობის მაჩვენებლემა 90%-საც გადააჭარბა შედარებისთვის მეორე მსოფლიო ომში მსოფლიო მოსახლეობის 2.5% დაიღუპა.


დაავადების ცალკეული აფეთქბები შემდგომ საუკუნეებშიც დაფიქსირდა, რომელთაგანაც ყველაზე მასშტაბური XIX საუკუნის მიწურულს აღმოჩნდა, რა დროსაც აზიაში, ძირითადად ინდოეთში 6 მლნ ადამიანი დაიღუპა.


შავი ჭირის შემთხვევები XXI საუკუნეშიც ყოველწლიურად ფიქსირდება, ჩინეთის დღევანდელი მაგალითი არც გამონაკლისია და პანიკის საფუძვლებსაც არ ქმნის, რადგან დღეს დაავადება უკვე მარტივად განკურნებადია და თუ მან მუტაცია არ განიცადა, რისი წინაპირობაც ამ დროისათვის არ არსებობს მომავალშიც ასეთივე უხიფათოდ დარჩება.


მსგავს თემაზე:

ბირთული შეთანხმება გაუქმებულია - გაიზარდა თუ არა აპოკალიფსის საფრთხე?



სხვა სიახლეები