• Ƀ/$

ყველაზე „ცხელი“ პროტესტი მსოფლიოში

18 ნოემბერი 17:20 | ანალიტიკა

პროტესტის „მსოფლიო რუკაზე“ ყველაზე ცხელი ირანია – ქვეყნის 90–ზე მეტი ქალაქი პრაქტიკულად პარალიზებულია, დარბეული და გადამწვარია უამრავი ობიექტი, პოლიციის ავტომობილები, ბანკების შენობები, ავტობუსები და მეტროსადგურებიც კი.

ირანის ხელისუფლება ცნობს მოსახლეობის კანონიერ უფლებას, გააპროტესტონ მთავრობის გადაწყვეტილება ბენზინის ფასის ზრდასთან დაკავშირებით, მაგრამ მასობრივი არეულობების წინააღმდეგია.


ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მასობრივი არეულობის საპასუხოდ განაცხადა.


„ჩვენ ვხედავთ, რომ მიღებულმა ცვლილებამ ქუჩის პროტესტი გამოიწვია. ეს ბუნებრივია, როდესაც სახელმწიფო რაიმე ცვლილებას ახორციელებს, ყველა არ ეთანხმება მას“, - განაცხადა რუჰანიმ.


მისი თქმით, დაუშვებელია მოსახლეობის საპროტესტო უფლების ბოროტად გამოყენება და ამ მიზნით ბანკებზე, პოლიციის შენობებზე და სხვადასხვა დაწესებულებებზე თავდასხმა. მთავრობა არავის მისცემს უფლებას – წარმოშვას ქაოსი.


რუჰანი მადლობას უხდის ირანელ ხალხს გამოჩენილი სიფხიზლისთვის და იმ ქმედებისთვის, რომ მათ უარი თქვეს ამბოხებულთა და შეთქმულების მონაწილე მცირე ჯგუფებთან გაერთიანებაზე, რომლებმაც სახელმწიფო საკუთრება გაძარცვეს.


პრეზიდენტი აგრეთვე მიესალმება ირანის დაზვერვის სამინისტროს, პოლიციის, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ და შეიარაღებული ძალების გატარებულ ზომებს, აღეკვეთათ ვანდალიზმის ფაქტები სხვადასხვა ადგილებში.


რუჰანის განცხადებით, ბენზინის ფასთან დაკავშირებული ცვლილებები მთვრობისთვის არანაირი სარგებლის მომტანია, არამედ ეს ემსახურება ირანელი ხალხის ინტერესებს. აღნიშნული შეამცირებს ბენზინის მოხმარებას და ქვეყანას დაეხმარება საწვავის წარმოების კუთხით, დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში.


ირანის ნავთობპროდუქტების ეროვნულ სადისტრიბუციო კომპანიაში (NIOPDC) მანამდე განაცხადეს, რომ 1 ლიტრი ბენზინის ფასი 10 000 რიალიდან 15 000 რიალამდე (12,7 ცენტით) გაიზარდა და თითოეული კერძო ავტომობილისთვის თვეში 60 ლიტრი საწვავის გაცემის ლიმიტი დაწესდა. ბენზინის დამატებითი შესყიდვა კი თითო ლიტრზე 30 000 რიალი ეღირება.


ამ გადაწყვეტილებას 15 ნოემბრიდან ირანის 93 ქალაქში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რაც საბოლოოდ ძალოვანებთან შეტაკებებში გადაიზარდა. არეულობების შედეგად უკვე 27 ადამიანი დაიღუპა. მომიტინგეებმა ქალაქ ქარაჯში ბანკები დაწვეს. არეულობებია თეირანსა და ყუმშიც. ხელისუფლებამ საგანგებო ზომები მიიღო. ქვეყნის უმეტეს ნაწილში ინტერნეტი სრულადაა გათიშული.


პროტესტანტები წვავენ ბანკებს, ავტობუსებს, მეტროსადგურებს...


ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მთავრობის მიღებულ გადაწყვეტილებას ბენზინის ფასთან დაკავშირებით მხარი დაუჭირა, მაგრამ აქვე ხაზი გაუსვა მოსახლეობის მოთხოვნების შესრულების აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ფრთხილად უნდა მოეკიდონ საკითხს, არ მოხდეს სხვა საქონელზე ფასების მნიშვნელოვანი მატება.


„რა თქმა უნდა, ზოგი ადამიანი ამ გადაწყვეტილებით შეშფოთებულია, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით „დივერსიებს“ კონკრეტული მცირე ჯგუფები (და არა ჩვენი ხალხი) ახორციელებენ. ირანის მტრები და კონტრრევოლუციის მომხრეები ყოველთვის ხარს უჭერენ მსგავს ქმედებებს და უსაფრთხოების რღვევას. ამ ყველაფრის მიზეზი ე.წ. მეხუთე კოლონა, შაჰის რეჟიმის მომხრეები არიან, რომელთაც სურთ ადამიანების სიკვდილი“, - განაცხადა ხამენეიმ.


სულიერმა ლიდერმა უგულვებელჰყო სახალხო პროტესტი და ის პირდაპირ „კონტრრევოლუციურ ქმედებად“ შეაფასა, რაც, მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან სასტიკად იქნება ჩახშობილი.


ხამენეის გამოსვლა ირანის მმართველმა ელიტამ მოქმედების სახელმძღვანელოდ მიიჩნია. შს მინისტრმა აბდოლრეზა რაჰმანი ფაზლიმ განაცხადა, რომ უწყება აქტიურად იმოქმედებს „ხულიგნების“ და დივერსიული ელემენტების წინააღმდეგ, რომლებიც ზიანს აყენებენ სახელმწიფო წესრიგს და საზოგადოებრივ ქონებას.


თავის მხრივ, ირანის მოსახლეობა არ აპირებს შეჩერებას. მათ დაახლოებით 100-მდე ბანკი დაწვეს სხვადასხვა ქალაქებში. ქალაქ ისპაჰანში მომიტინგეებმა დააზიანეს 60 ავტობუსი, მეტროს 5 სადგური და ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის განყოფილებას. შეტაკებებისას, ქალაქ ყერმანშაჰში პოლიციელი გარდაიცვალა. დაკავებულია დაახლოებით 1000-მდე ადამიანი. საპროტესტო აქციებში სავარაუდოდ 87 000 ადამიანი მონაწილეობს.


ინტერნეტ-მონიტორინგის კომპანია Netblocks-ის განცხადებით, ოფიციალურმა თეირანმა ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის დაფარვა სრულად შეზღუდა და რუჰანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს არის ქსელის ყველაზე მასშტაბური გათიშვა.


აშშ ირანში მშვიდობიან პროტესტს უჭერს მხარს


მანამდე, კვირას, 17 ნოემბერს აშშ-ის ხელისუფლებამ ირანული საზოგადოების პროტესტს მხარი დაუჭირა.


„ჩვენ ვგმობთ ლეტალური ძალის გამოყენებას და კომუნიკაციების მკაცრ შეზღუდვას მომიტინგეთა წინააღმდეგ. თეირანმა გაატარა ბირთვული და სარაკეტო პროგრამები, მხარი დაუჭირა ტერორიზმს. ახლა კი ვხედავთ იმას, თუ რა შეიძლება დაემართოს ამაყ ერს, როდესაც მმართველი პოლიტიკური კლასი მიატოვებს თავის ხალხს და მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებაზე და სიმდიდრეზე იწყებს ზრუნვას“, - განაცხადა თეთრის სახლის პრეს–მდივანმა სტეფანი გრიშამმა.


ირანის საგარეო უწყება: „აშშ მხარს უჭერს ქაოსის გავრცელებას“


ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ შეერთებული შტატები არ უთანაგრძნობს ირანელ ხალხს, არამედ მხარს უჭერს ქვეყანაში ქაოსის გავრცელებას.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ „ტვიტერის“ პირადი გვერდის საშუალებით განაცხადა, რომ „ამერიკა ირანელი ხალხის გვერდითაა“.


პომპეოს ნათქვამს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი აბას მუსავი: „ღირსეულმა ირანელმა ხალხმა კარგად იცის, რომ ეს არის „ფარისევლური მხარდაჭერა“ მათ მიმართ. ასეთი პიროვნებები რეალურად მხარს უჭერენ ანარქისტებისა და დივერსანტების ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს, რაც არ შეესაბამება ირანული საზოგადოების ხასიათს. საინტერესოა, რომ პომპეო თანაუგრძნობს იმ ადამიანებს, რომლებიც მათ მიერ განხორციელებული ეკონომიკური ტერორიზმის ქვეშ იმყოფებიან.“


„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ სიტუაციაში ჩარევას აპირებს


ორგანიზაციამ პირობა დადო, რომ მიიღებს გადამწყვეტ ზომებს და ჩაერევა მიმდინარე პროცესებში, თუ ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემო გაგრძელდება.


გუშაგთა კორპუსის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელისუფლების ყველა შტოს ერთიანობის შენარჩუნება მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე დგას.


15 ნოემბერს, ირანის ხელისუფლების მიერ მიღებული რეგულაციის მიხედვით, კერძო ავტომობილის მფლობელს თვეში მხოლოდ 60 ლიტრამდე ბენზინის მიღება შეუძლია, მოტოციკლის მფლობელს - 25 ლიტრი. ტაქსის მძღოლებისთვის ცალკე კვოტაა გათვალისწინებული - 400 ლიტრი.


ირანს უმძიმესი დარტყმა მიაყენა აშშ-ის ხელახალმა სანქციებმა, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა.


ავტორი: რატი ერისთავი, M2B.GE-ს ანალიტიკოსი.


სხვა სიახლეები