• Ƀ/$

ინფექციონისტი: „გაზგასული ბორჯომი“, როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის ერთ-ერთი მემკვიდრეობაა

8 ივლისი 12:26 | INTERNET დაიჯესტი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გაზიანი სასმელების მავნებლობაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, გაზიანი სასმელის მავნებლობა სითხის ქიმიურ დანამატებშია და არა შუშუხუნა ბუშტუკებში.

ექიმი ამბობს, რომ გაზის გასვალა მინერალურ წყალს შემადგენლობას არ უცვლის და არც დაგაზული სასმელია მავნებელი თუ მას რაიმე შაქრის შემცველი დანამატი არ აქვს.


როგორც ინფექციონისტი აღნიშნავს, შესაძლოა გამაგრილებელი სასმელი გაზიანი არ იყოს, თუმცა ისეთივე მავნებელი აღმოჩნდეს ორგანიზმისთვის, როგორც გაზიანი გამაგრილებელი წვენი.


„ზოგიერთი სამედიცინო მითის გამო ადამიანები არასაჭირო ქმედებებს აკეთებენ. ამის ერთ-ერთი მაგალითია გაზიანი სასმელებიდან გაზის მოცილების პროცედურა, რადგან საკმაოდ ფართოდ გავრცელებული სამედიცინო მითი არის ის, რომ გაზიანი სასმელი მავნეა ორგანიზმისთვის. განსაკუთრებით ხშირად ამბობენ ამას ჰეპატიტის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების მქონე პაციენტები და სვამენ გაზგასულ სასმელს. „გაზგასული ბორჯომი“, როგორც დიეტის ნაწილი, საბჭოთა მედიცინის ერთ-ერთი მემკვიდრეობაა.


საქმე იმაშია, რომ გაზიანი სასმელების მავნებლობა არა თვითონ იმ ბუშტუკებშია, რომელიც მხოლოდ ნახშირორჟანგია, არამედ სასმელის შემადგენლობაში. რეალურად, როდესაც ექიმები გაზიანი სასმელებისგან თავის შეკავებას ურჩევენ, გულისხმობენ ამ სასმელებში შაქრის და ქიმიური დანამატების მავნე ზემოქმედებას და არა ბუშტუკების, რომელთა მავნებლობა არაფრით არ არის გამოხატული.


შეიძლება გაზის ბუშტუკები მექანიკურად გაბერვის შეგრძნებას იწვევდეს, მაგრამ ამას ჯანმრთელობისთვის რაიმე საზიანო შედეგები ფაქტიურად არა აქვს. არსებობს მოსაზრებები, მაგალითად, გაზიანი სასმელების კბილების მინანქარზე მავნე ზემოქმედების შესახებ, თუმცა ესეც მხოლოდ შაქრის შემცველობით აიხსნება და არა გაზის.


ხშირად ადამიანები სვამენ არა გაზიან, არამედ შაქრის შემცველ სხვა სითხეებს, რადგან გონიათ, რომ თუ სასმელი გაზიანი არ არის, შესაბამისად არ არის მავნე. ცხადია, ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს და ის შაქარი და ქიმიური დანამატები, რომლებიც შეიძლება იყოს არაგაზიან სასმელებშიც, ისევე არ არის სასურველი ჯანმრთელობისთვის, როგორც გაზიანი სასმელები“, - წერს ბუწაშვილი.



სხვა სიახლეები