• Ƀ/$

ჩინეთი ნახშირის მოხმარებასა და გარემოს დაბინძურების მაჩვენებელს ზრდის

23 ნოემბერი 12:58, 2019 წელი | ანალიტიკა

განახლებადი ენერგიის წარმოებაში ჩინეთი ლიდერია. პეკინი სექტორში სექტორში ყოველწლიურად ათობით მლრდ დოლარს დებს, თუმცა ამავე დროს ქვანახშირის მოხმარებასაც ზრდის, რაც გარემოს ნავთობზე მეტად ვნებს. 

ბოლო 18 თვის განმავლობაში ჩინეთმა ნახშირით გამომუშავებული ელექტროენერგია 31 მლნ სახლს მიაწოდა და ამით განახლებადთან ერთად ნახშირის ყველაზე მეტად მომხმარებელი ქვეყნის სტატუსი განიმტკიცა. 2018 წლის მონაცემებით ჩინეთმა მსოფლიო მოხმარების 45%-ზე მეტი - 3.5 მლრდ ტონა ნახშირი დაწვა.


სხვა წიაღისეულ საწვავთან - ნავთობთან და განსაკუთრებით ბუნებრივ გაზთან შედარებით, ნახშირი გარემოს ყველაზე მეტად აბინძურებს, მაგრამ ამავე დროს ყველაზე იაფია, რის გამოც, მისი წილის შემცირება საკმაოდ რთულია.


2016 წლის მონაცემებით მსოფლიოში ელექტროენერგიის 38% ნახშირით იყო გენერირებული. ელექტროგენერაციაში ნახშირის წილი 30%-ს აღემატება ისეთ განვითარებულ ქვეყნებშიც კი როგორებიცაა: იაპონია - 33% და ნიდერლანდები - 38%. კიდევ უფრო მაღალია წილი გერმანიაში - 44% და ისრაელში 45%. რაც შეეხება ჩინეთს ეს მაჩვენებელი 70%-ს აღწევს. თავად ჩინეთზე მსოფლიო ელექტროენერგიის წარმოების 26% მოდის. საქართველოში ნახშირზე მომუშავე ტყიბულის თბოსადგურს 2019 წელს არაფერი უწარმოებია, 2018 წელს კი მიზერული - 11 მლნ კვტ/სთ, რაც ჯამური გენერაციის 0.1%-ზე ნაკლებია.



2018-2019 წლებში ჩინეთმა მართალია 8 გიგავატის სიმძლავრის ნახშირზე მომუშავე თბოსადგურები დახურა, მაგრამ იმავე პერიოდში 43 გიგავატის სიმძლავრის ახალი თბოსადგურები დაამატა.


ნახშირი, გარდა იმისა რომ გარემოს აზიანებს რთული მოსაპოვებელიც არის. მაღაროელთა შრომის პირობები მძიმეა, ხშირია ავარიები, რასაც ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე ეწირება.


ჩინეთის გაცხადებული მიზანს 2030 წლისათვის ნახშირის მოხმარების 40%-ით შემცირება წარმოადგენს, რა ვალდებულებაც პარიზის კლიმატის ხელშეკრულებითაც აქვს ნაკისრი, მაგრამ რამდენად შესრულდება ეს გეგმა რთული საკითხია.


მსოფლიო ყოველწლიურად 37 მლრდ ტონა ნახშირორჟანგს გამოყოფს, აქედან ჩინეთის წილი 29.5% ანუ 10.9 მლრდ ტონაა. ბოლო 30 წელიწადში მსოფლიო ნახშირორჟანგის ემისია 50%-ით გაიზარდა, ჩინეთის კი 400%-ით.


გარემოს ყველაზე მეტად დაბინძურების მიუხედავად, ჩინეთი კვლავ რჩება ქვეყნად, რომელიც ყველაზე მეტ განახლებად ენერგიას აწარმოებს. 2017 წელს ჩინეთმა მზისგან 118 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მიიღო, რაც საქართველოს იმდროინდელ ჯამურ წარმოებაზე 10.3-ჯერ მეტია. 2018 წელს ქარისგან მიღებულმა ელექტროენერგიის მოცულობამ 366 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწია, რაც თავის მხრივ უფრო მეტია ვიდრე დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან - 1991 წლის 9 აპრილიდან დღემდე საქართველოს მიერ წარმოებული ელექტროენერგია ჯამურად.  


მსგავს თემაზე:

10-დან 7 ყველაზე დაბინძურებული ქალაქი ინდოეთში მდებარეობს


ატმოსფეროში ნახშირორჟანგის წილმა ახალი რეკორდი მოხსნა


ქვეყნები CO2-ს ემისიის მიხედვით - რომელი სახელმწიფო აბინძურებს ყველაზე მეტად ატმოსფეროს?


ნახშირორჟანგის ემისია 1900-2018 წლებში 1750%-ით გაიზარდა



სხვა სიახლეები