• Ƀ/$

ბიზნეს სექტორი მთავრობის ახალ პროექტს - "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" დადებითად აფასებს

29 ნოემბერი 15:35, 2019 წელი | ეკონომიკა

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ორგანიზაცია „სექტორი 3“ - ის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია მთავრობის ახალ პროექტს-"100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ მსგავს პროექტებს მრავალჯერადი ხასიათი უნდა ჰქონდეს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ "ეკონომიკურად ღირებული სახელმწიფო ქონება მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად“.


„იწყება პრივატიზაციის ახალი ტალღა  და ამას აქვს მნიშვნელობა ყველასთვის, განსაკუთრებით ბიზნესისთვის, იმიტომ, რომ სახელმწიფო ქონებაში, რომელიც დევს და მისგან არანაირი სარგებელი არ აქვს არავის, ბიზნესი მოახდენს ინვესტირებას, დაასაქმებს ხალხს, ნახავს სარგებელს თავისთვისაც და სარგებელს მოუტანს ქვეყანასაც,“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამართული პრეზენტაციის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ დასრულების შემდეგ.


მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია ეკონომიკურად ღირებული ისეთი სახელმწიფო ქონების გამოყენება, რომელიც დღეს უსარგებლოა.


„მისასალმებელია, რომ ამ კუთხით იდგმება  კონკრეტული ნაბიჯები და ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი. მოვუწოდებდი ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, ეს პროცესი გააგრძელოს. გვაქვს სახელმწიფო საკუთრებაში მსხვილი ობიექტები,  სადაც საჭიროა უფრო ეფექტიანი მენეჯმენტი და სწორედ კერძო ინვესტორია ყველაზე კარგი მენეჯერი, ყველაზე კარგი დამსაქმებელი, რომელსაც სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვისაც და საკუთარი ბიზნესისთვისაც,“ - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ. 


კომპანია „საქართველოს კაპიტალის“ გენერალური დირექტორის ირაკლი გილაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ითვალისწინებს ასევე ნებართვებს, რომელიც კერძო სექტორს ინვესტირებას გაუმარტივებს.


„ჩვენ უფრო მეტი ასეთი ინიციატივა გვინდა. ამდენად, მსგავს ინიციატივებს მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. ვისარგებლებთ იმ შესაძლებლობებით, რასაც ბიზნესს აღნიშნული პროექტი აძლევს. ჩვენ ინვესტირებას ვახორციელებთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სასტუმროების, განათლების, ჯანდაცვისა და ენერგეტიკის მიმართულებით,“ - განაცხადა ირაკლი გიგალურმა.


 


სოციალურ ქსელ Facebook – ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, ორგანიზაცია „სექტორი 3“ - ის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა თავისი პოზიტიური ქმედებით კიდევ უფრო აქტიურად შეუწყობს ხელს ბიზნესის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, შედეგად კი - ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.


მისი თქმითნ, პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ მინიმუმ 150 მილიონი ლარის შემოსავალს და რამდენიმე ათას ახალ სამუშაო ადგილს მოიტანს. 


„იმის ფონზე, რომ საქართველოში უმუშევრობა წლების განმავლობაში ნომერ პირველ პრობლემად ცხადდება (12.7%), ხოლო უცხოურ ინვესტიციებში ახალი გამოწვევებია მთელი რეგიონის მასშტაბით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ განაგრძოს პროაქტიული ქმედებები ბიზნესის დასაინტერესებლად. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს შეთავაზებები ხელმისაწვდომი იყოს არამხოლოდ თბილისსა და სხვა უკვე ჩამოყალიბებულ რეგიონულ ცენტრებში (უცხოური ინვესტიციების 81% მხოლოდ თბილისზე მოდის), არამედ მათ ფარგლებს გარეთაც, რათა ინკლუზიურობის და გადანაწილების პრინციპები იყოს დაცული,“ - აღნიშნავს ექსპერტი.


მისი თქმით, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ საქართველოს ჯერ კიდევ გააჩნია სხვადასხვა მასშტაბის მრავალი საპრივატიზაციო ობიექტი, რომლებიც რაც შეიძლება ოპერატიულად უნდა გასხვისდეს. „თუმცა, საპრივატიზაციო ობიექტების გარდა საინტერესო იქნება სახელმწიფომ ბიზნესს აგრეთვე ბიზნეს პროექტებიც შესთავაზოს, საუკეთესო შემთხვევაში კი კლასტერული განვითარების ჭრილში წარმართოს თავისი საქმიანობა,“ - განაცხადა ორგანიზაცია „სექტორი 3“ - ის ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ.


 


მასშტაბური პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომლის პრეზენტაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან ერთად გამართა, ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.


პროექტი 100 პარალელური აუქციონის ერთდროულად ჩატარებას და სახელმწიფო ქონების გამარტივებული პროცედურებით პრივატიზებას ითვალისწინებს. პრივატიზების პროცესი იქნება  გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ობიექტების ნუსხა მუდმივად განახლებადია და მას ბიზნესისთვის საინტერესო სხვა ობიექტები დაემატება. 


 


 


სხვა სიახლეები