• Ƀ/$

გვანცა დარასელია ქმარზე: ძალიან ესიამოვნება, სახლში რომ დავხვდები, თბილ სადილს დავახვედრებ

4 აგვისტო 11:47 | PRESS დაიჯესტი

ტელეწამყვან გვანცა დარასელიასა და პოლიტიკოს ვახტანგ მჭედლიძის ქორწინებიდან 10 წელი გავიდა. გვანცა ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში ერთმანეთი უკეთ გაიცნეს და ახლა სულ სხვა მხრიდან უყურებენ ცხოვრებას. 

გვანცა დარასელიას თქმით, შვილები და ოჯახი მისთვის ყველაზე ძვირფასია. ტელეწამყვანი გამოცემასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ურთიერთობაში საკმაოდ დამთმობია და ცდილობს მის ქმარს ყოველთვის ასიამოვნოს.


– ახლახან ქორწინების ათი წლის იუბილე გქონდათ. როგორი იყო ეს დღე?


– ისე გავიდა, ეს ათი წელი ვერ ვიგრძენი. ერთმანეთს ვეკითხებით ხოლმე, ხომ ნამდვილად ათი წელი გავიდა, ცხრა ან თერთმეტი ხომ არაა?! (იცინის) ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ათი წლის განმავლობაში შევქმენით – ჩვენი შვილებია, რომლებიც ყველაზე ძალიან გვეამაყებიან. მიუხედავად იმისა, რომ ქორწინებიდან ათი წლის იუბილეზე გაგვიწვიმდა, ყველა ჩვენი ახლობელი ერთგულად ელოდა ამინდის გამოკეთებას და ძალიან კარგი დრო გავატარეთ.


– რა მოიტანა ამ ათმა წელმა?


– ერთმანეთი გვიყვარს, ცხოვრებას მივყვებით და ერთად თავს ბედნიერად ვგრძნობთ. კრიტიკული დღეები, კონფლიქტი და კამათი ყველა ოჯახშია, მაგრამ ეს ურთიერთობის მნიშვნელობას არ აკნინებს. ერთმანეთის ყველა თვისება შევისწავლეთ. ოჯახური ცხოვრებისთვის მეც ვისწავლე რაღაცების დათმობა და მანაც. თუმცა, ვთვლი, რომ მე უფრო დამთმობი ვარ. დღეს უფრო მყარად გვაქვს გააზრებული, რომ ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია.


– ათი წლის თავზე რომანტიკისთვის თუ იცლით?


– საერთოდ, გულის მოსაგებ მანევრებს უფრო მეტად ურთიერთობის დასაწყისში აქვს ხოლმე ადგილი (იცინის). წლების განმავლობაში ეს ყველაფერი ბუნებრივად ნელდება და სხვა რამით ვცდილობთ ერთმანეთის გახარებას. 


– შენ თუ გამოირჩევი ამ თვალსაზრისით?


– მე უკვე ზეპირად ვიცი, რა სიამოვნებს ჩემს მეუღლეს და რა არა. ძალიან ვცდილობ, ყურადღება, ერთი შეხედვით, პრიმიტიულ დეტალებშიც გამოვხატო. მაგალითად, როცა სადღაცაა წასული და ორდღიანი მგზავრობის შემდეგ შინ ბრუნდება, ვიცი, ძალიან ესიამოვნება, სახლში რომ დავხვდები, თბილ სადილს დავახვედრებ, ჩამოვუჯდები და ერთმანეთს გავუზიარებთ ამბებს. თვითონაც შეუძლია სადილის გათბობა, მაგრამ ვიცი, რომ მას ეს რიტუალი უყვარს და ვცდილობ, ყოველთვის ვასიამოვნო.


სხვა სიახლეები