• Ƀ/$

რატომ არის აუცილებელი წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობა – ექსპერტის მოსაზრებები

4 აგვისტო 13:56, 2020 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის არსებითად მნიშვნელოვანია წყალსაცავიანი ჰესების რაოდენობის გაზრდა, რათა მოგვარდეს ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორიც იმპორტდამოკიდებულება და მუდმივად მზარდი ფასის გამო ქვეყნის ბიუჯეტიდან გაწეული მილიონობით ხარჯია.

წყალსაცავიანი ჰესებისთვის წყლის რესურსი და საინვესტიციო გარემო საქართველოში საკმაოდ სახარბიელოა. მით უმეტეს, ბოლო პერიოდში ენერგეტიკულ ბირჟაზე ახალი წესები დაინერგა, რაც, ექსპერტების აზრით, კიდევ ერთი უპირატესობა იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად ჰიდროგენერაციის სფეროში. მაშინ, როდესაც, დღეის მდგომარეობით, არსებული ჰიდრორესურსის მხოლოდ 20%–ია ათვისებული ელექტროენერგიის გენერაციისათვის.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ენერგეტიკოსი გია არაბიძე მთავრობის ახალ გადაწყვეტილებას დადებით შეფასებას აძლევს და მოგვითხრობს, თუ სად არის ენერგო და შესაბამისად, პოლიტიკური დამოუკიდებლობის გასაღები.


„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობა. წელიწადში უკვე 2 მილიარდ კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას ვყიდულობთ სხვა ქვეყნებიდან, რაც დაახლოებით $80-100 მლნ-ია. ეს ფული ჩვენგან სხვა ქვეყნების ენერგეტიკის ბიუჯეტში მიდის. ამიტომ, სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენთვის წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობა, რათა მოგვარდეს შემდეგი პრობლემები: პირველი - გაიზარდოს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება, რაც პოლიტიკურ უსაფრთხოებასაც გულისხმობს; მეორე - მოხდეს ჩვენი მდინარეების რეგულირება; მესამე - ამ ეტაპზე გვაქვს საშუალება მეზობელი ქვეყნებიდან ნაკლებ ფასად შემოვიტანოთ ელექტროენერგია, თუმცა შეიძლება მოვიდეს დრო, როცა ჩვენ უფრო მეტის გადახდა მოგვიწევს, ან საერთოდაც, მათ ჩვენთვის მოსაყიდი ენერგო რესურსი აღარ ჰქონდეთ“, – განმარტავს ენერგეტიკოსი გია არაბიძე.


მისივე თქმით, თუ ელექტროენერგიის იმპორტი ასე გაგრძელდება, საქართველოს არ ეყოფა გადამცემი ხაზები, გაზრდილი იმპორტირებული ენერგიის გასატარებლად. „ამიტომ, თუ ჩვენ გავზრდით წყალსაცავიანი ჰესების რაოდენობას, მოვხსნით ზამთრის პიკს, რომელიც გვაქვს იანვარში, თებერვალში, მარტსა და აპრილის დასაწყისშიც კი. საბოლოო ჯამში წყალსაცავიანი ჰესების ქონა ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობას, რაც ასე მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ენერგეტიკოსი.


გია არაბიძის განცხადებით, წყალსაცავიან სადგურებს შორის გენერაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო ნენსკრა ჰესი იქნება, რომელიც უკვე აშენებული რომ იყოს, დეფიციტური ელექტროენერგიის დიდ ნაწილს შეავსებდა.



„ნენსკრა ჰესს 1,5 მლრდ კვტ/სთ აქვს გამომუშავება, ხოლო საქართველომ მხოლოდ გასულ წელს 1,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა სხვა ქვეყნებისგან. ნენსკრა ჰესის მშენებლობა ახლა უკვე დასრულებული რომ იყოს, ამდენ ელექტროენერგიას აღარ შეიძენდა ქვეყანა და ათეულობით მილიონ დოლარს სხვას აღარ გადაუხდიდა. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ქვეყანაში გენერირების წყაროების გაზრდა და ნენსკრა ამის ნათელი მაგალითია. ასევეა ხუდონ ჰესის შემთხვევაშიც. ჩვენ რომ გვქონდეს უკვე ეს ჰესი, ძალიან ბევრ პრობლემას მოვაგვარებდით. ასე რომ, დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო დავაგვიანებთ ჰესების მშენებლობას, მით უფრო მეტის გადახდა მოგვიწევს ნაყიდ ელექტოენერგიაში", - განაცხადა გია ბარამიძემ.


მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობაში ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს ახალ მექანიზმს მნიშვნელოვან მხარდაჭერად აფასებს გია არაბიძე.


როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, ენერგეტიკული ბირჟის ფარგლებში დაწესებული ახალი წესი, რომლის მიხედვითაც მთავრობა ინვესტორ კომპანიებს ფინანსურად დაეხმარება, ინვესტიციების მოზიდვაში სერიოზულ როლს შეასრულებს.


„აღნიშნული გადაწყვეტილება, პირველ რიგში, მიმართულია იმისკენ, რომ ინვესტორები უფრო თამამად შემოვიდნენ ჩვენთან და ნაკლები პრობლემა შეექმნათ. თუ გახსოვთ, ადრე ჩვენ გვქონდა გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულება, რომელმაც ინვესტიციების მოზიდვაში სერიოზული როლი ითამაშა. შემდეგ მან გარკვეული პრობლემა შექმნა ეკონომიკაში და ის ნაწილობრივ შეიცვალა, ნაწილობრივ გაუქმდა. ახლა დგება საკითხი ისე, რომ თუ ენერგეტიკულ ბირჟაზე ფასი დავარდა გარკვეულ ნიშნულზე დაბლა და სახელმწიფომ ეს რიცხვი განსაზღვრა 5,5 ცენტად, ინვესტორი რომ გაკოტრებისკენ არ წავიდეს, სახელმწიფო  მას ამ ზღვრამდე დანაკლისს აუნაზღაურებს. ეს ინვესტორებს მისცემს საშუალებას უფრო თამამად ააშენონ მცირე და საშუალო ჰესები, რაც ძალიან კარგი იქნება ელექტროენერგიის გენერაციისათვის'', - განაცხადა გია ბარამიძემ.


მთავრობის ახალი გადაწყვეტილება ინვესტორების მხარდაჭერას  ისახავს მიზნად.


როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, სახელმწიფო საშუალებას მისცემს ინვესტორებს ივაჭრონ ენერგეტიკულ ბირჟაზე და შემოსავალთან ერთად, 1,5 ცენტი სარგებელი მიიღონ.


სხვა სიახლეები