• Ƀ/$

საქართველოს ფოსტამ ჩინურ საფოსტო გიგანტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

3 დეკემბერი 10:30, 2019 წელი | კომპანიები

საქართველოს ფოსტამ ჩინეთის ფოსტის ჯგუფთან სტრატეგიული ბიზნეს თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

საქართველოს ფოსტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი კომიტეტის შექმნაზე, რომელიც 5 თვის ვადაში ინფორმაციული ტექნოლოგიების, ავტომატიზაციის და სატრანზიტო ვადების გაუმჯობესების მიზნით, დაამუშავებს კომერციულ, ტექნიკურ და მარკეტინგულ მიმართულებებს.


ასევე შეთანხმების ფარგლებში მხარეები უზრუნველყოფენ თანამშრომელთა გადამზადებას და მჭიდროდ ითანამშრომლებენ საფოსტო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად.


ჩინეთის ფოსტის ჯგუფი და საქართველოს ფოსტა ერთობლივად შექმნიან შესაძლებლობებს სატრანზიტო საფოსტო გზავნილების უკეთესი და ეფექტური მომსახურებისთვის. ამასთანავე, თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდება ახალი ლოგისტიკური სქემა სარკინიგზო მაგისტრალის გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს გავლით ტრანზიტული საფოსტო და კომერციული ტვირთების გატარებას ჩინეთიდან კავკასიის რეგიონში და ევროპის მიმართულებით.


„ჩინეთის ფოსტის ჯგუფი ჩვენთვის გახლავთ სტრატეგიული პარტნიორი, შესაბამისად ეს მემორანდუმი ხელს შეუწყობს, როგორც ჩვენს შორის თანამშრომლობის გამყარებას, ასევე მოგვცემს შესაძლებლობას განვახორციელოთ ახალი პროექტები და გავიზიაროთ მათი გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით. ჩინეთის ფოსტა ერთ-ერთი მოწინავე საფოსტო ოპერატორია ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვის მიმართულებით, ამასთანავე მნიშვნელოვანია მათი დიდი გამოცდილება ელ. კომერციის ბიზნესში, რაც ჩვენთვის საინტერესო და პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ვფიქრობ აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად ქართველ მომხმარებელს და მეწარმე სუბიექტებს მრავალ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ“, - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.


China Post Group–ის შესახებ


China Post Group გახლავთ ჩინეთის ეროვნული საფოსტო ოპერატორი. ჯგუფი ეწევა საფოსტო ბიზნესს, უზრუნველყოფს უნივერსალური საფოსტო სერვისების მიწოდებას და ახორციელებს კომერციულ საქმიანობას. China Post Group არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საფოსტო ოპერატორი, კომპანია წარმოდგენილია ჩინეთის მთელ ტერიტორიაზე და 80 000-ზე მეტ სერვისცენტრს, 20 000 დისტანციური მომსახურების კომპიუტერიზებულ საფოსტო ოფისს და 200-ზე მეტ დახარისხების ცენტრს ფლობს. კომპანიაში დასაქმებულია 860 200 თანამშრომელი.


უნივერსალური და სპეციალური საფოსტო სერვისების გარდა, China Post Group აწარმოებს ლოგისტიკურ მომსახურებებს, ელექტრონულ კომერციას და ფინანსურ სერვისებს, რომელიც მოიცავს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებს. 2018 წელს ჯგუფის მთლიანმა შემოსავალმა $80.5 მლრდ შეადგინა, საიდანაც მოგება $6.5 მლრდ გახლდათ. 2018 წელს ჩინეთის ფოსტის ჯგუფმა 113-ე ადგილი დაიკავა გამომცემლობა Fortune-ს მიერ შედგენილ ყველაზე მსხვილი კომპანიების Global 500-ის რეიტინგში, ამავე რეიტინგის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა საფოსტო კომპანიებს შორის, ამასთანავე ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში პირველ ადგილზეა მომგებიანობის მქონე საფოსტო კომპანიების სიაში.


საქართველოს ფოსტის და ჩინეთის ფოსტის ჯგუფის თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში და ამოვდროულად ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს რეგიონული ცენტრი ლოგისტიკის და ბიზნესის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული. 2018 წლის მონაცემებით, 9 თვეში, საქართველოდან ჩინეთში 163 მილიონამდე აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა.


მსგავს თემაზე:

,,საქართველოს ფოსტა“ მსოფლიო ბაზარზე მოწინავე ათეულში შევიდა


მსოფლიო საფოსტო გაერთიანების სიმპოზიუმს „საქართველოს ფოსტა“ მასპინძლობს


საქართველოს ფოსტამ ახალი მომსახურება „ქართული პროდუქტი მსოფლიოს“ ჩართო



სხვა სიახლეები