• Ƀ/$

ნატო-ს ლონდონის სამიტი - "შიდა უთანხმოებების" გადასაჭრელი პლატფორმა

4 დეკემბერი 10:42, 2019 წელი | ანალიტიკა

"საფრანგეთი ამჟამად რთულ მდგომარეობაშია და ნატოსთან მჭიდრო კავშირების არსებობა ყველაზე მეტად ახლა სწორედ პარიზს სჭირდება".

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლონდონში, ნატოს ქვეყნების სამიტზე (3-4 დეკემბერი) განაცხადა.


„საფრანგეთს არასახარბიელო ეკონომიკური სიტუაცია აქვს და პრეზიდენტ მაკრონის განცხადება ჩრდილო-ატლანტიკური ალანსის „ტვინის კვდომის პროცესის“ შესახებ არის ძალიან მკაცრი და საშიში გზავნილი. მათ აქვთ ე.წ. ყვითელი ჟილეტების პრობლემა და ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. ეს არის უპატივცემულობის ნიშანი. ნატო დიდ მიზნებს ემსახურება, ჩვენ ვეხმარებით ევროპას და ეს მაკრონის ნათქვამი შეურაცხყოფას აყენებს 28 წევრ სახელმწიფოს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.


აქვე ტრამპის თქმით, ევროკავშირთან დაკავშირებით ასევე შეიძლება გართულდეს სიტუაცია, თუ ეს ორგანიზაცია არ გააუმჯობესებს ვაჭრობას და ნატოსთან ურთიერთობებს.


„ევროკავშირი ძალიან უსამართლოდ ეპყრობა აშშ-ისთან სავაჭრო ურთიერთობების საკითხებს. ეს თემა გაუმჯობესებას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია იქნება რთული“, - დაამატა ტრამპმა.


მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალ თჰე Eცონომისტ-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ალიანსის შიგნით კოორდინაცია დაიკარგა, რაც შესაძლოა „ტვინის სიკვდილად“ შეფასდეს. შეერთებულ შტატებსა და სხვა პარტნიორებს შორის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე კავშირი არ არსებობს.


მაკრონის შეფასება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც გააკრიტიკეს და თქვეს რომ არ იზიარებენ მსგავს ფორმულირებას.


ტრამპი: „სირიის ნავთობს ჩვენი პრიორიტეტების შესაბამისად გამოვიყენებთ“


„შეერთებულმა შტატებმა სირიის ნავთობის საბადოებზე კონტროლი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელწიფოს“ დასამარცხებლად აიღო და ახლა ჩვენ შეგვიძლია ეს ენერგოპროდუქტი გამოვიყენოთ ისე, როგორც გვსურს“, - განაცხადა ტრამპმა ლონდონში.


თურქეთის საკითხი ნატოს წევრი-სახელმწიფოების განსახილველია


„მე მომწონს თურქეთი. კარგად ვიცნობ პრეზიდენტ ერდოღანს. ისინი ნატოს საიმედო წევრები არიან და თუ


დადგება ალიანსში მისი დარჩენა-არდარჩენის საკითხი, ეს ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის წევრებმა ერთობლივად უნდა განიხილონ. ჩვენ მათთან თანამშრომლობის ბევრი კარგი მაგალითი გაგვაჩნია. ერთად ვიმუშავეთ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაციაში.


ტრამპი შ-400-ების საკითხს შეეხო


აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შ-400-ის მიღების შემდეგ, თურქეთს პრობლემები წარმოეშვა მეხუთე თაობის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებასთან დაკავშირებით და ახლა მათ შესაძლოა მოუწიოთ კვლავ რუსეთისთვის ან ჩინეთისთვის მიმართვა ასეთი ტიპის საჰაერო შეიარაღების მისაღებად.


ერდოღანი: „ნატოს განახლება გარდაუვალია“


თურქეთის პრეზიდენტის თქმით აუცილებელია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის განახლება და საჭიროა თანამშრომლობის გზების გაფართოება. მისი თქმით, ანკარა მოელის წევრი-სახელმწიფოების მხრიდან სოლიდარობის გამოჩენას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.


„ნატოს ყველა ქვეყანა ვალდებულია ხელი შეუწყოს ალიანსის რეფორმას. ეს საშუალებას მისცემს ორგანიზაციას უფრო პრინციპულად აწარმოონ გადამწყვეტი ბრძოლა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ. თურქეთი ნატოსთვის შეუცვლელი წევრია“, - განაცხადა ერდოღანმა.


თურქეთის პრეზიდენტი ლონდონში, ნატოს სამიტზე დონალდ ტრამპთან, ემანუელ მაკრონთან, ანგელა მერკელთა და ბორის ჯონსონთან გეგმავს შეხვედრებს.


ანკარამ ნატოს პირობა წაუყენა


თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ანკარა მხარს დაუჭერს ნატოს გეგმას ბალტიის სახელმწიფოების და პოლონეთის დასაცავად, თუ ალიანსის წევრები ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევენ იმ სუბიექტებს, რომლებსაც ანკარამ „ომი გამოუცხადა“.


ერდოღანის თქმით, თურქეთს მრავალმხრივი საგარეო პოლიტიკა გააჩნია და იგი მიჰყვება საკუთარ მიზნებს, რაც მისი გეოგრაფიული მდებარეობით არის განპირობებული. აქვე მან დაამატა, რომ ნატოს „უსაფრთხოების ქოლგა“ მნიშვნელოვანია ანკარასთვის.


თურქეთის პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მისი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მოსკოვთან კავშირების არსებობა და ეს კონტაქტი ნატოს მოკავშირეებთან ურთიერთობებისგან დამოუკიდებელია.


"რუსეთი თურქეთის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ეს ურთიერთობა სხვა მოკავშირეების ალტერნატივაა, პირიქით ეს ორი მხარე ერთმანეთს ავსებს ჩვენთვის“, - განაცხადა ერდოღანმა.


თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ქურთული დანაყოფების წინააღმდეგ დაწყებული ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ და ამავდროულად რუსეთიდან შ-400 რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შეძენა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ნატოს „ტვინის კვდომის“ შესახებ განცხადება გააკეთა.


საპასუხოდ ერდოღანმა მაკრონი „საკუთარი ტვინის გამოსაცდელად“ მიიწვია თურქეთში, რაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეურაცხყოფად მიიღო და პარიზში თურქეთის ელჩი დაიბარეს ადგილობრივ საგარეო უწყებაში.


ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის თურქეთის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ანკარას აქვს მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში და სწორედ ეს სახელმწიფო დაზარალდა ლტოლვილთა უდიდესი ნაკადებისგან.


ერდოღანის სიტყვებს კრემლში პასუხობენ


რუსეთის ურთიერთობა კონკრეტულ სახელმწიფოებთან არასდროს აფერხებს მოსკოვს ჩამოაყალიბოს ახალი კავშირები სხვადასხვა ქვეყნებთან თუ ორგანიზაციებთან. აღნიშნულის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.


„რუსეთი არასდროს ბრკოლდება მრავალმხრივი, მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში. ყველა სახელმწიფო სუვერენულია და პირველ რიგში უნდა ზრუნავდეს საკუთარ ინტერესებზე, ამიტომ ისინი ურთიერთმომგებიანი კავშირების ჩამოყალიბების ძიებაში უნდა იყვნენ.


სტოლტენბერგი: „ნატოს წარმომადგენლობა პოლონეთსა და ბალტიისპირეთში არის ძლიერი სიგნალი“


ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყოფნა ბალტიისპირეთის ქვეყნებში და პოლონეთში არის „ძლიერი სიგნალი“ რუსეთისთვის.


„ამ სახელმწიფოებზე თავდასხმას რუსეთის მხრიდან ალიანსი უპასუხოებს სათანადოდ, მათ შორის კიბერსივრცეში.“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.


ესტონეთი მთავარ საფრთხეს ასახელებს


ნატოს საჭიროება ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა, რადგან რუსეთი წარმოადგენს მთავარ საფრთხეს. აღნიშნულის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იური ლუიკმა განაცხადა.


მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა ქვეყანამ ყურადღება უნდა გაამახვილოს საერთო ღირებულებებზე და რეალურად არსებულ საფრთხეებზე.


ესტონელმა მინისტრმა კომენტარი გააკეთა ემანუელ მაკრონის განცხადებაზე, რომლის თქმით აუცილებელია რუსეთთან დიალოგი. ლუიკი სკეპტიკურად უყურებს ამ წინადადებას.


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 1 დეკემბერს განაცხადა, რომ ალიანსის მთავარი მოწინაარმდეგე არა რუსეთი და ჩინეთი, არამედ საერთშორისო ტერორიზმია. მანამდე, ნოემბერში ფრანგმა ლიდერმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის „ტვინის კვდომის“ შესახებ განაცხადა.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


სხვა სიახლეები