• Ƀ/$

ხანგოშვილის მკვლელობა - რუსული სპეცსამსახურების დაკვეთა?!

4 დეკემბერი 17:34, 2019 წელი | ანალიტიკა

დღეს დილით გერმანიამ ბერლინში მდებარე რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.

ადგილობრივი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ პიროვნებების ვინაობას არ ასახელებენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ მათ 7 დღის განმავლობაში დაატოვებინებენ ქვეყნის ტერიტორიას. გარდა ამისა, გერმანიის ხელისუფლება იტოვებს უფლებას მიიღოს სხვა ახალი ზომები, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი არ ითანამშრომლებს ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამოძიების საკითხებში.


„ამ ნაბიჯით მთავრობა რეაგირებს იმ ფაქტზე, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, ჩვენი მაღალი თანამდებობის პირების დაუყონებლივი და განმეორებადი მოწოდებების მიუხედავად სათანადოდ არ შეუწყო ხელი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის პარკში მომხდარი მკვლელობის გამოძიებას“, - აცხადებენ გერმანიის საგარეო უწყებაში.


საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობის მკვიდრი იყო. მას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში იმ დროს მიაყენეს ჭრილობა, როდესაც მეჩეთში მიდიოდა. თავდამსხმელმა, 49 წლის მამაკაცმა, გამოყენებული იარაღი მდინარე შპრეეში ჩააგდო და ველოსიპედით სცადა დანაშაულის ადგილის დატოვება, მაგრამ მალევე დააკავეს.


აღნიშნულ პიროვნებას თან ჰქონდა რუსეთის პასპორტი ვადიმ სოკოლოვის ვინაობით, მაგრამ ბერლინის პოლიციას ჰქონდა ვარაუდი აღნიშნული დოკუმენტაციის სიყალბესთან დაკავშირებით. გუშინ, 3 დეკემბერს, გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, იქიდან გამომდინარე, რომ მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურების სავარაუდო კვალი იკვეთებოდა ბერლინის პოლიციამ შეწყვიტა გამოძიება და ეს საქმე გენერალურ პროკურატურას გადაეცა.


პლატფორმების - The Insider-ის და Bellincat-ის საგამოძიებო ჟურნალისტებმა ზემოხსენებულ მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო ნამდვილი ვინაობა დაასახელეს: ვადიმ ნიკოლაევიჩ კრასიკოვი, დაბადებული 1965 წლის 10 აგვისტოს, ყაზახეთის თურქისტანის მხარის სოფელ კენესტობეში.


The Insider-ის თანახმად, 80-იან წლებში მისი ოჯახი საცხოვრებლად ბურიატიაში გადავიდა. მოგვიანებით თვითონ კრასიკოვი ცოლთან და ორ შვილთან ერთად საცხოვრებლად ირკუტსკში გადავიდა.


ჟურნალისტ-გამომძიებლების ვარაუდით კრასიკოვ-სოკოლოვს სულ მცირე ერთ მკვლელობაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 2013 წლის 19 იანვარს ღამით, მოსკოვში ბიზნესმენი ალბერტ ნაზაროვი მოკლეს. როგორც ხანგოშვილის შემთხვევაში, მკვლელი მსხვერპლთან ველოსიპედით მივიდა და ექვსჯერ ესროლა.


2014 წლის იანვარში ნაზაროვის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ფედერალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყაზახეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვზე ძებნა გამოაცხადა. ძებნა შეწყდა 2015 წლის ივნისში. გერმანელ გამომძიებლებს აქვთ ვარაუდი, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა ამ პიროვნებას მიაკვლიეს და განახორციელეს მისი გადაბირება, შემდგომი დანაშაულების ჩასადენად. მის მარტივად გამოსაყენებლად შეუცვალეს ვინაობა და ყალბი „ვადიმ სოკოლოვის“ პასპორტი მისცეს.


The Insider მიანიშნებს, რომ კრასიკოვის სახელი-გვარი მოულოდნელად გაქრა რუსეთის შსს და ინტერპოლის ბაზებიდან. ამასთან დაკავშირებით, შსს-ის ე.წ. ოფლაინ-ბაზაში პიროვნებაზე შენარჩუნებული იყო ცირკულარი, სადაც მითითებული იყო ძებნის შეწყვეტის და ინფორმაციის დამატების ვადები. საგამოძიებო ჟურნალისტების ვარაუდით ეს ნიშნავს, რომ „ვიღაცამ“ წაშალა ინფორმაცია კრასიკოვზე.


ჟურნალისტ-გამომძიებლები თვლიან, რომ ხანგოშვილის მკვლელობა რუსულმა სპეცსამსახურებმა დაუკვეთეს და ამის ერთ-ერთი მტკიცებულება „ფაქსის ნომერია“.


ყალბი პასპორტით „ვადიმ სოკოლოვი“ ევროკავშირის ტერიტორიაზე პარიზიდან შევიდა და მანამდე შენგენის ვიზის მისაღებად მოსკოვში მდებარე საფრანგეთის საკონსულოში გაგზავნა განაცხადი. აღნიშნული ვიზის მისაღებად გაგზავნილ განაცხადში მან გამოიყენა კომპანია "Зао-Руст"-ის ფაქსის ნომერი, რომელიც ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან იყო დაკავშირებული. ამ კომპანიაში „სოკოლოვი ინჟინერად ირიცხებოდა“. აღნიშნული ჩანს ამ კომპანიის გენერალური დირექტორის და ბუღალტერის მიერ ხელმოწერილი მისი სახელფასო ცნობიდან.


საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილზე 2015 წლის 28 მაისსაც განხორციელდა თავდასხმა და იგი ხელისა და მხრის არეში დაიჭრა.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


სხვა სიახლეები