• Ƀ/$

TEDxTbilisi წელს ცხოვრების ხელოვნების გარშემო ერთიანდება

5 დეკემბერი 15:18, 2019 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

წლევანდელი TEDxTbilisi-ის მთავარი თემა „ცხოვრების ხელოვნებაა“.

7 ქართველი და 2 უცხოელი სპიკერი სწორედ ცხოვრების მიმართ შემოქმედებითი მიდგომების შესახებ ისაუბრებენ თავიანთ გამოსვლაში და შეეცდებიან, კონკრეტული საკითხი თავიანთი კუთხიდან, უფრო ემოციურად დაგანახონ.  


როგორც წესი, TED-ის თემა, აბსტრაქტული და ღია უნდა იყოს ინტერპრეტაციისთვის. ცხოვრების ხელოვნებაც სწორედ ის თემაა, რომელზე მსჯელობაც ნებისმიერი პროფესიისა თუ ინტერესის ადამიანს შეუძლია, თუკი მას სათქმელი აქვს.


ისევე როგორც ხელოვნებას, ცხოვრებასაც შემოქმედებითი მიდგომა სჭირდება, რომელიც ადამიანის გონების, სხეულისა და ემოციის სრულ ჩართულობას ითხოვს. სწორედ ასე ვიღებთ ცხოვრებისგან საუკეთესოს, ვქმნით დაუსრულებლად და, რაც მთავარია, არ ვწყვეტთ განვითარებას.


„ჩვენ მიერ არჩეული თითოეული სპიკერი თავის დარგის პროფესიონალია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უშრეტი ენთუზიაზმით და ვნებით უდგება თავის საქმეს, და ყველასგან გამორჩეული მიღწევების გაზიარება შეუძლიათ აუდიტორიისთვის, რაც მოტივაციით ავსებს მსმენელს“, - ამბობს გვანცა ფანჩულიძე - TedxTbilisi-ს საორგანიზაციო გუნდის წევრი.


TEDx თბილის 2019-ის დიზაინის კონცეფციაზე ციფრული და მედიამარკეტინგის სააგენტო კლიპარტმა იმუშავა. თავად დიზაინერის მიდგომა განსაკუთრებით საინტერესოს ხდის კონცეფციას.


და მაინც, როგორ შევიგრძნობთ ცხოვრებას? რა გვჭირდება იმისთვის, რომ ცხოვრებას შემოქმედებითად მივუდგეთ?


„სწორედ ამ კითხვებს გავყევი ღონისძიების კონცეფციაზე მუშაობის დროს“, - ამბობს პროექტის არტ-დირექტორი, თათუნა გვერდწითელი. „ადამიანის ხუთი ძირითადი გრძნობის ორგანო, რომლებიც სამყაროს აღქმაში გვეხმარება და ბუნებასთან ჰარმონიულ შერწყმაზეა პასუხისმგებელი. ძირეულ ხუთ გრძნობას ჩვენი მხრიდან მეექვსე გრძნობაც დავუმატეთ, რომელსაც პირობითად ინტუიცია დავარქვით, რადგან, მიგვაჩნია, რომ ამ ფორუმზე Tedx-ის სპიკერები სწორედ ამ ექვს გრძნობას აერთიანებენ“, - ამბობს თათუნა.


თავად სიმბოლოები, რომლებიც კონცეფციას გამოხატავს, სხვადასხვა ცნობილი ხელოვანის შემოქმედებიდან თემატურად შეირჩა. სტილიზებული სპირალი სამყაროს, ცხოვრების სიმბოლოა; ფერები შერჩეულია სხვადასხვა გრძნობის ორგანოსთან დაკავშირებული ჩაკრების ფერების მიხედვით; სპირალზე დახვეული ტექსტი, ვიზუალური დატვირთვის გარდა, შინაარსობრივადაც კიდევ უფრო გასაგებს ხდის კონცეფციას სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებისთვის.


„ცხოვრება უნივერსალურია და, გრძნობის ორგანოები კი ერთნაირ შანსებს გვაძლევს მის შესაცნობად ასე, რომ, ეს გზავნილია ადამიანებისთვის, რომ სამყაროს შესაცნობად მისი მოსმენა, დანახვა, შეხება, გემოს გაგება და სუნთქვაა საჭირო. საკუთარი ინტუიციის მიყოლა კი, ბევრი დამატებითი შეგრძნებით დაგვასაჩუქრებს“, - აღნიშნავენ შემოქმედებით გუნდში.


ცხოვრების ხელოვნებაზე საუბარმა ისეთი პროფესიების მქონე ადამიანები გააერთიანა, რომლებსაც გადაკვეთის ასეთი წერტილი, შესაძლოა, სხვა დროს არასდროს ჰქონოდათ. ადამიანები, რომლებსაც უამრავი რამ აქვთ სათქმელი ფართო საზოგადოებისთვის, დაგვარწმუნებენ, რომ ცხოვრების ხელოვნება ნებისმიერი რაკურსით ჩვენთვის ძალიან საინტერესო და ახლობელია და ამ მხრივ, თავიანთ აღმოჩენებსა და მიღწევებს გაგვიზიარებენ.



„მარკეტინგის ამოსავალი წერტილი არის კომუნიკაცია. ცხოვრებაც ესაა. მარკეტინგი, როგორც საქმიანობის პროფესიული დარგი მაინც ახალია. ცხოვრება გაცილებით ძველია, ბევრი რამ აქვს ცხოვრებას მარკეტინგისთვის გასაზიარებელი ვიდრე პირიქით“ - აღნიშნავს ერთ-ერთი სპიკერი, მარკეტოლოგი, მანუჩარ ჩიტიაშვილი.


„ვფიქრობ, რომ თემა, რომელსაც მე წარვუდგენ TEDx-ის მაყურებელს, ეხება ბავშვობაში დასმულ კითხვებზე პასუხების ძიების პროცესს. მე მსმენელს გავუზიარებ ჩემს გზას ბავშვობაში, ზაფხულის ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე ყურებისას გაჩენილი ფიქრებიდან, იმ საკითხებამდე, რომლებზეც დღეს ვმუშაობ”, - ამბობს კიდევ ერთი სპიკერი, გიორგი თუმანიშვილი, რომლის თემაც „მეხსიერების აციფვრა და უკვდავებაა“.


ცხოვრების ხელოვნებაზე ინტელექტუალური საუბრების უცვლელი პარტნიორი და სპონსორი საქართველოს ბანკია, რომელიც საქართველოში დაწყების დღიდან გვერდში უდგას TEDxTbilisi-ს.


სხვა სიახლეები