• Ƀ/$

ბაქოში ქართულ-აზერბაიჯანული უნივერსიტეტის იდეა გაჟღერდა

6 დეკემბერი 14:11, 2019 წელი | ანალიტიკა

აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივი უნივერსიტეტის შექმნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

ამის შესახებ აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ფუად მურადოვმა, მმართველი პარტიის „ენი აზერბაიჯანის“ შტაბ-ბინაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, განაცხადა.


მისი თქმით, დამატებით მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებისთვის აზერბაიჯანულ უნივერსიტეტებში სპეციალური სასწავლო კვოტების გამოყოფის თაობაზე.


„კვოტების გამოყოფა შემდეგ წელს იგეგმება. ჩვენმა განათლების სამინისტრომ სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელსაც მთავრობას წარუდგენს. ვიცით რა პრობლემები არსებობს აზერბაიჯანელებით დასახლებულ საქართველოს ტერიტორიაზე და ამ მიმართულებით რა სამუშაოებია ჩასატარებელი“, - განაცხადა მურადოვმა.


მან საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელ სკოლის მოსწავლეების სასწავლო მასალებით დახმარების საკითხზეც ისაუბრა.


„როგორც მოგეხსენებათ განათლების სამინისტრო აგზავნის სახელმძღვანელოებს საქართველოში და ამ სასწავლო მასალის რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი“, - აღნიშნა მურადოვმა.


კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დღესდღეობით მსჯელობის საგანია პედაგოგთა ლიმიტი, რადგან უმრავლესი მათგანი ხანდაზმულია და ამიტომ ზოგიერთ აზერბაიჯანულენოვან სკოლაში მასწავლებელთა არასაკმარისი რაოდენობაა.


საუბრის ბოლოს, მურადოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებაში თითქმის დაასრულეს „თანამემამულეთა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონპროექტის მომზადება, რომელიც 2020 წლის 9 თებერვალს რიგგარეშე არჩევნების შემდეგ შეკრებილ ახალ „მილი მეჯლისს“ წარედგინება განსახილველად.


აზერბაიჯანელები საქართველოში ძირითადად ოთხ რეგიონში არიან წარმოდგენილები - ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში. მათგან ყველაზე დიდი რაოდენობა ქვემო ქართლშია, სადაც პროცენტული მაჩვენებელი 41,75%-ს აღწევს. რაიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მარნეულშია (83,77%), შემდეგ მოდის დმანისი (65,46%), ბოლნისი (63,38%) და გარდაბანი (43,53%).


არის ტენდენცია, რომ საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდობა უმაღლესი განათლების მისაღებად უმეტესად მეზობელ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მიემგზავრებიან. ამავდროულად საქართველოს სახელმწიფომ 2010 წლიდან დაიწყო პროგრამა, რომლის მიხედვით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ საშუალება უმაღლესი განათლება მიიღონ საქართველოში გამარტივებული წესით, ე.წ. 1+4 პროგრამით. ამ პროგრამის გამოყენებით ახალგაზრდები 1 წლის მანძილზე გადიან ქართულ ენაში მომზადების კურსს და შემდგომ 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში აგრძელებენ სწავლას მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.


შესაბამისად, უკანასკნელ წლებში საკმაოდ გაიზარდა ეთნიკურ უმცირესობათა სტუდენტების რაოდენობა საქართველოს უნივერსიტეტებში, რაც ხელს უწყობს მათ, როგორც საქართველოს მოქალაქეობის მეტ აღქმას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ მონაწილეობას.


 


ავტორი: რატი ერისთავი - M2B-ის ანალიტიკოსი


 


სხვა სიახლეები